ComCom-ი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის “მედიაწიგნიერების ოლიმპიადას” აცხადებს
16 სექ. 2024
176 ნახვა
მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული

კომუნიკაციების კომისია სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და დეზინფორმაციასთან გამკლავების წახალისების მიზნით, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის “მედიაწიგნიერების ოლიმპიადას” აცხადებს.

ოლიმპიადაში სკოლის სახელით მონაწილეობა შეეძლებათ I-დან V და VI-დან XII კლასის მოსწავლეებისგან შემდგარ გუნდებს, რომელსაც ერთი მასწავლებელი უხელმძღვანელებს. გუნდებმა ბლოგის, ესსეს, სტატიის, ვიდეოს, პოდკასტის, ციფრული პოსტერის ან კომიქსის სახით უნდა უპასუხონ შეკითხვას “როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას?” და ნამუშევარი 16 ოქტომბრამდე კომუნიკაციების კომისიაში გამოაგზავნონ. „მედიაწიგნიერების ოლიმპიადის“ ფარგლებში მიღებულ ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და ორივე ასაკობრივ კატეგორიაში ყველაზე კრეატიული და ინფორმაციული ნაშრომის მქონე ორ გამარჯვებულს გამოავლენს. კომუნიკაციების კომისია კი გამარჯვებული გუნდების სკოლებს თანამედროვე მედიალაბორატორიას მოუწყობს და ისეთ მაღალტექნოლოგიურ პრიზებს გადასცემს, როგორებიცაა ლეპტოპი, ინტერაქციული დაფა, მიკროფონი, ლედ განათება, მობილურის შტატივი და ბანერი.

გარდა ამისა, ათი საუკეთესო ნამუშევარი მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმაზე (https://mediatsigniereba.ge/) განთავსდება, ხოლო ყველა მონაწილე გუნდს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა.

საგულისხმოა, რომ გუნდებში მოსწავლეების რაოდენობა განსაზღვრული არ არის, თუმცა სავალდებულოა, რომ ერთმა გუნდმა მხოლოდ ერთი ნამუშევარი წარადგინოს.   

შეგახსენებთ, რომ UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული 2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება და საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. კომუნიკაციების კომისიისთვის კი, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, აღნიშნულ პროცესში მეტი დაინტერესებული მხარისა და მოქალაქის ჩართვა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე.

მედიაწიგნიერების ოლიმპიადა 2024