ჩვენი შვილების ონლაინ უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა
07 აგვ. 2023
938 ნახვა

თანამედროვე დედებისა და მამების უმრავლესობა საყვარელი შვილების ფოტოებსა და ვიდეოებს დაუფიქრებლად აზიარებს სოციალურ ქსელებში. ბუნებრივია, რომ უკიდეგანო სიყვარულითა და სიამაყით გამსჭვალულ მშობელს სურს, თავის ნაცნობებსა და მეგობრებს გაუზიაროს საკუთარიგმირისუახლესი მიღწევა თუ პერფორმანსი. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ ამით ჩვენს შვილებს, რომლებსაც არ აქვთ გადაწყვეტილების თავად მიღების შესაძლებლობა, ვუქმნით ციფრულ კვალს და ჩვენი შეხედულებების შესაბამის ონლაინ რეპუტაციას, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მათ იდენტობაზე მომავალში.

დასაფიქრებელია, თუ რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული ჩვენი შვილების პირადი ინფორმაციის საჯაროდ გაზიარება. მაგალითად, მონაცემების ან სურათების გაზიარებით, ხომ არ ვხდით მათ ადგილმდებარეობას ადვილად ამოსაცნობს პოტენციურიონლაინ მტაცებლებისთვის“?

როდესაც საქმე სოციალურ ქსელში პირადი გვერდის მქონე ბავშვებს ეხება, აუცილებელია, მშობელმა იზრუნოს მათი ცნობიერების ამაღლებაზე მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვისა და შესაბამისი პარამეტრების მართვის შესახებ. პირველ რიგში, საჭიროა არასრულწლოვანთა ინფორმირება, რადგანაც მათ ყოველთვის კარგად არ ესმით საკუთარი ქმედებების სამომავლო შედეგები. შესაძლოა, ბავშვის იმპულსურობის რამდენიმე წამი მრავალწლიანი სინანულის საფუძველი გახდეს. მარტივად რომ ვთქვათ, ყველაფერი, რაც ონლაინ ზიარდება, სამუდამოდ იქ რჩება. ჩვენი ვირტუალური კედლების გადაღებვა კი, შეუძლებელია.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ, ხშირად, ციფრული მედიის მომხმარებლები კარგად არ იცნობენ სოციალური მედიის ეკონომიკის პრინციპებს. როდესაც სოციალურ ქსელებს ვიყენებთ, ჩვენი თითოული ციფრული ნაბიჯი დახვეწილი ალგორითმის დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტია. ისინი არა მხოლოდ ჩვენს პირად ინფორმაციას აგროვებენ, არამედ, აკვირდებიან იმ სათაურებს, რომლებზეცვაწკაპუნებთ“, ჩვენი რეაქციის სიჩქარესა და დროს, რომელსაც ამა თუ იმ გვერდზე ვატარებთ. ეს მონაცემები კი, დიდ კომპანიებსა და პოლიტიკურ ჯგუფებზე იყიდება და შემდგომ საზოგადოების აზრზე გავლენის მოსახდენად გამოიყენება.

გარდა ამისა, ინტერნეტი არასრულწლოვანთა უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი რისკების წყაროა. მათ შორის არის ძალადობის სცენები, პორნოგრაფია, სიძულვილის ენა, რადიკალური ჯგუფების რეკრუტირება, კიბერბულინგი დაონლაინ მტაცებლები“. განსაკუთრებული საფრთხეა ვირუსები და კიბერკრიმინალების მიერ ინფორმაციის მოსაპარად და სათვალთვალოდ შექმნილი სხვა მავნე პროგრამები.

მიუხედავად აღნიშნული რისკებისა, არ იქნება მიზანშეწონილი შავ-თეთრი სურათის დახატვა ან ექტრემალური პოზიციის ჩამოყალიბება:

- „ჩემი შვილის ფოტოებს ყოველ დღე გავაზიარებ!“ ანარასდროს გავაზიარებ!“

- „ავუკრძალავ ბავშვს ნებისმიერი სახის სოციალური ქსელის გამოყენებას!“ ანნებას მივცემ, რაც სურს, ის გააკეთოს!“

საჭიროა ბალანსი, რაც გულისხმობს არა ციფრული მედიის გამოყენების აკრძალვას, არამედ, მის სარგებლიანად გამოყენებას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მედიაწიგნიერების მიზანი ბავშვების შეზღუდვა კი არა, მედიაზე კონტროლის დამყარებაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მკაცრი მიდგომისა და კრიტიკის ნაცვლად, უნდა ავუხსნათ შვილებს, რომჩვენ ერთი გუნდი ვართ“, რომელსაც მედიის გამოყენებაზე ადეკვატური კონტროლის დამყარება და ინტერნეტის მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების რეალისტურად შეფასება შეუძლია.

ამდენად, მეტი დრო გავატაროთ ბავშვებთან, ველაპარაკოთ და ერთად გავაანალიზოთ მედიიდან მიღებული ინფორმაცია, ვითამაშოთ  და ვისიამოვნოთ იმ შესაძლებლობებით, რომლებსაც ციფრული სამყარო გვთავაზობს. თუმცა, ისიც გვახსოვდეს, რომ არავინაა უსაფრთხოდ ინტერნეტში, განსაკუთრებით, მარტო.

წყარო: ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია. (2022). მედია და ციფრული წიგნიერება. https://www.osce.org/files/f/documents/a/5/529791.pdf