გენდერული დეზინფორმაცია და მისი გავლენა საზოგადოებაზე
20 იან. 2025
100 ნახვა

თანამედროვე ციფრული მედია პლატფორმების განვითარება ინფორმაციის მარტივად და სწრაფად გავრცელებას უწყობს ხელს, თუმცა, ამავდროულად, ახალ კომპლექსურ გამოწვევებსაც აჩენს. ერთ-ერთი ამგვარ გამოწვევას წარმოადგენს გენდერული დეზინფორმაცია (Gendered Disinformation), რომელიც ინტენსიურად არის წარმოდგენილი ტრადიციულ და ახალ მედიასივრცეებში.

გენდერული დეზინფორმაცია გულისხმობს სქესის საფუძველზე, მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ან დამახინჯებულ ინფორმაციას, რომელიც ძირითადად ქალებისკენ არის მიმართული. მისი მიზანია ქალების დისკრედიტაცია, სტიგმატიზაცია, საზოგადოებაში მათი როლის, გავლენის შემცირება და საერთო სოციალურ დისკურსში მათი შესაძლებლობების აღქმის ფორმირებაზე უარყოფითი ზეგავლენა. აღნიშნული ფენომენი არა მხოლოდ ქალების, როგორც ინდივიდების რეპუტაციას ლახავს, არამედ საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპების გაღრმავებას და უთანასწორობის გამყარებას უწყობს ხელს.

საგულისხმოა, რომ გენდერული დეზინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი სოციალურ ქსელებში მოქმედი ალგორითმებია, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებენ სკანდალურ ან/და ემოციურად დატვირთულ შინაარსს. ეს კი ხელს უწყობს დეზინფორმაციის სწრაფ და ფართომასშტაბიან გავრცელებას. დამატებით, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის ხშირად გამოიყენება ისეთი გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც ღრმად ფესვგადგმულია სოციუმში და გრძელვადიან გავლენას ახდენს საზოგადოების ცნობიერებაზე.

გენდერული დეზინფორმაციის, ისევე როგორც სხვა სახის დეზინფორმაციის პირისპირ, კრიტიკული აზროვნებისა და ინფორმაციის გადამოწმების უნარები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ამ გამოწვევის გადაჭრისთვის აუცილებელია მოქალაქეებში ამ უნარების განვითარება, რაც არამხოლოდ ქალთა მხარდაჭერას, არამედ თანასწორი და სამართლიანი საზოგადოების ფორმირებას შეუწყობს ხელს.

წყაროები:

Internet Governance Forum. Best Practice Forum on Gender and Digital Rights Exploring the Concept of Gendered Disinformation. ხელმისაწვდომია: https://intgovforum.org/en/filedepot_download/248/21181 

Women in Internation Security. An Overlooked Threat To Democracy? Gendered Disinformation About Female Politicians. ხელმისაწვდომია: https://wiisglobal.org/an-overlooked-threat-to-democracy-gendered-disinformation-about-female-politicians/