ComCom-მა 10 სტუდენტი გადაამზადა და მედიაწიგნიერების ტრენერის სტატუსი მიანიჭა
10 აპრ. 2024
575 ნახვა
ნამდვილი თუ მოგონილი?!

კომუნიკაციების კომისიამ, ახალგაზრდების კარიერული განვითარების მიზნით, მედიაწიგნიერების პროექტ „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ გამარჯვებული და საუკეთესო ნაშრომის ავტორი 10 სტუდენტი მედიაწიგნიერების სწავლებაში გადაამზადა. სემინარის ფარგლებში, მონაწილეებმა პროფესიონალი ტრენერების დახმარებით, მედიაწიგნიერების სწავლების მეთოდების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
 

ორ დღიანი საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ციფრული ცნობიერება, სოციალური ქსელების თავისებურებები, მედია და ინფორმაციული წიგნიერება, ასევე, კიბერკონფლიქტები და ჰიბრიდული ომი. სემინარის დასასრულს, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა და ტრენერის სტატუსი მიენიჭა. სერტიფიცირებულ სტუდენტებს კი, კომუნიკაციების კომისია მისცემს შესაძლებლობას, ComCom-ის მედიაწიგნიერების პროექტებში აქტიურად ჩაერთონ და სკოლებსა თუ პროფესიულ სასწავლებლებში სემინარები დამოუკიდებლად ჩაატარონ.
 
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!” ახალგაზრდებში ანალიზის, ფაქტების გადამოწმების უნარებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას ემსახურება. კონკურსი ექვსჯერ სკოლის მოსწავლეებისთვის, ხოლო ოთხჯერ სტუდენტებისთვის ჩატარდა და სულ 700-მდე მონაწილე ჰყავდა. კონკურსის პარალელურად, ComCom-მა სკოლებსა და უნივერსიტეტებში 170-მდე სემინარი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, 3700-ზე მეტი მოსწავლე და სტუდენტი მედიაწიგნიერებაში გადაამზადა.