ევროკავშირის 8 ქვეყანაში წარმატებულ პროექტად აღიარებული ონლაინ აპლიკაცია და სამაგიდო თამაში 8-12 წლის მოზარდებისთვის. პროექტის მიზანია, ბავშვებმა თამაშით ისწავლონ ციფრული მედიის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენება, ონლაინ კონტენტის კრიტიკული შეფასება და ანალიზი. ამასთან ერთად, Happy Onlife ხელს უწყობს მშობლებსა და მასწავლებლებს, აქტიურად იზრუნონ მოსწავლეების მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებაზე და დაიცვან ისინი კიბერბულინგისგან.
Happy Onlife, რომელიც მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან პროექტად არის მიჩნეული, ადაპტირებული და ხელმისაწვდომია ევროპის 9 ენაზე. კომუნიკაციების კომისიამ შექმნა აპლიკაციის ქართული ვერსია, რომელიც მოზარდების ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა, რაც მათი მაღალი ჩართულობით დასტურდება.
გარდა ონლაინ აპლიკაციისა, კომუნიკაციების კომისიამ ქართულ ენაზე შექმნა Happy Onlife-ის სამაგიდო თამაში და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საქართველოს სკოლებში ტრენინგების სახით შეიტანა.
აპლიკაციისა და სამაგიდო თამაშის სწორი გამოყენების შესახებ ტრენინგები კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენის წარმომადგენლებმა საქართველოს სკოლებში მუდმივად ატარებენ. აპლიკაცია დაახლოებით 13000-მა მომხმარებელმა ჩამოტვირთა.
2021 წლის ბოლომდე Happy Onlife პლატფორმა განახლდება და მას 300 ახალი კითხვა ქართულ ენაზე დაემატა.
აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია, როგორც აიოსზე, ასევე ანდროიდზე, თუმცა გარდა ამისა შესაძლებელია დესკტოპ ვერსიის თამაშიც.
კომუნიკაციების კომისიამ შეიმუშავა Happy Onlife -ის გზამკვლევი მასწავლებლებისთვის, რომელიც მასწავლებლებს მიაწვდის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თუ როგორ და რისთვის გამოიყენება თამაში.