ამერიკელი ექსპერტი, რენე ჰობსი, თავის წიგნში „ციფრული და მედია წიგნიერება: კულტურისა და საკლასო ოთახის დაკავშირება“ (2011) წარმოადგენს 5-ნაბიჯიან მოდელს, რომელიც მასწავლებლებს საკლასო ოთახში კრიტიკული აზროვნების განვითარებაში ეხმარება. ჰობსის მოდელი მოიცავს 5 საკომუნიკაციო კომპეტენციას ან ნაბიჯს, რასაც ავტორი "ციფრული და მედია წიგნიერების ძირითად განზომილებებსაც" უწოდებს. აღნიშნული პროცესი იწყება ინფორმაციაზე წვდომით, ხოლო შემდგომი ნაბიჯები, ინფორმაციის ანალიზის, შექმნის, დაფიქრებისა და მოქმედების კომპეტენციებს აერთიანებს.
1. წვდომა: ჰობსი მიიჩნევს, რომ ინფორმაციაზე წვდომა მედია და ციფრული წიგნიერების საფუძველია. ინფორმაციაზე წვდომის კომპეტენცია გულისხმობს საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და გაზიარების შესაძლებლობას მედიატექსტებისა და ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით. ამდენად, მედიაწიგნიერ მოსწავლეს უნდა შეეძლოს მისთვის საინტერესო ინფორმაციის ეფექტურად მოძიება.
2. ანალიზი: მეორე ნაბიჯი, რომელსაც ჰობსი გამოყოფს, მედიაშეტყობინებების მიზნის, ხარისხის, სამიზნე აუდიტორიის, სიზუსტის, სანდოობისა და პოტენციური შედეგების შეფასებას ითვალისწინებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი.
3. შექმნა: მესამე ნაბიჯი გულისხმობს მედიაშინაარსის შექმნის შესაძლებლობას კრეატიულობისა და თვითგამოხატვის პრინციპებისა და ინფორმაციის მიზნობრიობის გათვალისწინებით. თანამედროვე მედიაგარემოში, მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ არა მხოლოდ ინფორმაციის გონივრულად გამოყენება, არამედ, ეფექტური შინაარსის შექმნაც.
4. დაფიქრება: დაფიქრება გულისხმობს მედიაშეტყობინებებისა და ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გავლენის შეფასებას ჩვენს აზროვნებასა და ქმედებებზე. მოსწავლეები უნდა დაფიქრდნენ, თუ როგორ აისახება მათ მიერ გაგზავნილი მედია და ციფრული შეტყობინებები მათი ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე. რეფლექსიის უნარი ეხმარება ჩვენს მოსწავლეებს, გახდნენ მედია და ციფრული შინაარსის ჰუმანური მომხმარებლები და შემქმნელები, რაც მათ სამოქალაქო პასუხისმგებლობასაც ზრდის.
5. მოქმედება: ჰობსის მოდელის ბოლო ნაბიჯი/კომპეტენცია გულისხმობს ერთობლივი ძალისხმევით ოჯახში, სამუშაო სივრცესა თუ საზოგადოებაში არსებული პრობლემების გადაჭრასა და ინფორმაციის გაზიარებას. ეს ნაბიჯი ხელს უწყობს მოსწავლეების დაინტერესებას ადგილობრივი და გლობალური თემებით და მათი ლიდერული უნარების განვითარებას. მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ გლობალური პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობის მიღება ციფრული და ტრადიციული მედიის გამოყენებით და, ამავე დროს, გლობალური კავშირით სარგებლობა.
წყარო: ჰობს, რ. (2011). ციფრული და მედიაწიგნიერება: კულტურისა და საკლასო ოთახის დაკავშირება. კორვინის გამომცემლობა.