„მედიაწიგნიერების განათლების ჟურნალში“ გამოქვეყნდა რეცენზირებული სტატია “ციფრული მოქალაქეობის განათლება: ქართული სასკოლო საზოგადოების კონცეფციის, თვითგაცხადებული კომპეტენციების და პრაქტიკის აღქმა“. კვლევის ავტორები არიან ვიტორ ტომე, მარიკა სიხარულიძე, სოფიკო ლობჟანიძე და გიორგი ურჩუხიშვილი. ნაშრომი წარმოდგენილია ევროპის საბჭოს განათლების პოლიტიკის დეპარტამენტის დადგენილი ციფრული მოქალაქეობის 10 განზომილების ჭრილში, რომელიც ონლაინ სივრცეში 3 ძირითად სფეროს აერთიანებს:
- ჩართულობა: წვდომა და ინკლუზია, სწავლა და შემოქმედებითობა, მედია და ინფორმაციული წიგნიერება;
- კეთილდღეობა: ეთიკა და ემპათია, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ინტერნეტ სივრცეში თავის წარმოჩენა და ელექტრონული კომუნიკაცია;
- უფლებები: აქტიური მონაწილეობა, უფლებები და პასუხისმგებლობები, პერსონალურ მონაცემთა დაცვა, უსაფთხოება და სამომხმარებლო ცნობიერება.
კვლევა მომზადებულია პროექტის ფარგლებში „ციფრული მოქალაქეობა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში - გამოწვევები და დანერგვის გზები“, რომელიც მიზნად ისახავს შეისწავლოს თუ რამდენად აქვთ მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ინფორმაცია ციფრული მოქალაქეობის განათლების კონცეფციის შესახებ და თვლის თუ არა პედაგოგთა კორპუსი თავს საკმარისად კომპეტენტურად, რომ შეძლოს მოსწავლეების მომზადება ციფრული მოქალაქეობისა და კიბერეთიკის გამოწვევებისათვის. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1954 ადამიანი, აქედან 972 მოსწავლე, 777 მშობელი და 205 მასწავლებელი. გამოკითხულთა პასუხების მიხედვით, ნაშრომის საკვანძო სტატისტიკური მიგნებები შემდეგია:
მასწავლებლების უმეტესობას (68%) სურს განავითაროს საკუთარი კომპეტენციები ციფრული მოქალაქეობის განათლების კუთხით |
მოსწავლეთა 42% მიიჩნევს, რომ იცის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. 52% აცხადებს, რომ მეტ-ნაკლებად, ხოლო 6%-მა ცოტა რამ იცის მათ შესახებ |
მასწავლებლების ნახევარზე ნაკლებს (49,3%) ინფორმაცია აქვს ციფრული მოქალაქეობის განათლების კონცეფციის შესახებ |
მასწავლებელთა 41% მიიჩნევს, რომ იცის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. 56% აცხადებს, რომ მეტ-ნაკლებად, ხოლო 3%-მა ცოტა რამ იცის მათ შესახებ |
მოსწავლეების 84% და მშობლების 80% აცხადებს, რომ მათ არ სმენიათ ციფრული მოქალაქეობის შესახებ |
მშობელთა 34% მიიჩნევს, რომ იცის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. 60% აცხადებს, რომ მეტ-ნაკლებად, ხოლო 6%-მა ცოტა რამ იცის მათ შესახებ |
მასწავლებლების 96%-ს სურს მიიღოს დამატებითი ინფორმაცია კონფიდენციალურობის, მონაცემთა დაცვისა და ინტერნეტ უსაფრთხოების შესახებ |
მოსწავლეების 38% თვლის, რომ მათ უნდა დაიცვან, როგორც საკუთარი, ისე სხვა ადამიანების პირადი ინფორმაცია |
საქართველოს სკოლებში ინტერნეტთან წვდომა პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მასწავლებლების 92% აცხადებს, რომ მათ სკოლას აქვს სანდო ინტერნეტი |
მშობლების 71% აცხადებს, რომ თითქმის ყველაფერი იცის შვილების ვირტუალური ცხოვრების შესახებ. ხოლო, მოსწავლეების 58%-მა განაცხადა, რომ მშობლებს ყველაფერს უყვება საკუთარ ვირტუალურ ცხოვრებაზე |