ტექნოლოგიურმა განვითარებამ ბევრ სიკეთესთან ერთად, ახალი გამოწვევებიც გააჩინა. სამყაროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ინფორმაცია ელვის სისწრაფით ვრცელდება, ყალბ ახალ ამბებთან გამკლავების ერთადერთი იარაღი კი მედიაწიგნიერებით, ცოდნით შეიარაღებული მოქალაქეა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მედიაწიგნიერების კონკურსი - „ნამდვილი თუ მოგონილი?“
ეს არის კონკურსი უფროს კლასელებისთვისა და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის, რომელიც მოზარდებში მედიაწიგნიერების - კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად.
კონკურსის ფარგლებში, მოზარდებმა უნდა აღმოაჩინონ და გააანალიზონ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია (Fake News), რომელიც ეხება მსოფლიოში მომხდარ ამბავს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. ამასთან ერთად, მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაციის აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები.
დავალების წარმოსადგენად მოსწავლეები თავად არჩევენ ფორმატს - ვიდეო, ან მულტიმედია ნამუშევარს, პრეზენტაციას ან სხვა ალტერნატიულ კრეატიულ ფორმას. საკონკურსო ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური აფასებს.
კონკურსის პარალელურად, მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლები ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შესახებ, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ტრენინგებს ატარებენ. BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ინტერაქტიული სესიების ფარგლებში, ბავშვები სწავლობენ, როგორ მოახდინონ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ანალიზი და გადაამოწმონ ფაქტები. აღნიშნული შეხვედრები მოზარდებს საკონკურსო ნაშრომის მომზადებაშიც ეხმარება.
კონკურის წესები და პირობები შეგიძლიათ იხილოთ კომუნიკაციის კომისიის ვებ-გვერდზე https://comcom.ge/ge/namdvili-tu-mogonili
კონკურსის მონაწილეებმა საკონკურსო ნაშრომი უნდა გამოაგზავნონ შემდეგი ბმურის გამოყენებით https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeL_gqPb8JhQboB7megMNkhN9Ed_UJ5oEO3mshSP2vC78OzYQ/viewform
კონკურსში გამარჯვებულები მაღალტექნოლოგიური, შთამბეჭდავი პრიზებით ჯილდოვდებიან.