სოციალური „ინფლუენსერების“ ფენომენი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის. ეს ტერმინი მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან Influence, რაც ქართულ ენაზე გავლენას ნიშნავს. შესაბამისად, ინფლუენსერები ეწოდებათ ადამიანებს, რომლებსაც მრავალი მიმდევარი ჰყავთ სოციალური მედიის ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა Instagram, YouTube და TikTok, და გავლენას ახდენენ ჩვენს მოსაზრებებზე, გადაწყვეტილებებსა და ემოციურ კეთილდღეობაზეც კი. ისინი საკუთარ პოზიციას თავიანთ მიმდევრებში კონკრეტული პროდუქტის, სერვისისა და იდეების პოპულარიზაციისთვის იყენებენ და, ამ მიზნით, სხვადასხვა კომპანიის მარკეტინგულ კამპანიებშიც აქტიურად მონაწილეობენ.
ინფლუენსერები განსხვავდებიან პლატფორმით, რომელსაც იყენებენ, მიმდევრების რაოდენობითა და გამოქვეყნებული შინაარსის ტიპით. შესაძლებელია, მათ ჰყავდეთ მიმდევრების ძალიან დიდი რაოდენობა - მაგალითად, მუსიკის ან კინოს ვარსკვლავები, ან უფრო მცირე - კერძოდ, როდესაც საქმე ეხება ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან კონკრეტულ სფეროზე, როგორებიცაა თამაშები, კოსმეტიკა, მოგზაურობა, მოდა, ცეკვა და ა.შ.
სოციალური ინფლუენსერების ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია არის ვირუსული შინაარსის შექმნა - ეს შეიძლება იყოს სასაცილო ვიდეო, გამაღიზიანებელი ამბავი ან საკამათო აზრი, რომელიც სწრაფად და ფართოდ ვრცელდება სოციალური მედიის პლატფორმებზე. სოციალური ინფლუენსერები ამ ტიპის შინაარსს ქმნიან იმ მიზნით, რომ გაზარდონ საკუთარი მიმდევრების რაოდენობა და ჩართულობა. ასევე, შინაარსის ოპტიმიზაციისთვის, ისინი ალგორითმებსაც იყენებენ. ალგორითმი არის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აანალიზებს მომხმარებლის ქცევასა და პრეფერენციებს, რათა თითოულ მომხმარებელს პერსონალიზებული შინაარსი შესთავაზოს.
ხშირად, ბავშვები და ახალგაზრდები ინფლუენსერებს მიიჩნევენ სანდო და სამაგალითო ადამიანებად მათი ცხოვრების წესის, გამოცდილების, ჩაცმის სტილის, იუმორის, აქტივიზმისა თუ სხვა მახასიათებლების გამო. YouTube და TikTok არის ის ორი ძირითადი პლატფორმა, რომლებსაც ბავშვები და ახალგაზრდები იყენებენ. მშობლების უმეტესობა კი, არც თუ ისე აქტიურად ან განსხვავებული დანიშნულებით იყენებს მათ. ამიტომაც, შეიძლება გამოწვევად იქცეს იმის გაგება, თუ რატომ აქვთ ინფლუენსერებს ამხელა მნიშვნელობა ბავშვებისთვის.
ინფლუენსერებს შეუძლიათ დადებითი გავლენა მოახდინონ თავიანთ მიმდევრებზე სოციალურად სასურველი ქცევისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისების გზით. როგორც წესი, ინფლუენსერებს საკუთარი ინტერესების შესაბამისი ვიწრო ნიშები აქვთ და მიმდევრებში ცნობიერებას ამაღლებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა, მაგალითად, ზოგადი ფიზიკური ჯანმრთელობა ან გარემოსდაცვითი და სოციალური სამართლიანობა. ზოგიერთ შემთხვევაში, პოზიტიური გავლენა აისახება ონლაინ საზოგადოებების ჩამოყალიბებაშიც, რაც თანამოაზროვნეთა ჯგუფთან გვაკავშირებს და მარტოობის განცდას გვიქარწყლებს. მსოფლიო ვარკსვლავებისაგან განსხვავებით, რომლებიც ნაკლებად ხელშესახებნი არიან რიგითი ადამიანისთვის, TikTok და YouTube ინფლუენსერები ღიად საუბრობენ სხვადასხვა პირად თემაზე და, ამდენად, უფრო ახლო ურთიერთობას ამყარებენ საკუთარ მიმდევრებთან.
აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი ინფლუენსერი საკუთარ გავლენას ისეთი ნეგატიური გზავნილების გასავრცელებლად იყენებს, როგორებიცაა სხეულის შერცხვენა, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია. გარდა ამისა, შესაძლოა, ინფლუენსერებმა წაახალისონ მოწევა, დალევა ან, თუნდაც, დანაშაულებრივი ქმედებები. ინფლუენსერების მიერ განთავსებულმა შინაარსმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს ფსიქოლოგიურ და ემოციურ კეთილდღეობაზე, ისევე, როგორც თვითაღქმაზე.
გარდატეხის წლებში, ახალგაზრდები ციფრულ მედიას მიმართავენ, რათა იპოვონ სოციალური ნორმები, შეადარონ თავიანთი ქცევა სხვების ქცევას და იპოვონ საკუთარი წრე. თუ ინფლუენსერები გარეგნობის ან ცხოვრების წესის არარეალისტური და არამდგრადი სტანდარტების პროპაგანდას დაიწყებენ, ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მათ მიმდევრებზე და გამოიწვიოს დაუცველობის, საკუთარი სხეულით უკმაყოფილებისა და შფოთვის განცდა. იმის განსაზღვრა, თუ რომელ ინფლუენსერს გავყვეთ, შეიძლება რთული ამოცანა იყოს. თუმცა, მნიშვნელოვანია, ვაკონტროლოთ შინაარსი, რომელსაც ბავშვები მოიხმარენ ციფრული მედიის საშუალებით და ჩამოვაყალიბოთ შვილებთან ღია ურთიერთობა, რათა ინფლუენსერების გავლენა პოზიტიური ცვლილებებისთვის გამოვიყენოთ.
წყარო: ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია. (2022). მედია და ციფრული წიგნიერება. https://www.osce.org/mission-to-montenegro/529791