როგორ ვასწავლოთ მედიაწიგნიერება? - ხშირად დასმული კითხვები
30 სექ. 2026
57 ნახვა

კომუნიკაციების კომისია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად ხელს უწყობს მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირებას. პროექტის შედეგად 2025-2026 სასწავლო წელს საქართველოს 300-ზე მეტ სკოლაში მედიაწიგნიერება ისწავლებოდა როგორც არჩევითი საგანი.
 

რა პროცედურა არის გასავლელი სკოლაში მედიაწიგნიერების არჩევითი საგნის სწავლებისთვის?

სკოლის დონეზე: რადგან მედიაწიგნიერება წარმოადგენს არჩევით საგანს, სკოლამ იგი უნდა შეიტანოს სასკოლო სასწავლო გეგმაში, შესაბამისი მზაობისა და მოსწავლეთა ინტერესის გათვალისწინებით. ამისათვის, სასურველია, სკოლამ/პედაგოგმა მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლეებს ამ საგნის მიზნებისა და ამოცანების შესახებ, რათა მათ შეძლონ გაცნობიერებული არჩევანის გაკეთება.

მასწავლებლის დონეზე: პედაგოგი უნდა გაეცნოს მედიაწიგნიერების არჩევითი კურსის სტანდარტს, მეთოდურ სახელმძღვანელოსა („მედიაწიგნიერების გაკვეთილები“) და მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებულ სხვა საგანმანათლებლო რესურსებს.
 

რომელ კლასებში ისწავლება მედიაწიგნიერება, როგორც არჩევითი საგანი?

მედიაწიგნიერება, როგორც არჩევითი საგანი, ისწავლება საშუალო საფეხურზე,   X, XI კლასებში რომელიმე ერთ სემესტრში, ან მთელი წლის მანძილზე და XII კლასში I სემესტრში, რადგან XII კლასში არჩევითი კურსები, ზოგადად, ისწავლება მხოლოდ პირველ სემესტრში.

შესაძლებელია, მედიაწიგნიერების დაწყებით და საბაზისო საფეხურებზე სწავლებაც, საგნებში ინტეგრირების გზით ან კლუბის ფარგლებში.
 

რა სასწავლო პერიოდზეა გათვლილი მედიაწიგნიერების არჩევითი საგანი?

მედიაწიგნიერების არჩევითი საგნის ხანგრძლივობა არის ერთი სემესტრი ან 1 აკადემიური წელი. სტანდარტით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები იგივეა ერთსემესტრიანი და ერთწლიანი კურსისთვის, მაგრამ განსხვავებული შეიძლება იყოს, მაგალითად, კლასის ზომა, მოსწავლეთა ინტერესები, მასწავლებლის მხრიდან შეთავაზებული აქტივობების მოცულობა და სხვა.
 

ეროვნული სასწავლო გეგმის რომელ საგნობრივ ჯგუფს მიეკუთვნება მედიაწიგნიერება?

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მედიაწიგნიერება მიეკუთვნება ყველა საგნობრივ ჯგუფს, გარდა სპორტისა. შესაბამისად, მედიაწიგნიერების არჩევითი საგანი შეუძლია ასწავლოს ნებისმიერი საგნის მასწავლებელმა. არჩევის შემდეგ, სასკოლო სასწავლო გეგმაში, სკოლა დააკონკრეტებს, რომელ საგნობრივ ჯგუფს/ჯგუფებს მიაკუთვნებს ამ საგანს.
 

სავალდებულოა თუ არა მასწავლებლისთვის მედიაწიგნიერების გადამზადების გავლა (სერტიფიკატი) საგნის სწავლებისთვის?

მასწავლებლისთვის გადამზადების გავლა არ არის სავალდებულო. საგნის სწავლების უფლება აქვს ნებისმიერი საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს, თუმცა რეკომენდებულია კომუნიკაციების კომისიისა და სსიპ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (მასწავლებლის სახლი) ტრენინგ-მოდულის გავლა, რის შედეგადაც მასწავლებლებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
 

სად შეიძლება სანდო და კვალიფიციური სასწავლო რესურსების მოძიება მედიაწიგნიერების შესახებ?

მედიაწიგნიერების ეროვნული პლატფორმა: mediatsigniereba.ge - კომუნიკაციების კომისიის ჰაბი, რომელიც მასწავლებლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო მასალებს სთავაზობს. პორტალზე ხელმისაწვდომია მედიაწიგნიერების გზამკვლევები, სახელმძღვანელოები, თემატური სტატიები და ინფორმაცია პროექტების შესახებ.

მედიაწიგნიერების სტანდარტი: საგანი „მედიაწიგნიერება“ - ეს არის ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად მომზადებული ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საგნის მიზნებს, მისაღწევ შედეგებსა და სავალდებულო თემებს X-XII კლასების მოსწავლეებისთვის. სტანდარტი პედაგოგებს უსახავს მკაფიო გზამკვლევს, თუ რა ცოდნა და უნარ-ჩვევები უნდა გამოუმუშავდეთ მოსწავლეებს კურსის სწავლების განმავლობაში. დოკუმენტი უზრუნველყოფს სწავლების ერთიან ხარისხსა და თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნებთან შესაბამისობას.

მედიაწიგნიერების გზამკვლევი: მედიაწიგნიერების სტანდარტზე დაფუძნებული მასწავლებლების გზამკვლევი სასწავლო გეგმის შედგენისთვის. გზამკვლევში დეტალურად მოცემულია სასწავლო ნაბიჯები თემებისა და საკითხების მიხედვით. სულ 3 სავალდებულო თემაა:

თემა 1- ტრადიციული მედია

  1. მასმედიის ევოლუცია და ფუნქციონირება: ბეჭდური მედია,  რადიო და ტელევიზია (სამიზნე ცნება: მედიაეკოსისტემა, გზავნილი, მედიაკულტურა);
  2. აუდიოვიზუალური კომუნიკაციის ფორმები და გავლენის მექანიზმები
    კინოსა და რეკლამაში (სამიზნე ცნება: გზავნილი, მედიაკულტურა);

     

თემა 2 - სოციალური მედია

  1. სოციალური მედიის ანატომია (სამიზნე ცნება: მედიაეკოსისტემა, გზავნილი);
  2. ინფორმაციის სანდოობა: ყალბი ამბების იდენტიფიცირება (სამიზნე ცნება: გზავნილი, მედიაკულტურა);
  3. ციფრული სამყაროს ეთიკური ასპექტები (სამიზნე ცნება: მედიაკულტურა);
     

თემა 3 - გენერაციული ხელოვნური ინტელექტი და სინთეტიკური მედია

  1. ხელოვნური ინტელექტი - შესაძლებლობები და გამოწვევები (სამიზნე ცნება: მედიაეკოსისტემა, გზავნილი, მედიაკულტურა);
     

ზემოაღნიშნულ თითოეულ თემასთან მიმართებით, გზამკვლევში მასწავლებლებისთვის შეთავაზებულია სიტუაციური მაგალითები, შეკითხვები მსჯელობისთვის, საკლასო და საშინაო აქტივობები, ასევე, შემოქმედებითი ბუნების დავალებები შეფასების კრიტერიუმებთან ერთად.

ცხადია, გზამკვლევი არის სარეკომენდაციო და თითოეული მასწავლებელი თავად წყვეტს, რა აქტივობებით და დავალებებით წარმართავს სასწავლო პროცესს.

მედიაწიგნიერების სახელმძღვანელო: „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ - სასწავლო რესურსი სპეციალურად შეიქმნა სკოლებში მედიაწიგნიერების არჩევითი საგნის სწავლებისთვის, რომელიც შედგება ოთხი ძირითადი თავისგან: მედიაწიგნიერების რაობა; მედიისა და ინფორმაციის ენა; ინფორმაციის დამუშავების ამოცანები და პურადი პერსპექტივა; დეზინფორმაცია, კიბერბულინგი და მედიაწიგნიერების საკვანძო პრინციპები. რესურსი ასევე მოიცავს, ინტერაქციულ აქტივობებსა და პრაქტიკულ ქეისებს რომლებიც ხელს უწყობს ფაქტების გადამოწმების, ყალბი ამბების ამოცნობისა და ციფრული უსაფრთხოების საკითხების შესწავლას.

მედიაწიგნიერების Facebook გვერდი: მედიაწიგნიერება - წარმოადგენს კომუნიკაციების კომისიის აქტიურ საკომუნიკაციო არხს, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება შემეცნებითი პოსტები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო რჩევები მედიამოხმარების შესახებ. გამომწერები აქ პირველები იგებენ დაგეგმილი ტრენინგების, კონკურსებისა და ვებინარების თაობაზე. ეს არის საინფრომაციო, შემეცნებითი და  სიახლეების სოციალური სივრცე.

მედიაწიგნიერების მასწავლებლების ჯგუფი: მასწავლებლები მედიაწიგნიერებისთვის - ეს არის პედაგოგთა პროფესიული გაერთიანება და თანამშრომლობის პლატფორმა სოციალურ ქსელში. ჯგუფის მიზანია მასწავლებელთა მუდმივი პროფესიული მხარდაჭერა, აქტიური დისკუსიების წარმართვა და კოლეგიური განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნის მისაღწევად, სივრცე უზრუნველყოფს გარემოს, სადაც წევრებს შეუძლიათ ერთმანეთს გაუზიარონ გაკვეთილების ჩატარების გამოცდილებას, სასწავლო იდეები, წარმატებულ პრაქტიკები და პრაქტიკულ მეთოდურ რჩევები.
 

როგორ შეუძლია მასწავლებელს გადამზადება და კომპეტენციის ამაღლება მედიაწიგნიერების სწავლების მიმართულებით?

გადამზადების ტრენინგები: კომუნიკაციების კომისია და სსიპ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი პერიოდულად აცხადებენ მასწავლებელთა გადამზადების უფასო კურსებსა და ტრენინგ-მოდულებს.

ვებინარი და კონფერენცია: საინფორმაციო ვებინარებსა და ყოველწლიურ მასწავლებელთა კონფერენციებზე მონაწილეობით.

საგანმანათლებლო რესურსები: მედიაწიგნიერების ეროვნულ პლატფორმაზე განთავსებული საერთაშორისო სტატიების, მედიაწიგნიერების უახლესი პრაქტიკების, სტანდარტების, სახელმძღვანელოებისა და სასწავლო რესურსების გაცნობით.