როგორ დავეხმაროთ ბავშვებს ყალბი ინფორმაციის ამოცნობასა და მედიაშეტყობინებების დეკოდირებაში
15 ივლ. 2024
1477 ნახვა

იქიდან გამომდინარე, რომ თითოული ჩვენგანი ყოველდღიურად განუზომელი რაოდენობის ინფორმაციას ვიღებთ ტელევიზიის, რაოდიოს, ბეჭდური და სოციალური მედიისა თუ სხვა საკომუნიკაციო არხების გავლით, აუცილებელია შეგვეძლოს ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის ერთმანეთისაგან გარჩევა და მედიაშეტყობინებების თანმდევი კოდების ამოცნობა. მედიაწიგნიერების საბაზო უნარები საჭიროა ბავშვებისთვისაც, რათა მათ შეძლონ სხვადასხვა სახის მედიაში გამოყენებული მეთოდების ამოცნობა.

წარმოგიდგენთ Common Sense Media-ს მიერ შემუშავებულ 5 რჩევას მშობლებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს ბავშვების კრიტიკულ მოაზროვნეებად და დაფიქრებულ მედიამომხმარებლებად ჩამოყალიბებას:

◾ წაახალისეთ ჯანსაღი სკეპტიციზმი
დაეხმარეთ თქვენს შვილებს მათ გარშემო არსებული შეტყობინებების ანალიზში, ინსტაგრამის პოსტებიდან დაწყებული ახალი ამბების სათაურებით დამთავრებული და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეთ თითოული სიტყვისა თუ ვიზუალური მასალის მნიშვნელობა კონკრეტულ კონტექსტში. ასწავლეთ შვილებს ფაქტების გადამოწმების მეთოდები.

◾ ითამაშეთ „ამოვიცნოთ რეკლამა”

როდესაც ტელევიზორში ან ბილბორდზე რეკლამას დაინახავთ, ჰკითხეთ შვილებს, რის გაყიდვას ცდილობს ეს კონკრეტული განცხადება. ზოგ შემთხვევაში, პასუხი ცხადია, ზოგჯერ კი არა. დაეხმარეთ შვილებს იმის გაგებაში, თუ რატომ გამოიყენეს ესა თუ ის სურათი, ხმოვანი გზავნილი ან სიტყვა კონკრეტული პროდუქტის გასაყიდად.

◾ განიხილეთ ამბის სხვადასხვა მხარე

რეალური ცხოვრების მაგალითების გამოყენებით, დაეხმარეთ ბავშვებს, გააცნობიერონ, თუ რამდენად განსხვავებულად შეიძლება აღიქვამდეს სხვადასხვა ადამიანი ერთსა და იმავე სიტუაციას. და-ძმებს შორის არსებული კონფლიქტი შეიძლება კარგი მაგალითი იყოს იმისა, თუ როგორი რადიკალურად განსვავებული შეხედულებები შეიძლება ჰქონდეთ ადამიანებს ერთსა და იმავე მოვლენაზე. ისაუბრეთ სადავო თემებზე და რიგრიგობით ჩამოაყალიბეთ სხვადასხვა შეხედულება შესაბამისი არგუმენტებით.

◾ ითამაშეთ „ღირს თუ არა გაზიარება?”
ისაუბრეთ იმაზე, თუ რას უზიარებთ მეგობრებს თქვენ ან თქვენი შვილები ონლაინ სივრცეში. დაუსვით მათ შემდეგი კითხვები: რა ტიპის ინფორმაციაა წარმოდგენილი? ყოველთვის გადამოწმებულია ინფორმაცია? რა გავლენას ახდენს თქვენი ემოციები თქვენს გადაწყვეტილებაზე, გააზიაროთ ან არ გააზიაროთ ესა თუ ის ინფორმაცია? გქონიათ თუ არა ისეთი გამოცდილება, როდესაც გაგიზიარებიათ რაიმე და მოგვიანებით აღმოგიჩენიათ, რომ სიმართლე არ იყო იგი?

◾ შეარჩიეთ მრავალფეროვანი წყაროები
აჩვენეთ თქვენს შვილებს, რომ ახალ ამბებსა და ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან იღებთ და აუხსენით რატომ. ჰკითხეთ, თუ საიდან იღებენ ისინი ინფორმაციას და რა ინსტრუმენტებს იყენებენ მისი სანდოობისა და მიუკერძოებლობის გადასამოწმებლად. განიხილეთ რამდენიმე მიკერძოებული მედია საშუალება და ისეთი საკითხები, როგორებიცაა სტერეოტიპები, სატირა და მაცდური სათაურები.

წყარო: https://www.commonsense.org/education/family-tips/6-12-news-and-media-literacy