2022 წელს ComCom-ის მედიასკოლამ 100-ზე მეტი ჟურნალისტი გადაამზადა, მედიალაბში 25 ღონისძიება ჩატარდა, მედიაკრიტიკაზე კი 147 მასალა გამოქვეყნდა
02 ივნ. 2023
1047 ნახვა

კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშში, მედიააკადემიის მედიალაბის, მედიასკოლისა და მედიაკრიტიკის საქმიანობა და განხორციელებული პროექტები დეტალურადაა მიმოხილული.

ComCom-ის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ციფრული წიგნიერების განვითარებისა და ციფრული მედიის მიმართულების სტარტაპების მხარდაჭერის მიზნით, აქტიურად მუშაობდა მედიააკადემიის მედიალაბი, სადაც 2022 წელს 25 ღონისძიება ჩატარდა, ხოლო 600-ზე მეტი ბენეფიციარი მედიალაბის სამუშაო სივრცეში არსებული უახლესი კომპიუტერული ტექნიკით, პროგრამული უზრუნველყოფითა და სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობით, სრულიად უფასოდ სარგებლობდა. აქსელერაციისა და ინკუბაციის პროგრამა, 10-ზე მეტმა სტარტაპმა გაიარა.

გასულ წელს, მედიალაბმა Digital Road Studios-სთან თანამშრომლობით და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, თამაშის შემქმნელებისთვის ორდღიანი კონფერენცია გამართა. ღონისძიების ფარგლებში, მედიალაბში თამაშების შექმნისა და დახვეწისთვის მნიშვნელოვანი მასტერკლასები ჩატარდა. ამასთან ერთად, სტარტაპერებს საშუალება ჰქონდათ თავიანთი იდეები ინვესტორებისთვის წარედგინათ.

2022 წელს, მედიალაბის ორგანიზებით, ორჯერ ჩატარდა კონკურსიიდეადრომი”, რომელიც მიზნად სტარტაპ იდეების აღმოჩენას, პოტენციური სტარტაპერებისთვის დაფინანსების მოზიდვასა და პროდუქტის ბაზარზე გატანის ხელშეწყობას ისახავს. კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებმა გაიარეს ერთკვირიანი ინტენსიური გადამზადება და სტარტაპების დახვეწაზე, პროფესიონალ მენტორებთან ერთად იმუშავეს. “იდეადრომისსაპრიზო ფონდი 10000 ლარია, მონაწილე გუნდების უმეტესობა კი, საქმიანობას წარმატებით აგრძელებს.

ცნობიერების ამაღლების, გამოცდილების გაზიარებისა და ციფრული წიგნიერების განვითარების მიზნით, მედიალაბი ონლაინ პლატფორმებზე საინფორმაციო მასალებს ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის მუდმივად ავრცელებს. ჯამში, მედიალაბის ონლაინ სივრცეში, 200-მდე სტატიაა ხელმისაწვდომი, საიდანაც 60-ზე მეტი გასულ წელსაა გამოქვეყნებული. 2022 წელს, მედიალაბის ვებ-გვერდს ყოველთვიურად 11000-ზე მეტი მომხმარებელი სტუმრობდა, ფეისბუქ გვერდს კი 5300 გამომწერი დაემატა და მათი რიცხვი 24000-მდე გაიზარდა. მედიალაბის პროექტებს შეემატა ვიდეო გაკვეთილებიც, რომელთაც ჯამურად 850 ათასი ნახვა აქვთ.

სტარტაპერებსა და ეკოსისტემაში ჩართულ სპეციალისტებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის მიზნით, 2022 წელს მედიალაბმა სემინარები და მასტერკლასები ჩაატარა, სადაც მონაწილეებმა პროფესიონალი მენტორების დახმარებით, სტარტაპთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.

2022 წლის ანგარიშში წარმოდგენილია მედიასკოლის საქმიანობაც, საიდანაც ირკვევა, რომ მედიასკოლა, მედიასტანდარტების დანერგვის მიზნით, მეოთხე წელია აქტიურად მუშაობს და მედიის წარმომადგენლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება. გასულ წელს, მედიასკოლამ 10-მდე სწავლება ჩაატარა, რომელთაც 100-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა. დაინტერესებულ მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, სფეროს პროფესიონალებისგან მიეღოთ ცოდნა და გამოცდილება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: პროპაგანდა ომისა და მშვიდობიანობის დროს, მიტინგებისა და დემონსტრაციების უსაფრთხო გაშუქება, ევროპის კავშირის ინსტიტუციები და კულტურული მრავალფეროვნება, ამბის გადმოცემა, დრამატურგია და ასევე, დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდები.

ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ადამიანებს, მედიასკოლა უკვე მეორე წელია, სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას, პროფესიონალი მენტორების ონლაინ მასტერკლასების დახმარებით, მნიშვნელოვანი ცოდნა მიიღონ. 2022 წელს, მასტერკლასებს 4 ახალი ავტორის 29 ვიდეო ლექცია დაემატა, რომლებიც გათვლილია როგორც ტელემენეჯერებზე, ჟურნალისტებსა და პროდიუსერებზე, ასევე, მედიაპროდუქტის შექმნით დაინტერესებულ პირებზე. გასულს წელს, მასტერკლასებს ჯამურად 1.5 მილიიონზე მეტი ნახვა ჰქონდა.

2022 წელს, აქტიურად განაგრძობდა მუშაობას მედიაკრიტიკის პლატფორმაwww.mediacritic.ge, რომელიც საზოგადოებას მედიაპროდუქტების კრიტიკულ ანალიზს სთავაზობს. თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, სადაც დეზინფორმაცია და მანიპულაცია ხშირად ვრცელდება, მედიაკრიტიკის პლატფორმა ინფორმაციის პროფესიულ და კვალიფიციურ ფილტრს ქმნის, ამავდროულად კი, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებასა და მედიის წარმომადგენლებში პროფესიული სტანდარტის დამკვიდრებას ემსახურება. გასული წლის განმავლობაში, მედიაკრიტიკის პლატფორმაზე 147 მასალა გამოქვეყნდა, ხოლო ფეისბუქ გვერდს 6000-მდე გამომწერი დაემატა. რაც შეეხება პლატფორმას, 2022 წლის განმავლობაში, 350000-მდე ვიზიტორი ჰყავდა.