ციფრული დილემა, როგორც სასწავლო ინსტრუმენტი
12 ივნ. 2024
1461 ნახვა

ციფრული დილემა ეწოდება რთულ სიტუაციას, რომელსაც ცხადი ჭეშმარიტი ან მცდარი პასუხი არ აქვს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმე ნაწყენი ან შეურაცხყოფილია, ყოველთვის ნათელი არ არის, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და რა იქნება სწორი გამოსავალი სიტუაციიდან. ამ სირთულის გაცნობიერება მოსწავლეებს ეხმარება პრობლემის უკეთესად გააზრებასა და რეალისტური ნაბიჯების მოფიქრებაში.

ასეთი დილემების შექმნა და სასწავლო ინსტრუმენტად გამოყენება მასწავლებლებსაც შეუძლიათ. ასეთ დროს, მასწავლებელი მოსწავლეს 4 ნაბიჯის გადადგმაში უნდა დაეხმაროს:  იდენტიფიცირება (დილემის არსი და მონაწილეები), გრძნობა (როგორ შეიძლება გრძნობდეს თავს ესა თუ ის ადამიანი), წარმოდგენა (როგორ შეიძლება სიტუაციის მართვა და რა გამოსავალი არსებობს), საუბარი (რას იტყოდნენ ჩართული ადამიანები). ეს სავარჯიშო მოსწავლეებს ეხმარება სოციალური, კრიტიკული და ანალიტიკური უნარებისა და ემპათიის გრძნობის განვითარებაში, რისთვისაც მართებულია შემდეგი სტრატეგიების გამოყენება:

იყავით მიუკერძოებელი - შესაძლოა, საკუთარი პოზიცია გქონდეთ ამა თუ იმ დილემის შესახებ, მაგრამ აუცილებელია, რომ ფასილიტატორი იყოს მიუკერძოებელი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის ჩუმად იყოთ. არამედ, უნდა შეითავსოთ ჩამძიებლის როლი და მიზნად დაისახოთ, რომ მოსწავლეებს საკითხის კრიტიკულად გააზრებაში დაეხმაროთ. ამის ერთ-ერთი საშუალებაა ახალი კითხვების დასმა, ახალი საკითხების გაჟღერება და ახალი პერსპექტივების გაცნობა, რათა დისკუსია უფრო სიღრმისეულად გაიშალოს.

სახელები მნიშვნელოვანია - ეცადეთ, არ გამოიყენოთ იგივე სახელები, რაც თქვენს მოსწავლეებს ჰქვიათ. ეს მიდგომა ერთი მხრივ დაგეხმარებათ ყურადღების გაფანტვის თავიდან აცილებაში, ხოლო მეორე მხრივ, თავიდან აირიდებთ მსჯელობაზე კონკრეტული სტერეოტიპების გავლენას.

გახადეთ მსჯელობა პერსონალური - სთხოვეთ მოსწავლეებს, საკუთარი თავი დააკავშირონ დილემასთან (ხმამაღლა გაზიარება არ არის საჭირო). დასვით კითხვები და ეცადეთ, რომ მოსწავლეებს ემპათიის უნარი განუვითაროთ.

გააზიარეთ საკმარისი ინფორმაცია - მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ საკმარისი ინფორმაცია დილემის გასააზრებლად. თუმცა, ზედმეტი დეტალების გამხელა არ არის საჭირო, რათა დილემა მარტივ პასუხამდე არ დავიდეს. როდესაც მოსწავლეები კითხვების დასმას დაიწყებენ, ეცადეთ, კითხვები შეაბრუნოთ და მათ მისცეთ აზროვნების საშუალება.

გახადეთ სცენარი რელევანტური და რეალისტური - წარმოადგინეთ კავშირები დილემასა და მიმდინარე მოვლენებსა და სიტუაციებს შორის. ასევე, შეგიძლიათ, შექმნათ ახალი დილემა, რაც მიმდინარე პროცესებს შეესაბამება და ნაცნობი თემაა თქვენი მოსწავლეებისა და საზოგადოებისათვის.

დააწესეთ ნორმები - დილემის განხილვამ შესაძლოა უთანხმოება გამოიწვიოს და დისკომფორტი შეუქმნას ამა თუ იმ მოსწავლეს. ამდენად, მნიშვნელოვანია გარკვეულ წესებზე შეთანხმება, რაც დილემის განხილვისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის. მაგალითად: 1. მოუსმინეთ, რათა გაიგოთ - ეცადეთ, მეორე მხარის პოზიციის გაგებას, ვიდრე განსჯას შეუდგებით; 2. კომენტარები გააკეთეთ პირველ პირში; 3. იფიქრეთ ლოგიკურად და არა ემოციურად; 4. თუკი ვინმე ისეთ რამეს იტყვის, რაც გწყინთ ან შეურაცხმყოფელია თქვენთვის, თავს ნუ დაესხმებით ამ ადამიანს. გააცნობიერეთ, რომ თქვენ გაწყენინათ კომენტარმა და არა ადამიანმა.

მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ თუკი რომელიმე მოსწავლის მოსაზრებას კლასის უმეტესობა არ გაიზიარებს, ამ ადამიანმა შეიძლება თავი მარტოსულად იგრძნოს. ამდენად, ვიდრე კონკრეტული დილემის თემას შეარჩევთ, იფიქრეთ თქვენი კლასის გარემოსა და თითოული მოსწავლის პიროვნულ მახასიათებლებზე.

წყარო: https://pz.harvard.edu/sites/default/files/Keys%20to%20Using%20Digital%20Dilemmas.pdf