მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია „ჯანმრთელობას“ განმარტავს, არა როგორც დაავადების არქონის მდგომარეობას, არამედ, როგორც ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ სიჯანსაღეს. შესაბამისად, მენტალური ჯანმრთელობა უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე მხოლოდ მენტალური დარღვევის არარსებობა და მოიცავს ცხოვრებისეულ სტრესთან გამკლავების, პროდუქტიულობისა და საზოგადოებისათვის სარგებლის მოტანის შესაძლებლობებს.
ინტერნეტის გამოყენებას, პოზიტიურთან ერთად, ნეგატიური მხარეებიც ახლავს. მაგალითად, ერთი მხრივ, ინტერნეტის გამოყენებით, შესაძლებელი ხდება მრავალფეროვან ინფორმაციაზე წვდომა, ასევე, თანამოაზრეებისა და ახალი მეგობრების შეძენა, რაც ამცირებს მარტოსულობის განცდას. მეორე მხრივ კი, იზრდება პირადი ინფორმაციის გაზიარებასთან დაკავშირებული რისკები და, რიგ შემთხვევებში, მოზარდების რეალური სამყაროსგან გარიყვაც შეიძლება განაპირობოს. გარდა ამისა, შესაძლოა, ინტერნეტის გადაჭარბებულმა მოხმარებამ მოზარდები უფრო გააღიზიანოს, დააკარგვინოს ძილი, მადა, შეამციროს მათი ფიზიკური აქტივობა და გამოიწვიოს ისეთი სიმპტომების განვითარება, როგორებიცაა აღელვება, დეპრესიაა, სხვადასხვა მენტალური დარღვევა და კონტაქტის შეზღუდვა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან.
შესაძლებელია, მოზარდის მიერ ინტერნეტის გადაჭარბებული მოხმარება მიუთითებდეს იმაზე, რომ ჩვენს ოჯახურ სისტემაში რაღაც რიგზე ვერ არის და დამატებით ყურადღებას საჭიროებს. იდეალურ შემთხვევაში, ოჯახი არის ადგილი, სადაც თავს უნდა ვგრძნობდეთ უსაფრთხოდ, დაფასებულად, აღიარებულად, სიყვარულისა და ზრუნვის ობიექტად. როდესაც მოზარდები ამ მოთხოვნილებებს ვერ იკმაყოფილებენ ოჯახურ სისტემაში, მათთვის ინტერნეტი ანაცვლებს მშობელს.
იმის მაგივრად, რომ მშობლებმა სადამსჯელო ან ბავშვების გადარჩენის მისია აიღონ საკუთარ თავზე, უმჯობესი იქნება, შვილებს ავუხსნათ, თუ რას ნიშნავს ინტერნეტის მიზნობრივად და უფუნქციოდ გამოყენება. ვუთხრათ, რომ, მაგალითად, თუ მათი მეგობარი საავადმყოფოში მოხვდა და ვერ ვნახულობთ, შეგვიძლია ყურადღება ინტერნეტის მეშვეობით გამოვხატოთ. თუმცა, თუკი გამოჯანმრთელდა და ერთსა და იმავე ოთახში ვართ, სოციალიზაცია პირისპირ უნდა გაგრძელდეს, რაც ინტერნეტით კომუნიკაციის საჭიროებას გამორიცხავს.
მნიშვნელოვანია, რომ ინტერნეტს ძიძის ფუნქცია არ დავაკისროთ აღმზრდელობით პროცესში და თავი შევიკავოთ ტელევიზორის, კომპიუტერების, ტაბლეტებისა თუ ტელეფონების ჯილდოდ ან სასჯელად წამოჩენისაგან. არამედ, უმჯობესია, წავახალისოთ ამ საშუალებების საგანმანათლებლო მიზნებით გამოყენება, ბავშვებთან ერთად ვუყუროთ ტელევიზორს/ვისარგებლოთ ინტერნეტით და დავაკავშირით ვირტუალური სამყარო ბავშვების ყოველდღიურ სასწავლო გამოცდილებასთან, ავუხსნათ მათ ინტერნეტში ნავიგაციისათვის საჭირო უსაფრთხოების წესები და, რაც ყველაზე მთავარია, პირადი ქცევით მივცეთ მაგალითი.
წყარო: ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია. (2022). მედია და ციფრული წიგნიერება.
https://www.osce.org/mission-to-montenegro/529791