ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული საქართველოში მედიაწიგნიერების დონის ამაღლებასა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტთან თანამშრომლობით. გიზიარებთ რამდენიმე საინტერესო რესურსს ამ მიმართულებით:
EUvsDisinfo-ს პლატფორმა (https://euvsdisinfo.eu)
EUvsDisinfo-ს პლატფორმა (https://euvsdisinfo.eu) ევროკავშირის საგარეო სამსახურის სპეციალური ჯგუფების მიერ 2015 წელს შეიქმნა რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომავალი დეზინოფორმაციის კამპანიების პროგნოზირებისა და მათთან გამკლავების მიზნით. იგი ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მდგრადობის გაზრდას, როგორც რუსული დეზინფორმაციის, ასევე, ზოგადად, მედია მანიპულაციების მიმართ.
EUNeighboursEast-ის პლატფორმა (https://euneighbourseast.eu/ka/)
EUNeighboursEast-ის პლატფორმა თავს უყრის უახლეს ინფორმაციას ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა). თუმცა, აქ ასევე ვხვდებით პუბლიკაციებს, ბლოგებსა და პოდკასტებს დეზინფორმაციასთან გამკლავების თემაზე. მაგალითად, „როგორ ამოვიცნოთ ყალბი ამბები — მაგდა გუგულაშვილისა და ზურა ბალანჩივაძის რჩევები“ და პოდკასტი „ყალბი ამბები, რეალური პრობლემები - საქართველო“.
პლატფორმა „ევროკავშირი საქართველოსთვის“ (https://eu4georgia.eu/ka/thinkb4uclick/)
პლატფორმაზე „ევროკავშირი საქართველოსთვის“ (https://eu4georgia.eu/ka/thinkb4uclick/) თავმოყრილია ინტერნეტ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალა. კამპანია #დაფიქრდისანამდააჭერ-ის ფარგლებში შექმნილი მოკლე ვიდეო რგოლები მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას ისეთი თემების შესახებ, როგორებიცაა კიბერჰიგიენა, ფიშინგისაგან თავისდაცვა, ციფრული თაღლითობა და ინტერნეტის უსაფრთხო მოხმარების რეკომენდაციები.
ონლაინ თამაში „დეზინფორმაციის დღიური“ (https://disinformation-diaries.org)
ონლაინ თამაში „დეზინფორმაციის დღიური“ (https://disinformation-diaries.org) მოთამაშეს შესაძლებლობას აძლევს, მოირგოს გამოგონილი პოლიტიკოსის, ალალ მართალის როლი. მის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიისა და წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებული დიფფეიქ (deepfake) ვიდეოს გამო, ალალ მართალი არჩევნებში დამარცხდა. თამაში 10-15 წუთი გრძელდება და მოთამაშის ამოცანაა, ალალ მართალის დღიურის ჩანაწერებზე დაყრდნობით, შეიმუშაოს სტრატეგია, რომელიც პოლიტიკოსს არჩევნების მოგებაში დაეხმარება.