2024 წელს 227-მა საჯარო სკოლამ მედიაწიგნიერების საგნის სწავლება დაიწყო
26 სექ. 2024
30 ნახვა
მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული

2024 წელს, იმ საჯარო სკოლების რიცხვი, რომელთაც მედიაწიგნიერების, როგორც ცალკე არჩევითი საგნის სწავლება დაიწყეს, უპრეცედენტოდ გაიზარდა და 227 შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ 227 სკოლიდან 91%-ს საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლები წარმოადგენენ. ეს მნიშვნელოვანი შედეგები 2022 წელს კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ძალისხმევით დაწყებული „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტის დამსახურებაა. პროექტის ფარგლებში, მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში 2023 წელს ინტეგრირდა. იმავე წელს, საქართველოს ექვსმა სკოლამ მედიაწიგნიერება, როგორც ცალკე საგანი აირჩია და სწავლება დაიწყო. 2024 წლიდან კი ასეთი სკოლების რიცხვი 227-მდე გაიზარდა.

 „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტი X, XI, და XII კლასის მოსწავლეებისთვის არჩევითი საგნის დამატებას და 1 სემესტრის განმავლობაში, მათთვის მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

პროექტის საწყის ეტაპზე, სკოლებში ჩატარდა მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევა, რომლის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდა საგანმანათლებლო სტანდარტი, სასწავლო მოდული და სახელმძღვანელო. კომუნიკაციების კომისიისთვის, რაოდენობასთან ერთად, მნიშვნელოვანია სწავლების ხარისხი. შესაბამისად, სპეციალურად შემუშავებული რესურსების გამოყენებით, მედიაწიგნიერების სწავლებაში ამ ეტაპისთვის 1835 მასწავლებელია გადამზადებული. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისია ოქტომბრის ბოლომდე 30 ტრენინგს ჩაატარებს, რომლის ფარგლებშიც, დამატებით 1200-ზე მეტი მასწავლებლის გადამზადებაა დაგეგმილი.

კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, საგნის სწავლებით სულ უფრო მეტი სკოლის დაინტერესება და ახალგაზრდების მედიაწიგნიერ მოქალაქეებად ჩამოყალიბება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.