ფეიკ ნიუსი: დეზინფორმაცია ციფრულ ეპოქაში
25 ოქტ. 2021
3407 ნახვა

თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელია „სიმართლის“ მნიშვნელობის განსაზღვრა იმისთვის, რომ მოხდეს დეზინფორმაციის ნაკადთან გამკლავება. აუცილებელია, რომ გავიაზროთ თუ როგორი გავლენა აქვს დეზინფორმაციას ადამიანებზე, საზოგადოებრივ ფუნქციებზე და როგორ უწყობს ეს ყველაფერი ხელს დემოკრატიის დესტაბილიზაციას.

დღესდღეობით ნამდვილი ფაქტების გამოვლენას წინ უძღვის ადამიანების საჯარო გაკიცხვა. უფრო დიდი ალბათობაა, რომ ნიუსი გავიგოთ სოციალურ მედიაში ტროლების და ბოტების მიერ გაზიარებული წყაროებიდან, ვიდრე ტრადიციული მედია საშუალებებიდან. სენსაციური ნიუსს თან სდევს სკეპტიციზმით გაჯერებული ჟურნალისტური გამოძიება და ფაქტების ხშირად პოლიტიკურ კონტექტსში ფაბრიკაცია. ხშირად ფაქტები სრულად გამოგონილია და იმისთვის, რომ ტყუილი უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდეს გამოიყენება ყალბი ფოტოები. ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ ვიღებთ ქაოსს, რომელიც ემსახურება სოციალური მედიის პლატფორმების კომერციულ ინტერესებს, მაგრამ არა დემოკრატიული სამყაროს ინფორმაციულ მოთხოვნილებებს.

„ყალბი ახალი ამბის“ აღწერა, რომელიც დასაბამს იღებს პროპაგანდიდან, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის პოლიტიკურ ფუნქციას რომელიც განპირობებულია ეკონომიკური ფაქტორებით. როდესაც ვსაუბრობთ „ფეიკ ნიუსის“ აქტუალობაზე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ფეიკ ნიუსი“ არ არის ახალი ფენომენი, ის წარსულშიც არსებობდა. „ფეიკ ნიუსი“ არის ისეთივე ძველი ფენომენი, როგორც თვითონ მედია და შესაძლოა ის იქამდე არსებობდა სანამ არსებობდა სიტყვის თავისუფლება. თუმცა საზოგადოების და ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, „ფეიკ ნიუსმა“ შეიძინა ახალი კონტექსტი.

მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ რა არის „ფეიკ ნიუსის“ მახასიათებლები და როგორ გამოიყენება ის პროპაგანდის დროს. „ფეიკ ნიუსი“ განახორციელებს შეტევას ე.წ. „სამოქალაქო კაპიტალზე“ - ეს არის საზოგადოებრივი უნარი, რომ გააზრებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მივიღოთ მონაწილეობა. იმისთვის კი, რომ შევძლოთ ყალბ ამბებთან ბრძოლა, ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი იარაღია მედიწიგნიერება და ცოდნით შეიარაღებული საზოგადოება.