საქართველოს სკოლებმა მედიაწიგნიერების დღე აღნიშნეს
31 ოქტ. 2025
2 ნახვა
მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა, რომელიც მოზარდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას და მედიაწიგნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.

შემეცნებითი აქტივობებით აღნიშნეს მედიაწიგნიერების დღე თბილისის 45-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც, რომლებმაც მასწავლებელთან ერთად შექმნეს მედიაწიგნიერების საინფორმაციო კედელი - „უსაფრთხო ინტერნეტი ჩემით იწყება“, სადაც განათავსეს შემეცნებითი პლაკატები, ესსეები და ფოტოკოლაჟები კიბერსუსაფრთხოების, AI-ის, მედიაწიგნიერებისა და ონლაინ სივრცეში უსაფრთხოდ ნავიგაციის შესახებ. გარდა ამისა, მოსწავლეებმა განიხილეს ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული სტატიები, გადაამოწმეს ინფორმაციის წყარო, სანდოობა და დაადგინეს სიმართლე. მედიაწიგნიერების დღის ფარგლებში, 45-ე სკოლის მოსწავლეებმა ასევე შექმნეს მედიაპოსტები თემაზე „რას ნიშნავს იყო სანდო ინფორმაციის მომხმარებელი?“. ამასთან ერთად, მოსწავლეებმა იმსჯელეს ციფრულ სამყაროში ხელოვნური ინტელექტის როლზე, ასევე მის პასუხისმგებლიანად გამოყენებაზე, რის შემდეგაც აღნიშნულ თემებზე მასწავლებლებთან ერთად საგანმანათლებლო რესურსი შექმნეს. აქტივობებში 45-ე სკოლის VI-X კლასის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.

მედიაწიგნიერებისადმი მიძღვნილი დღის ფარგლებში, ComCom-ის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარიამ გუგულაშვილმა, თბილისის 166-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა მედია და მისი ფუნქციები; ფაქტის გამიჯვნა მოსაზრებისგან; მანიპულაციის ხერხები; დეზინფორმაციის აღმოჩენის მეთოდები და მედიაწიგნიერების როლი. თეორიული ნაწილის შემდგომ, შეხვედრა პრაქტიკულ სავარჯიშოს დაეთმო, რომელიც მიზნად მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურებოდა და რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებს ნამდვილი და ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტოები ერთმანეთისგან უნდა გაერჩიათ. აღსანიშნავია, რომ თბილისის 166-ე საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერება, როგორც არჩევითი საგანი, სასწავლო პროგრამაშია შეტანილი.

კომუნიკაციების კომისია, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულს ყოველწლიურად, მეხუთე წელია უერთდება. მედიაწიგნიერების დღეს კი საქართველოს სკოლები უკვე მეოთხე წელია აღნიშნავენ.

შეგახსენებთ, რომ UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული 2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება და საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.