მედიაწიგნიერების ოლიმპიადა
თანამედროვე სამყაროში, სადაც ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება და დეზინფორმაცია მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მედიაწიგნიერება კრიტიკულ უნარს წარმოადგენს, რომელიც საზოგადოებას ინფორმაციის სწორად აღქმასა და პასუხისმგებლიან მოხმარებაში ეხმარება. ამ მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ 2024 წელს პირველად გამოაცხადა „მედიაწიგნიერების ოლიმპიადა,“ რომელიც მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დეზინფორმაციასთან გამკლავების ცოდნის/პრაქტიკული უნარების განვითარებას.
ოლიმპიადაში სკოლის სახელით მონაწილეობა შეეძლოთ I-დან V და VI-დან XII კლასის მოსწავლეებისგან შემდგარ გუნდებს, რომელსაც ერთი მასწავლებელი ხელმძღვანელობდა. გუნდებს ბლოგის, ესსეს, სტატიის, ვიდეოს, პოდკასტის, ციფრული პოსტერის ან კომიქსის სახით უნდა ეპასუხათ შეკითხვაზე “როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას?” და ნამუშევარი 16 სექტემბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით კომუნიკაციების კომისიისთვის წარედგინათ.
„მედიაწიგნიერების ოლიმპიადის“ ფარგლებში მიღებულ ნამუშევრებს კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა და ორივე ასაკობრივ კატეგორიაში ყველაზე კრეატიული და ინფორმაციული ნაშრომის მქონე ორი გამარჯვებული სკოლა გამოავლინა. კომუნიკაციების კომისიამ გამარჯვებული გუნდების სკოლებს თანამედროვე მედიალაბორატორია მოუწყო და ისეთი მაღალტექნოლოგიური პრიზები გადასცა, როგორიცაა ინტერაქციული დაფა, ლეპტოპი, მიკროფონი, LED განათება, მობილურის შტატივი, ასევე, მედიაწიგნიერების ბანერი და სამუშაო მაგიდა.
გარდა ამისა, ათი საუკეთესო ნამუშევარი მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმაზე (https://mediatsigniereba.ge/) განთავსდა, ხოლო კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე შესაბამისი სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
აღნიშნული ინიციატივა კომუნიკაციების კომისიის სტრატეგიის ფარგლებში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რომლის მიზანიც სასკოლო საზოგადოებაში კრიტიკული აზროვნების განვითარება და ახალგაზრდებისა და მასწავლებლებისთვის მედიის პასუხისმგებლიანი მოხმარების ხელშეწყობა იყო.
კონკურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას გაეცანით აღნიშნულ ბმულებზე: