ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება
ციფრული განათლების ტრანსფორმაციისათვის
ავტორი: მარიკა სიხარულიძე,
ციფრული წიგნიერების მკვლევარი
შესავალი
ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა განვითარებამ, განსაკუთრებით კი მსხვილი ენობრივი მოდელებისა (ინგლ. Large Language Models) და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (ინგლ. Generative Artificial Intelligence) ტექნოლოგიურ ასპარეზზე გამოჩენამ, დღის წესრიგში დააყენა ტრადიციული ციფრული წიგნიერების არსის ფუნდამენტური გადახედვის აუცილებლობა (UNESCO, 2023; Luckin, 2021). ეს პროცესი გულისხმობს არამხოლოდ ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების განახლებას, არამედ მოიცავს ეთიკური, სოციალური და პოლიტიკური მიდგომებისა და პრინციპების ძირეულ გადაფასებასაც (Crawford, 2021; Floridi, 2019).
წინამდებარე პუბლიკაცია იკვლევს ტრანზიციის პროცესს ციფრული წიგნიერებიდან (ინგლ. Digital Literacy) ხელოვნური ინტელექტის წიგნიერებისკენ (AI Literacy) დაამავდროულად, ასახავს ხელოვნური ინტელექტის მოქალაქეობის შესახებ განათლების (ინგლ. AI Citizenship Education) მზარდ აუცილებლობას (Long & Magerko, 2020; Rudge & Facer, 2023). იმ პირობებში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მეტად განაპირობებს პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და სოციოკულტურულ დინამიკას, კრიტიკულია ისეთი უნარების განვითარება, რომლებიც მოიცავს ტექნოლოგიების ეთიკურ დისკურსს, ემსახურება ალგორითმული ცნობიერების დანერგვას და მოქალაქეთა აქტიურ მონაწილეობას ხელოვნური ინტელექტის სამომავლო განვითარებაში (Zimmer & Kinder-Kurlanda, 2021; Markham, 2021; Boddington, 2017).
ნაშრომი ასახავს ხელოვნური ინტელექტის კონტექსტში მოქალაქეთა უფლებებისა და ვალდებულებების გადაფასების აუცილებლობას და მიუთითებს იმ გამოწვევებზე, როგორებიცაა ტექნოლოგიებით გაღვივებული უთანასწორობა, ალგორითმული ზედამხედველობა (თვალთვალი), დეზინფორმაციასთან გამკლავება და ინტელექტუალური მანქანების ეპოქაში განათლების ტრანსფორმაცია (Eubanks, 2018; Zuboff, 2019; Selwyn, 2019).
1. ციფრული წიგნიერებიდან ხელოვნური ინტელექტის წიგნიერებამდე
ციფრული წიგნიერება ტრადიციულად გულისხმობდა ინტერნეტში ნავიგაციის უნარს, სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებასა და ონლაინ კომუნიკაციის ფუნქციურ კომპეტენციებს, როგორებიცაა ელექტრონული ფოსტის გაგზავნა ან საძიებო სისტემების გამოყენება (Belshaw, 2012; Buckingham, 2015) და სხვა. დღეს ეს უნარები კვლავ აქტუალურია, თუმცა აღარაა საკმარისი. ხელოვნური ინტელექტის დაჩქარებულმა განვითარებამ მოითხოვა წიგნიერების ახალი, გაფართოებული ფორმის დანერგვა, რომელიც ითვალისწინებს არამხოლოდ ტექნოლოგიების გამოყენებას, არამედ მათი ზეგავლენის სიღრმისეულ გააზრებას (UNESCO, 2023; Livingstone et al., 2021), რაც ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების ქვაკუთხედს წარმოადგენს.
ხელოვნური ინტელექტის სისტემების მზარდი სირთულე იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანი აღარაა მათი პასიური მომხმარებელი. ის ექვემდებარება ალგორითმების, მანქანური სწავლებისა და კრებითი მონაცემებს (ინგლ. Big Data) ზეგავლენას. ამ ზეგავლენის დაძლევა დაკავშირებულია იმ სტრუქტურების კრიტიკულ ანალიზთან, რომლებიც ტექნოლოგიურად მართავენ გადაწყვეტილებების მიღებას, ზეგავლენას ახდენენ საჯარო აზრის ფორმირებაზე და ზემოქმედებენ სოციალურ-პოლიტიკურ დინამიკაზე (Andrejevic, 2020; Selwyn, 2019; Williamson & Eynon, 2020).
ამგვარად, ტრადიციული ციფრული წიგნიერებიდან ხელოვნური ინტელექტის წიგნიერებაზე გადასვლა არ არის მხოლოდ ტექნიკური პროგრესი. ეს პროცესი დაკავშირებულია ტექნოლოგიების მიმართ ჩვენი დამოკიდებულების ფუნდამენტურ ტრანსფორმაციასთან. ხელოვნური ინტელექტი აღარაა მხოლოდ ინსტრუმენტი, ის უკვე იქცა ძლიერ სოციალურ, პოლიტიკურ და ეთიკურ ძალად, რომელიც განაპირობებს ჩვენს ყოველდღიურ რეალობას (Crawford, 2021; Boddington, 2017). შესაბამისად, ამ ყოველივემ გამოხმაურება უნდა ჰპოვოს განათლების პოლიტიკის განსაზღვრაზეც.
საგულისხმოა, რომ ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება მოიცავს შემდეგ სფეროებს:
- ალგორითმული წიგნიერება - რომელიც მოიცავს ალგორითმების ფუნქციონირების სიღრმისეულ ცნობიერებას;
- მონაცემთა წიგნიერება - რაც გულისხმობს მონაცემთა სანდო და კრიტიკულ ანალიზს;
- ეთიკური მსჯელობა - რომელიც ეხება სამართლიანობის, კონფიდენციალურობის და ანგარიშვალდებულების საკითხებს;
- კრიტიკული აზროვნება - რაც უზრუნველყოფს ალგორითმული სისტემების ფსიქოლოგიური და სოციალური კონტექსტის გააზრებას.
შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტი წიგნიერება გულისხმობს კომპეტენციას, რომელიც აერთიანებს როგორც ტექნიკურ ცოდნას, ისე ეთიკურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ ცნობიერებას. განათლების სისტემის მოვალეობაა შექმნას დისკურსი, რომელიც არამხოლოდ ასწავლის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, არამედ ყურადღებას გაამახვილებს მის ზეგავლენასა და სარგებლიანობაზე სხვადასხვა სფეროებში, როგორებიცაა, ჯანდაცვა, ფინანსები, მასმედია, სამართალი, ეკონომიკა და სხვა.
2. ხელოვნური ინტელექტის მოქალაქეობა
ხელოვნური ინტელექტის მოქალაქეობა, რომელიც ეფუძნება ციფრული წიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის გაერთიანებულ საგანმანათლებლო ცნებებს, გულისხმობს არამხოლოდ ტექნიკურ ცოდნას, არამედ განპირობებულია ეთიკური და სამოქალაქო ჩართულობით (Floridi & Cowls, 2022; Rudge & Facer, 2023). ის მოითხოვს საზოგადოების წევრების აქტიურ მონაწილეობას ხელოვნური ინტელექტის შექმნაში, რეგულირებასა და გამოყენებაში, რათა საზოგადოებამ უზრუნველყოს გამჭვირვალობა, თანასწორობა და მაღალი ეთიკური სტანდარტები ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებაში (Jobin, Ienca, & Vayena, 2019; Mittelstadt, 2019). აღნიშნული პროცესები ასევე მოითხოვს მონაცემთა დაცვაზე ორიენტირებულ მიდგომებს, დისკრიმინაციის პრევენციას და სისტემების ანგარიშვალდებულებას მოქალაქეების წინაშე.
ხელოვნური ინტელექტის მოქალაქეობა გულისხმობს ისეთი საკითხების კრიტიკულ გააზრებას, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული ზედამხედველობა (თვალთვალი), რამაც, შესაძლოა, დაარღვიოს კონფიდენციალურობა და მისცეს სახელმწიფოებს, ან კორპორაციებს მოქალაქეების მრავალგანზომილებიანი კონტროლის შესაძლებლობა (Zuboff, 2019; Eubanks, 2018; Andrejevic, 2020). ეს საკითხი მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა მოქალაქეთა ინტელექტუალური თავისუფლება, კონფიდენციალურობა და ძალაუფლების კონცენტრაციისა და კონტროლის პრევენცია, რაც, თავის მხრივ, დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ქვაკუთხედია.
3. ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტებში
ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების ინტეგრირება საჭიროებს პოლიტიკურ ხედვას, რომელიც ამ კომპეტენციას განიხილავს როგორც გადამწყვეტს XXI საუკუნის მოქალაქის აღზრდის პროცესში (Luckin, 2021; UNESCO, 2023) . სახელმწიფო უწყებების მიერ დანერგილი საგანმანათლებლო პოლიტიკა უნდა მოიცავდეს ჩარჩო-დოკუმენტებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების კომპონენტის სისტემატიზებას უწყობენ ხელს. ამგვარ მიდგომას შეუძლია ხელი შეუწყოს მეტი თანასწორობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას განათლებაში (OECD, 2020; Floridi & Cowls, 2022). შედეგად, ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება აღარ რჩება ელიტური ცოდნის სფეროდ. ის ხდება ყოვლისმომცველი, ინკლუზიური საჯარო რესურსი დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ხელშესაწყობად.
4. საერთაშორისო საგანმანათლებლო პოლიტიკა
ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების განვითარება არ წარმოადგენს მხოლოდ პედაგოგიკურ ინიციატივას — იგი პოლიტიკურ დონეზე განიხილება, როგორც სამოქალაქო კომპეტენციების განმსაზღვრელი და დემოკრატიული მდგრადობის მხარდამჭერი მექანიზმი, რაც ცხადად აისახება საერთაშორისო სტრატეგიებსა და ჩარჩოებში, რომლებიც მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ისე ეთიკურ და სამართლებრივ განზომილებებს:
UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების ჩარჩო და ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების მხარდაჭერა
UNESCO-ს მიერ შემუშავებული მედია და ინფორმაციული წიგნიერების (ინგლ. Media and Iinformation Literacy) გლობალური ჩარჩო ბოლო წლებში გაფართოვდა და ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების კომპონენტებიც დაფარა. 2023 წელს გამოქვეყნებულ დოკუმენტში „Guidance for Generative AI in Education and Research“ ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების სამი ძირითადი ღერძი განისაზღვრა (UNESCO, 2023):
- ცოდნა ტექნოლოგიების შესახებ;
- ეთიკური შეფასება;
- აქტიური სამოქალაქო მონაწილეობა.
ზემოხსენებული ჩარჩოს ფარგლებში, UNESCO მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს ჩამოაყალიბონ ისეთი საგანმანათლებლო პოლიტიკა, რომელიც მოიცავს ალგორითმული გავლენის გააზრებას, მონაცემთა პრივატულობასა და ინფორმაციული თავისუფლების დაცვას.
ევროკავშირის 2021–2027 სამოქმედო გეგმა AI წიგნიერების გაძლიერებისთვის
ევროკავშირის ციფრული განათლების სამოქმედი გეგმა (ინგლ. Digital Education Action Plan) - 2021–2027, საფუძვლიანად მოიცავს ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების კომპონენტს, როგორც სავალდებულო კომპეტენციას ევროპელი მოქალაქეებისთვის. სამოქმედო გეგმის თანახმად, ევროკავშირის მიზანია შექმნას ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების ჩარჩო, რომელიც იქნება ინტერდისციპლინური, ეთიკური და პრაქტიკული. აქცენტი გაკეთდება, როგორც მასწავლებელთა გადამზადებაზე AI თემატიკაში, ასევე საჯარო რესურსებზე და ინკლუზიური პოლიტიკის ხელშეწყობაზე, რომელიც უზრუნველყოფს AI წიგნიერების ხელმისაწვდომობას მოწყვლადი ჯგუფებისთვისაც (European Commission, 2021). ინიციატივა ასევე გულისხმობს ფართომასშტაბიან თანამშრომლობას კერძო და აკადემიურ სექტორებს შორის.
ევროკომისია ხაზგასმით აღნიშნავს ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების მნიშვნელობას, როგორც ერთ-ერთ მთავარ კომპეტენციას ციფრულ ეპოქაში (European Commission, 2021). პროგრამა მიზნად ისახავს:
- მასწავლებელთა გადამზადებას AI-ის ეთიკურ, სოციალურ და ტექნიკურ ასპექტებში;
- სკოლის კურიკულუმების მხარდაჭერას მრავალენოვანი რესურსებით;
- დემოკრატიული ჩართულობის გაძლიერებას, რათა მოქალაქეები მონაწილეობდნენ AI-ის მართვასა და რეგულირებაში.
ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოები: ეთიკა და სამართლებრივი ჩარჩო
ევროპის საბჭოს რეკომენდაციები განათლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თაობაზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა დაცვის, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციული მიდგომების მნიშვნელობაზე. 2022 წლის ფუნდამენტურ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ AI წიგნიერება უნდა განისაზღვროს როგორც დემოკრატიული სამოქალაქო კომპეტენცია, რომელიც მოიცავს სისტემური ანალიზის უნარებს, კრიტიკულ აზროვნებას და სამოქალაქო უფლებების ცოდნას (Council of Europe, 2022). სახელმძღვანელო ხაზს უსვამს იმასაც, რომ სახელმწიფოებმა უნდა შექმნან ქმედითი მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ალგორითმული მიკერძოების იდენტიფიცირებას, პროცესების გამჭვირვალობასა და ინდივიდის სუბიექტურობის შენარჩუნებას ციფრულ გარემოში.
5. ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების დანერგვა სასწავლო პროგრამებში - საერთაშორისო გამოცდილება
მსოფლიოში განათლების სისტემები სულ უფრო მეტად ემხრობიან ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების აღიარებას სასწავლო პროგრამების განუყოფელ ნაწილად, რათა მომავალი თაობები მოვამზადოთ სწარაფად განვითარებადი ციფრული გარემოსთვის, ალგორითმების, კრებითი მონაცემებისა და ავტომატიზებული გადაწყვეტილებების სამყაროში. სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურები ერთობლივად ცდილობენ განავითარონ ინკლუზიური, ეთიკურად ორიენტირებული და ტექნიკურად კომპეტენტური მოქალაქეობა, რომელიც მოერგება ხელოვნური ინტელექტის სწრაფად ცვალებად ეკოსისტემას. ამ კუთხით წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს:
სინგაპური - ეროვნული სტრატეგია და ასაკზე მორგებული სწავლება
სინგაპური იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც შექმნა ეროვნული ჩარჩო-დოკუმენტები სახელწოდებით AI for Everyone და AI for Students, რომლებიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების გავრცელებას დაწყებითი სკოლის საფეხურიდან საუნივერსიტეტო საფეხურამდე (Smart Nation, 2020). მოსწავლეები ეცნობიან ისეთ ძირითად ცნებებს, როგორებიცაა:
- როგორ სწავლობს AI მანქანა მონაცემებს;
- როგორ ვლინდება მიკერძოება ალგორითმებში;
- როგორ უნდა შეფასდეს AI-დამოკიდებული გადაწყვეტილებები ეთიკური თვალსაზრისით.
სინგაპურში ასევე მოქმედებს მასწავლებლების გადამზადების სპეციალიზებული პროგრამა, რათა სხვადასხვა საგნის პედაგოგებმა თავი გაართვან ინოვაციური სწავლების მეთოდებს ხელოვნური ინტელექტის სფეროში.
ფინეთი - წიგნიერების მასობრივი დემოკრატიზაცია
ფინეთის Elements of AI პროგრამა, რომელიც შეიქმნა ჰელსინკის უნივერსიტეტისა და ტექნოლოგიური კომპანია Reaktor-ის თანამშრომლობით, წარმატებული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის საფუძვლების სწავლება გახდეს მასობრივი განათლების ნაწილი (Reaktor & University of Helsinki, 2018). კურსი უკვე 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიარა 170-ზე მეტ ქვეყანაში. ის ხელმისაწვდომია უფასოდ და ითარგმნა 20-ზე მეტ ენაზე.
ფინეთში თავად სკოლებმაც დაიწყეს ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების მასობრივი საგნობრივი ინტეგრაცია: მაგალითად, ინფორმატიკის კურიკულუმს დაემატა მოდულები, რომლებიც ეხება ალგორითმულ ლოგიკას, მონაცემთა ანალიზს და ეთიკურ საკითხებს ხელოვნური ინტელექტის შესახებ.
კანადა - სკოლებში ეთიკის და ტექნოლოგიის შერწყმა
კანადაში, კერძოდ ონტარიოს პროვინციაში, განათლების სამინისტრომ შეიმუშავა Artificial Intelligence in the K–12 Classroom სახელმძღვანელო, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული აზროვნებისა და ეთიკური ცნობიერების განვითარებას ხელოვნური ინტელექტის თემებთან დაკავშირებით (Ontario Ministry of Education, 2021). პროგრამა მოიცავს:
- პრაქტიკულ პროექტებს მანქანური სწავლებისა და მონაცემების ანალიზის გამოყენებით;
- დისკუსიებს ტექნოლოგიების მიუკერძოებლობის თემაზე და პერსონალურ მონაცემებზე;
- მრავალსაფეხურიან მიდგომას, რომელიც ადაპტირებულია ასაკობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით.
ინდოეთი - ფართომასშტაბიანი ინიციატივა
ინდოეთის Responsible AI for Youth ინიციატივა, რომელიც ხორციელდება ინდოეთის ელექტრონიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს 11-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების საფუძვლების სწავლებას, განსაკუთრებით სახელმწიფო სკოლებში და ეკონომიკურად მოწყვლად რეგიონებში. პროგრამაში გაერთიანებულია:
- ყველასათვის ხელმისაწვდომი ციფრული პლატფორმა;
- მასწავლებლების გადამზადების პროგრამა;
- გუნდური პროექტები, სადაც AI ბაზაზე მოსწავლეები ქმნიან გადაწყვეტებს სოციალური პრობლემების გადასაჭრელად (მაგ. წყლის დაბინძურების კონტროლი ან სოფლის მეურნეობის ავტომატიზაცია);
- მიდგომა, რომელიც აერთიანებს ტექნიკურ უნარებს, კრიტიკულ აზროვნებას და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას.
6. დიდაქტიკური მიდგომები მრავალმხრივი წიგნიერებისთვის
პედაგოგიური პრაქტიკა, რომელიც ემყარება მრავალწახნაგოვან მულტიმოდალურ წიგნიერებას, განამტკიცებს სკოლებში პრაქტიკულ ჩართულობას ალგორითმებისა და AI სისტემების შექმნასთან, ტესტირებასთან და ეთიკურ შეფასებასთან (Long & Magerko, 2020; Williamson & Eynon, 2020) მიმართებაში. მოსწავლეებმა სწავლების პროცესში უნდა აითვისონ არამხოლოდ ტექნიკური უნარები, არამედ ისეთი პრაქტიკები, როგორებიცაა “ეთიკური დიზაინის ჩარჩო” (ინგლ. Ethics-by-Design) და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვა (Markham, 2021; Mittelstadt, 2019). ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების დანერგვა უნდა მოხდეს ინტერდისციპლინურ გარემოში, სადაც ერთიანდება ტექნოლოგიები, სამოქალაქო განათლება (ეთიკა და ადამიანის უფლებები), სოციალურ მეცნიერებები და ხელოვნება (Andrejevic, 2020; Selwyn, 2019). ეს სინთეზი საშუალებას მოგვცემს შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო მოდულები, რომლებიც მიმართულია ვარიაციული სცენარების შექმნაზე, ეთიკური დილემების სიმულაციაზე და დისკუსიების წარმართვაზე. მხოლოდ ამგვარმა მრავალწახნაგოვანმა ინტეგრაციამ შეიძლება უზრუნველყოს კომპლექსური ხედვა ხელოვნური ინტელექტისა და მისი გავლენის მრავალფეროვნებაზე (Floridi, 2019; Williamson & Eynon, 2020).
შეჯამება
ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების განათლების სფეროში დანერგვა მხოლოდ ტექნოლოგიური ან საგანმანათლებლო ტრანსფორმაცია როდია. ის წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და სამოქალაქო ინვესტიციას, რომელიც ეფუძნება გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას, ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიული ღირებულებების რეალიზაციას (Jobin et al., 2019; Crawford, 2021). განათლების სისტემამ და სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ეს ცვლილებები, რათა მომავალი თაობა მომზადებული შეხვდეს ინდუსტრიულ, სოციალურ და ეთიკურ გამოწვევებს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. ამ მიდგომებით, ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება იქცევა საგანმანათლებლო პოლიტიკის და მოქალაქეობრივი ჩართულობის უძლიერეს ინსტრუმენტად.
საბოლოოდ, ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების კომპეტენიცად ჩამოყალიბება არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ან საგანმანათლებლო ცვლილება. ის მოითხოვს ადამიანის ღირსების, დემოკრატიული სიცოცხლისუნარიანობისა და ეთიკური მმართველობის ცნებების დაცვას დღევანდელ ცვალებად საინფორმაციო სივრცეში (Crawford, 2021; Floridi & Cowls, 2022; Williamson & Eynon, 2020).
გამოყენებული წყაროები
- Andrejevic, M. (2020). Automated Media. Routledge.
- Belshaw, D. (2012). The Essential Elements of Digital Literacies. self-published.
- Boddington, P. (2017). Towards a Code of Ethics for Artificial Intelligence. Springer.
- Buckingham, D. (2015). Defining Digital Literacy: What Do Young People Need to Know About Digital Media? Nordic Journal of Digital Literacy, 10.
- Council of Europe. (2022). Guidelines on Artificial Intelligence in Education. Council of Europe.
- Crawford, K. (2021). Atlas of AI: Power, Politics, and the Planetary Costs of Artificial Intelligence. Yale University Press.
- Eubanks, V. (2018). Automating Inequality: How High-Tech Tools Profile, Police, and Punish the Poor. St. Martin’s Press.
- European Commission. (2021). Digital Education Action Plan 2021–2027. European Commission.
- Floridi, L. (2019). Establishing the rules for building trustworthy AI. Nature Machine Intelligence, 1(6), 261–262.
- Floridi, L., & Cowls, J. (2022). A Unified Framework of Five Principles for AI in Society. Harvard Data Science Review.
- Jobin, A., Ienca, M., & Vayena, E. (2019). The global landscape of AI ethics guidelines. Nature Machine Intelligence, 1(9), 389–399.
- Livingstone, S., Stoilova, M., & Nandagiri, R. (2021). Children’s Data and Privacy Online: Growing Up in a Digital Age. Oxford University Press.
- Long, D., & Magerko, B. (2020). What is AI Literacy? Competencies and Design Considerations. Proceedings of the 2020 CHI Conference.
- Luckin, R. (2021). AI and education: A critical view through the lens of human intelligence. OECD Education Working Papers.
- Mittelstadt, B. (2019). Principles alone cannot guarantee ethical AI. Nature Machine Intelligence, 1(11), 501–507.
- OECD. (2020). Education in the Digital Age: International Perspectives on AI Literacy. OECD Publishing.
- Ontario Ministry of Education. (2021). Artificial Intelligence in the K–12 Classroom. Ontario Ministry of Education.
- Rudge, L., & Facer, K. (2023). AI Citizenship: Developing the AI Literacy of Young People for Democratic Participation. British Journal of Educational Technology.
- Selwyn, N. (2019). Should Robots Replace Teachers? AI and the Future of Education. Polity Press.
- UNESCO. (2023). Guidance for Generative AI in Education and Research. United Nations Educational, Scientific and Cultural Organization.
- Williamson, B., & Eynon, R. (2020). Historical Threads, Missing Links, and Future Directions in AI in Education. Learning, Media and Technology, 45(3), 223–235.
- Zimmer, M., & Kinder-Kurlanda, K. (2021). Internet Research Ethics for the Social Age: New Challenges, Cases, and Contexts. Peter Lang
- Zuboff, S. (2019). The Age of Surveillance Capitalism: The Fight for a Human Future at the New Frontier of Power. PublicAffairs.