ფაქტების გადამოწმების ინსტრუმენტი: SIFT მეთოდი
02 აპრ. 2024
603 ნახვა

ვიდრე ინფორმაციას დაიჯერებთ ან გაავრცელებთ, ხმამაღლა წაიკითხეთ და საკუთარ თავს ჰკითხეთ, თუ რამდენად რეალისტური და ადვილად დასამტკიცებელია იგი. თუკი არ ხართ 100%-ით დარწმუნებული, მაშინ, შეგიძლიათ ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ციფრული წიგნიერების ექსპერტის მაიკ კოფილდის 4 ნაბიჯი გამოიყენოთ, რომელიც SIFT მეთოდის სახელით არის ცნობილი.

SIFT მეთოდი თავს უყრის ფაქტების შემოწმების ძირითად სტრატეგიებს იმის დასადგენად, თუ რამდენად იმსახურებს ესა თუ ის წყარო ჩვენს ყურადღებას, ესენია:

 

Stop - შეჩერდით

როდესაც ინფორმაციის წყაროს გადააწყდებით და მის კითხვას დაიწყებთ, შეჩერდით. ჰკითხეთ საკუთარ თავს, ენდობით თუ არა ავტორს, გამომცემლობასა თუ ვებგვერდს. თუ ინფორმაციის წყაროსადმი თქვენი ნდობა დაბალია, გამოიყენეთ შემდეგი ნაბიჯები, რათა ნათელი წარმოდგენა შეიქმნათ ინფორმაციის რაობაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ წაიკითხოთ, გააზიაროთ ან გამოიყენოთ წყაროდ ისეთი ინფორმაცია, რომლის სანდოობაშიც დარწმუნებული არ ხართ.

Investigate the Source - გამოიკვლიეთ წყარო

წყაროს შესასწავლად დიდი დროის დახარჯვა არ არის აუცილებელი. თუმცა, თუკი ინფორმაციას ეკონომიკასთან დაკავშირებულ თემაზე კითხულობთ და მისი ავტორი ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტია, ეს შესაძლოა საკმარისი არგუმენტი იყოს წყაროს სანდოობის დასადგენად. ანალოგიურად, თუკი საქმე რძის წარმოებას ეხება, ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია არის თუ არა ინფორმაციის წყარო მისი მწარმოებელი კომპანია ან ინდუსტრიის სხვა წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტი ან რძის პროდუქტების ინდუსტრიის წარმომადგენელი ყოველთვის სანდოა, ან მათი სიტყვა არასდროს არის სარწმუნო. თუმცა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა ექსპერტული ცოდნა ან განზრახვა შეიძლება ჰქონდეს ინფორმაციის წყაროს.

ინფორმაციის სანდოობის გადასამოწმებლად, ფაქტების შემმოწმებლები, როგორც წესი, „ლატერალურიკითხვის მეთოდს იყენებენ, რაც გულისხმობს მრავალი წყაროს გადახედვას და არა ერთი კონკრეტული წყაროს სიღრმისეულ (ვერტიკალურ) ანალიზსს. ბრაუზერში მრავალი ფანჯრის ერთდროულად გახსნა ეფექტური საშუალებაა ზოგადი სურათის წარმოსადგენად.

Find Better Coverage - იპოვეთ ამბის უკეთესი წყარო

როგორ მოვიქცეთ, თუკი თქვენი წყარო დაბალხარისხიანია, ან მის სანდოობას ვერ ადასტურებთ? ან, იქნებ, თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი არის წყაროში წარმოდგენილი არგუმენტის სარწმუნოების დადგენა. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ ამბავი ნამდვილია თუ ყალბი, ან რამდენად წარმოადგენს იგი კონსენსუსის საგანს, საუკეთესო სტრატეგია გახლავთ ალტერნატიული წყაროს მოძიება. ნაცვლად იმისა, რომ პირველივე წყაროთი დაკმაყოფილდეთ, ყოველთვის სცადეთ, იპოვოთ უკეთესი ხარისხის წყარო.

Trace Claims, Quotes, and Media to the Original Context - მიჰყევით არგუმენტების, ციტირებული ფრაზებისა და მედიის კვალს თავდაპირველ კონტექსტამდე

ინტერნეტში ხელმისაწვდომი ინფორმაციის უმეტესობა კონტექსტიდან ამოგლეჯილია. მაგალითად, შეიძლება გადავაწყდეთ ვიდეოს, სადაც ერთი მხარე აშკარად მჩაგვრელად არის წარმოჩენილი. თუმცა, რა უძღოდა მის ქმედებას წინ? რა სცენა შეიძლება ამოეჭრათ კადრიდან? ისიც შესაძლებელია, რომ რეალური ფოტოსურათი/ვიდეო მაცდური წარწერით გავრცელდეს. გარდა ამისა, არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც კონკრეტული განცხადება არასწორად მიეწერება ამა თუ იმ კვლევით ჯგუფს, ან სამეცნიერო მიგნებას. შესაძლებელია, ინფორმაციის შემქმნელი თავადაც ცდებოდეს, ან გამიზნულად ცდილობდეს აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას. ასეთ დროს, მიჰყევით გამოყენებულ არგუმენტებსა და ციტირებულ ფრაზებს თავდაპირველ წყარომდე, რათა თავად ნახოთ ორიგინალი კონტექსტი და განსაჯოთ, რამდენად ზუსტად მოხდა მისი ინტერპრეტირება.  

წყარო: https://pressbooks.pub/introtocollegeresearch/chapter/the-sift-method/