ავტორიზაცია
ხელოვნური ინტელექტის როლი განათლებაში
06 ნოე. 2023
427 ნახვა

ფილმშიდროის მანქანა”, რომელიც ეფუძნება ჰერბეტ უელსის ამავე სახელწოდების სამეცნიერო ფანტასტიკურ რომანს, მთავარი პერსონაჟი ალექსანდრ ჰარტდეგენი იმოგზაურებს 2030 წელში, სადაც წააწყდება ნიუ-ორკის საჯარო ბიბლიოთეკის მოწინავე კომპიუტერულ სისტემას. ინტერაქტიული ჰოლოგრამა, სახელწოდებით ვოქსი, აცხადებს, რომ აქვს წვდომა მთელს ადამიანურ ცოდნაზე. ვოქსი დროში მოგზაურს უზიარებს მისთვის სასურველ ინფორმაციას, ბავშვებს უკითხავს წიგნებს და უამბობს წარსულ ამბებს. დღესდღეობით, ასეთი ტექნოლოგია მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკად აღარ განიხილება. ბოლოდროინდელი მიღწევები ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით გვარწმუნებს, რომ ჩვენ შორს აღარ ვართ იმ ეპოქიდან, როცა ვოქსის მსგავსი ინტელექტუალური პროგრამები ცოდნის მიღების ერთ-ერთ მთავარ საშუალებებად იქცევიან.

ფრენსის ბეკონის სიტყვებიცოდნა ძალაათანადროულ ეპოქაშიც არ კარგავს აქტუალობას, განათლება კვლავ არის პიროვნული და ეროვნული წარმატების გარანტია. საუკუნებიის მანძილზე ცოდნის დაგროვებამ და გადაცემამ განავითარა ადამიანის გონება, რომელმაც შექმნა ყველაფერი ის, რასაც დღეს ეფუძნება ჩვენი ცივილიზაცია. განვითარების კვალდაკვალ იცვლებოდა ცოდნის მიღების გზები და საშუალებები. დღეს უკვე ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, განათლების სფეროზე ხელოვნური ინტელექტის გავლენა სულ უფრო მზარდია. ცალსახაა, ეს ტექნოლოგია შეცვლის იმას, თუ როგორ სწავლობენ სტუდენტები, როგორ ასწავლიან მასწავლებლები, რაც საბოლოო ჯამში, გარდაქმნის მთლიან საგანმანათლებლო სისტემას.

AI შესაძლებლობათა ფართო სპექტრს სთავაზობს მასწავლებლებს, სტუდენტებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს. არსებობს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, რომლებთაც შეუძლიათ ბევრად უკეთესი და ეფექტური გახადონ სასწავლო პროცესი. მაგალითად, მასწავლებლები დიდ დროს უთმობენ ტესტების შეფასებასა და საშინაო დავალების გასწორებას, ეს რუტინული საქმე ძალისხმევასაც მოითხოვს, მაშინ როცა დახარჯული დრო და ენერგია შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოსწავლეებთან ურთიერთობისთვის, დაშვებულ შეცდომებზე საუბრისთვის, სწავლისა და მრავალი სხვა აქტივობისთვის. ხელოვნური ინტელექტის ამჟამინდელ პროგრამებს შეუძლიათ ტესტური დავალებების შეფასების ავტომატიზაცია, ზოგიერთ ინსტრუმენტს წერილობითი დავალების გასწორებაც ძალუძს. ამ ტექნოლოგიის გაუმჯობესება მასწავლებლებს მეტ დროს მისცემს და თავიდან აარიდებს რუტინულ საქმიანობას.

სასწავლო დაწესებულების მიღმა სტუდენტებს ყოველთვის სჭირდებათ დამატებითი მხარდაჭერა ვინმესგან, ვინც დაეხმარება მათ სასწავლო მასალის გაგებაში. ეს დამატებითი მხარდაჭერა შესაძლოა უზრუნველყოს AI მასწავლებელმა. ამჟამად, არსებობს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სწავლების სხვადასხვა პროგრამა, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს საგნების შესწავლის სერვის, თუმცა ამ AI პროგრამებით ახალგაზრდებს შეუძლიათ ისწავლონ მხოლოდ საფუძვლები, ისინი არ გამოდგებიან უფრო რთული მასალის შესასწავლად, ამისთვის სტუდენტებს ჯერ კიდევ სჭირდებათ მასწავლებელი. თუმცა, სამომავლოდ, შესაძლებელია, რომ ამ ტიპის AI ინსტრუმენტები გამოსადეგი გახდეს უფრო რთული სასწავლო მასალების ასათვისებლადაც.

ზოგიერთი ონლაინ კურსის პროვაიდერი იყენებს უკუკავშირზე დაფუძნებულ AI სისტემებს, რათა გააანალიზოს სტუდენტის პროგრესი სასწავლო პროცესში. ასეთი ინსტრუმენტები სტუდენტს საშუალებას აძლევს მიიღონ სათანადო მხარდაჭერა, რამეთუ მასწავლებლებს შეუძლიათ განსაზღვრონ სასწავლო მასალის ის ნაწილი, რაც გაუმჯობესებას მოითხოვს, ამასთანავე, მოსწავლეებს მყისიერი უკუკავშირი ეხმარებათ გაიგონ, სად უშვებენ შეცდომებს და როგორ გამოასწორონ ისინი.

მასწავლებლების საკლასო გაკვეთილების დრო შეზღუდულია, რის გამოც ხშირად ვერ ახერხებენ დაადგინონ ყველა მოსწავლემ გაიგო თუ არა ახსნილი მასალა. ამ პრობლემის გადაჭრა ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია. Coursera და სხვა სასწავლო პლატფორმები პრაქტიკაში უკვე იყენებენ AI-ზე დაფუძნებულ პროგრამებს. მაგალითად, როდესაც აღმოაჩენენ, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილს საშინაო დავალებაზე არასწორი პასუხი აქვთ, სისტემა აფრთხილებს მასწავლებელს და სტუდენტებს უგზავნის მათზე მორგებულ შეტყობინებას, რომელიც შეიცავს მინიშნებებს სწორ პასუხზე. ეს პროგრამები ხელს უწყობს სწავლის პროცესში არსებული ხარვეზების გამოსწორებას, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ თითოეულმა სტუდენტმა სასწავლო მასალა წარმატებით აითვისოს.

AI სისტემები შეიძლება დაპროგრამდეს სტუდენტებისთვის პერსონალიზებული სწავლების უზრუნველსაყოფად. ამ პრინციპის თანახმად, თითოეულ სტუდენტს აქვს საკუთარი სასწავლო პროგრამა მათი შესაძლებლობებისა და საჭიროების მიხედვით. მოსწავლეების საჭიროებების გააზრებით, მასწავლებლები ადგენენ მათზე მორგებულ სასწავლო კურს. ცხოვრება სავსეა გამოწვევებით შეზღუდული უნარის მქონე სტუდენტებისთვის, მათ ექმნებათ სირთულეები სწავლის პროცეში, გარდა ამისა, ესაჭიროებათ დამატებითი ყურადღება. ხელოვნური ინტელექტი განვითარება ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, რადგან ის აჩენს განსაკუთრებული საჭიროების მქონე სტუდენტებთან ურთიერთობის ახალ გზებს.

ერთ-ერთი ხედვის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის განვითარება მოასწავებს ტექნოლოგიის დანერგვას, რომელიც ამოიცნობს სტუდენტის გამომეტყველებას იმის მიხედვით, რამდენად გაიგო მან სასწავლო მასალა, შედეგად მასწავლებელი უფრო მეტ დროს დაუთმობს მას. დღესდღეობით, ასეთი რამ შეუძლებელია, მაგრამ მომავალში შესაძლებელი გახდება, თუმცა ეს დაკავშირებული იქნება მთელ რიგ ეთიკურ, საკანონმდებლო და სხვა საკითხებთან.

ბოლო პერიოდში, სულ უფრო პოპულარული ხდება გენერაციული AI, რომელიც ფოტო, ვიდეო, აუდიო, ტექსტურ შინაარს ქმნის. მსგავსი ტიპის ხელოვნური ინტელექტის სისტემების, როგორებიცაა ChatGPT, Bard და Claude 2, გამოყენება ძალზედ მარტივია. მთავარია გენერაციულ AI- მისცეთ ინსტრუქცია. მაგალითად, სთხოვოთ ტექსტის გაანალიზება, საპირისპირო არგუმენტების შედარება, სტატიის შეჯამება და მყისიერად მიიღებთ პასუხს. ეს ტექნოლოგია სათანადოდ არ არის დანერგილი განათლების სფეროში, არადა მისი გამოყენებით შესაძლებელია უფრო ეფექტური სასწავლო რესურსების შექმნა.

იმ შესაძლებლობებს, რასაც განათლების სფეროში იძლევა ხელოვნური ინტელექტი თან ახლავს გამოწვევები და რისკები. სტუდენტებმა AI შესაძლოა გამოიყენონ თაღლითობისთვის, მაგალითად, ChatGPT- აქტიურად იყენებენ ესეების დასაწერად, რაც საბოლოო ჯამში ცუდად აისახება აკადემიურ მოსწრებაზე. მიკერძოებული AI ალგორითმების არსებობაც ერთ-ერთ საფრთხეს წარმოადგენს, რამეთუ ისინი ხშირად აგენერირებენ უკანონო, ყალბ ან შეურაცხმყოფელ კონტენტს.

მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინტერაქცია ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებით ასევე წარმოშობს კონფიდენციალურობის პრობლემას, რადგან მათი პერსონალური ინფორმაცია შესაძლოა ბოროტად იქნას გამოყენებული. ჭარბი დამოკიდებულება ტექნოლოგიებზეც საგულისხმო ფაქტორია, რადგან დიდი შანსია შეფერხდეს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარება. ეს გამოწვევა ეხება პედაგოგებსაც, მიუხედავად იმისა, რომ AI- შეუძლია გაამარტივოს და დააჩქაროს მთელი რიგი პროცესები, სიჩქარე ყოველთვის არ უტოლდება ხარისხს. მასწავლებელს შეიძლება გაუჩნდეს ცდუნება, გამოიყენოს AI-ის მიერ გენერირებული შინაარსი განხილვისა და დახვეწის გარეშე. როდესაც ვსაუბრობთ ხელოვნური ინტელექტის აქტიურ გამოყენებაზე განათლების სფეროში სოციალური დიფერენციაც გასათვალისწინებელია, რადგან ყველას არ მიუწვდება ხელი ტექნოლოგიებზე. მართალია, AI- აქვს პოტენციალი აქამდე არანახული პოზიტიური ცვლილებები მოიტანოს განათლების სფეროში, თუმცა საფრთხეები მეტად საყურადღებოა.

მასწავლებლის როლი გადამწყვეტია განათლების სისტემაში, მაგრამ ეს როლი შესაძლოა შეიცვალოს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. როგორც ზემოთ ვახსენეთ, AI- შეუძლია ჩაერთოს საგანმანათლებლო პროცესის სხვადასხვა ასპექტებში. აშკარაა, ამ ტექნოლოგიის განვითარება მოასწავებს მასწავლებლის, როგორც ფასილიტატორის, როლის დაკნინებას.

ჩვენი დროების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის, ესოდენ მძლავრი და მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის, პოტენციალი სრულად ისე, რომ მინიმუმამდე შევამციროთ რისკები და უარყოფითი გავლენა თავიდან ავიცილოთ.

არსენ სებისკვერაძე