ComCom-ის მედიაწიგნიერების კონფერენციაზე ხელოვნურ ინტელექტზე და ამ ჭრილში განათლების როლზე იმსჯელეს
26 ოქტ. 2025
4 ნახვა
მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული
კომუნიკაციების კომისიის მიერ გამართული კონფერენციის „გონების უპირატესობა ხელოვნურ ინტელექტზე - მედია და ინფორმაციული წიგნიერება ციფრულ სამყაროში“ ფარგლებში, პირველ პანელურ დისკუსიას წარმოადგენდა „ხელოვნური ინტელექტი - შესაძლებლობები და საფრთხეები“, რომელსაც მოდერაცია კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ გაუწია: „დღეს ჩვენ აქ შეკრებილები ვართ იმიტომ, რომ დაიწყო მედიაწიგნიერების გლობალური კვირეული. ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოს, გაეროს რეზოლუციის თანახმად, გაეროს წევრი ქვეყნები ატარებენ კვირეულს, რომელიც მიზნად ისახავს მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ყოველწელს სხვადასხვა თემაა ქუდის ქვეშ, და წლევანდელ მთავარ თემას წარმოადგენს ადამიანური გონების უპირატესობა ხელოვნურ ინტელექტზე“. - აღნიშნა ComCom-ის წევრმა.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას იღებდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია, რომელმაც განათლების კუთხით, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და გამოწვევები მიმოიხილა: „განათლების მიმართულებით ცხადია ხელოვნური ინტელექტი უკვე არსებობს, რადგან სკოლებში ცალსახაა, რომ გენერირებად ხელოვნურ ინტელექტს ბავშვები უკვე აქტიურად იყენებენ. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მომწონს ComCom-ის პროგრამა, იმ გაგებით, რომ გადამზადებაზე მუშაობთ, ვინაიდან მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეებისთვის ციფრული უნარების განვითარება.“ - განაცხადა მან.
საუბრისას, ზვიად გაბისონიამ განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოწვევები გლობალურ ჭრილშიც შეაფასა: „სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, მკვლევრები, ხელოვნურ ინტელექტს აქტიურად იყენებენ. ძალიან სერიოზული გამოწვევა, რაც უმაღლეს განათლებაში გვექნება მთელს მსოფლიოში, არის გადახედვის აუცილებლობა, თუნდაც კვალიფიკაციის მინიჭებასთან დაკავშირებით, პასუხობს თუ არა დღევანდელი ჩვენი მოთხოვნები თანამედროვე სამყაროს. მეორე საკითხი კი გახლავთ სკოლების პრობლემა, ვინაიდან აქ არის თაობა, გაცილებით უფრო ტექნოლოგიური ვიდრე მათი მასწავლებლები, შესაბამისად მათ გაცილებით უფრო მეტი იციან ამ კუთხით.“ - აღნიშნა ზვიად გაბისონიამ.
პანელური სესიის ფარგლებში მონაწილეებმა განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო პრაქტიკები და AI-ის რეგულაციის საკითხები მიმოიხილეს.
კონფერენციის ფარგლებში გამართული მომდევნო პანელური დისკუსია „გონება VS ხელოვნური ინტელექტი“, AI-სა და ადამიანის გონების განსხვავებული შესაძლებლობების, ასევე, თითოეულის ძლიერი თუ სუსტი მხარეებისა და ხელოვნური ინტელექტით სხვადასხვა პროფესიების ჩანაცვლების საკითხების განხილვას დაეთმო.
UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული 2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება და საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახე, ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების პროცესში მეტი დაინტერესებული მხარის ჩართვა, ერთ-ერთი პრიორიტეტია.
იხილეთ ასევე
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-მა და მედიალაბმა მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
282 დღის წინ

ComCom-მა მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში გამარჯვებულ სკოლას მედიალაბორატორია მოუწყო
331 დღის წინ

მედიაწიგნიერების ოლიმპიადის 10 საუკეთესო და გამარჯვებული ნამუშევრები
332 დღის წინ

მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა
366 დღის წინ



