ComCom-მა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გამართა
05 ივნ. 2024
322 ნახვა
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება

კომუნიკაციების კომისიამ, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობისა და საგნის შესახებ სკოლების ხელმძღვანელობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, რუსთავის სკოლის დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრა რუსთავის რესურს ცენტრში გაიმართა და 30-მდე სკოლის დირექტორი ესწრებოდა.

მონაწილეებს სიტყვით ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ დახუნდარიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ ჩიქობავამ და UNICEF-ის წარმომადგენელმა, მაია ქურციკიძემ მიმართეს. სიტყვით გამომსვლელებმა საუბრისას მედიაწიგნიერების საგნის არჩევის შესაძლებლობასა და მოზარდებში ამ უნარ-ჩვევის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. მისასალმებელი სიტყვის შემდგომ, ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარიამ ბიბილაშვილმა, დამსწრე აუდიტორიას პროექტის ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელო წარუდგინა.

კომუნიკაციების კომისიამ, გასულ წელს, აჭარის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის სკოლების დირექტორებთან 7 შეხვედრა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, 240-მდე დირექტორს საგნის დანერგვისა და არჩევის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეგახსენებთ, რომ ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების პროექტი კომუნიკაციების კომისიამ 2022 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ჩატარდა მედიაწიგნიერების საჭიროებების შესახებ კვლევა, შემუშავდა საგანმანათლებლო სტანდარტი, სასწავლო მოდული და სახელმძღვანელო, რომელთა გამოყენებითაც, მედიაწიგნიერების სწავლებაში საქართველოს მასშტაბით 1600 პედაგოგი გადამზადდა. დღეის მონაცემებით, მედიაწიგნიერება, როგორც არჩევითი საგანი, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X, XI, და XII კლასის მოსწავლეებისთვის საქართველოს უკვე 6 სკოლაში დაინერგა და მომავალში, სხვა სკოლებშიც დაინერგება.