“გამარჯობა, რუბი”
01 იან. 2024
49 ნახვა
გამარჯობა რუბი

„გამარჯობა, რუბის“ წიგნები - „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“ „მოგზაურობა კომპიუტერში“ და „ძალიან დიდი კომპიუტერული თავგადასავალი“ - ფინური წიგნების სერიაა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს II-VI კლასის მოსწავლეებში პროგრამირებისა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის საწყი­სე­ბის და­უფ­ლე­ბასთან ერთად, კრი­ტი­კუ­ლი აზროვნებისა და ანა­ლი­ზის უნარების ­გან­ვი­თა­რე­ბას. სახელმძღვანელოს ავ­ტო­რი ფი­ნე­ლი პროგ­რა­მის­ტი ლინ­და ლი­უ­კა­სია, რო­მე­ლიც ჟურ­ნალ­მა „ფორ­ბ­ს­მა,“ 2018 წელს, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო 50 ქალს შო­რის და­ა­სა­ხე­ლა, ხო­ლო ევ­რო­კო­მი­სი­ამ „ფი­ნე­თის ციფ­რუ­ლი ჩემ­პი­ო­ნი“ უწო­და.

„გამარჯობა, რუბის“ წიგნები თარგმნილი და გამოცემულია 25 ენაზე. სახელმძღვანელო 36 ქვეყანაშია აღიარებული და აღსანიშნავია, რომ წიგნები ნიუ-იორკის სკოლების სასწავლო პროგრამაშია შეტანილი. წიგნების ქართულ ენაზე გამოცემის ლიცენზია კომუნიკაციების კომისიამ 2019 წელს მიიღო. კომისიის მოწვევით, ლინდა ლიუკასი საქართველოში ორჯერ ჩამოვიდა და ქართველი პედაგოგები თავად გადაამზადა. ავტორმა 200-ამდე პედაგოგსა და ტრენერს სერტიფიცირებული ტრენინგი ჩაუტარა და მათ წიგნით სწავლების უნიკალური საგაკვეთილო მეთოდი თავად გააცნო.

2024 წლიდან კომუნიკაციების კომისიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, კომპიუტერული მეცნიერების სახელმძღვანელოს უახლესი გამოცემა - „ძალიან დიდი კომპიუტერული თავგადასავალი“, ყველა სკოლისთვის ხელმისაწვდომი გახადა. აღნიშნულ ინიციატივის ფარგლებში, ევროკომისიის მიერ ციფრულ ელჩად აღიარებულმა, „გამარჯობა, რუბის“ წიგნების ავტორმა ლინდა ლიუკასმა, კომპიუტერული ტექნოლოგიების 20 ტრენერი მასწავლებლები (სასკოლო საზოგადოების ქოუჩები) გადაამზადა. ასევე, შემუშავდა საგანმანათლებლო რესურსი „გამარჯობა, რუბის“ წიგნით სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით, რომელშიც დეტალურად არის მითითებული წიგნის თითოეული თავთან დაკავშირებული ინფორმაცია, სწავლების პრინციპები, წიგნის ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობები და მასწავლებლების მიერ „გამარჯობა, რუბის“ სავარჯიშოებზე დაყრდნობით განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლისთვის სავალდებულო გახდა ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლება, რის შედეგადაც გაიზარდა მოთხოვნა რუბის წიგნებზე.   ვინაიდან ინფორმაციული ტექნოლოგიები არის სწრაფად ცვალებადი და შესაბამისად განახლებადი დარგი, არ არსებობს საგნის გრიფირებული სახელმძღვანელო. მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ მათთვის სასურველი სწავლების მეთოდი, რაშიც რუბის წიგნები მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.

აღნიშნული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, ეთნიკურ უმცირესობებისთვის, 50-ამდე სემინარი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, 750 სკოლის 800-ზე მეტი კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის მასწავლებელი გადამზადდა. გადამზადებულ მასწავლებლებს „გამარჯობა, რუბის“ სახელმძღვანელო და დამხმარე რესურსები გადაეცათ, რომლის საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირებას განახორციელებენ. ტექნოლოგიების ქოუჩები აგრძელებენ მასწავლებლების მხარდაჭერას, სახელმძღვანელოს საგაკვეთილო პროცესში დანერგვის თვალსაზრისით.

საერთო ჯამში, 2024 წლის მდგომარეობით, კომუნიკაციების კომისიამ, “გამარჯობა, რუბის”               17,500 სახელმძღვანელო გამოსცა, რომელსაც საქართველოს მასშტაბით 900-მდე სკოლა იყენებს, როგორც კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლებისთვის დამხმარე რესურსს.

გამარჯობა რუბის ვებ გვერდი იხილეთ ბმულზე: https://www.helloruby.com/