ComCom-მა საჩხერეში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო
18 სექ. 2025
2 ნახვა
ციფრული მხარდაჭერის პროგრამა

კომუნიკაციების კომისიამ საჩხერის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, საჩხერის მერიაში პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საჩხერის მერი, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების, ადმინისტრაციისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საჩხერის სამიზნე დასახლებების მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ სრულიად უფასოდ, ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებაში გადამზადდნენ და გაეცნონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, Google-ის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა. სემინარები ასევე ითვალისწინებს სერტიფიკატს. საჩხერეში პროგრამის სამიზნე სოფლებია: არგვეთი, ბახიოთი, ჭალა, ჭალოვანი, ჩიხა, დარყა, ღონა, იტავაზა, ჯალაურთა, ჯრია, კორბოული, ქვედა ორღული, ქვემო ხევი, მოხვა, ნიგვზარა, პერევი, სარეკი, ბაჯითი, შომახეთი, ცხამი. გადამზადების პროგრამაში მონაწილეობისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის ციფრულ ელჩს: ნინო გაფრინდაშვილს, 555 593 984.

„ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“, რომელსაც კომუნიკაციების კომისია საქართველოს რეგიონებში 2022 წლიდან აქტიურად ახორციელებს, ციფრულ წიგნიერებაში, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და სახელმწიფო ელექტრონული სერვისებით სარგებლობის საკითხებში უკვე 9200-მდე ბენეფიციარი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.