ევროპის ციფრული მედიის ობსერვატორიის მედიაწიგნიერების გზამკვლევს 70-მდე ორგანიზაციასთან ერთად მხარს ComCom-იც უჭერს
28 ოქტ. 2024
102 ნახვა

კომუნიკაციების კომისიამ, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელმა ორგანომ, მხარი დაუჭირა ევროპის ციფრული მედიის ობსერვატორიის (EDMO) მიერ შექმნილ მედიაწიგნიერების ინიციატივების გზამკვლევს. გზამკვლევი მედიაწიგნიერების მიმართულებით ინიციატივების ეფექტიანობის გაზრდას ემსახურება, რომელიც თავის მხრივ შესაბამის რეკომენდაციებსა და საერთაშორისო მაგალითებს მოიცავს.

გზამკვლევი შედგება მედიაწიგნიერების ინიციატივების შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების ეტაპებისგან, რომლებიც თავის მხრივ, 12 პრინციპს - მკაფიო მიზნების განსაზღვრას; სამიზნე აუდიტორიის გაძლიერებაზე ორიენტირებას; ინკლუზიურობის, გამჭვირვალობისა და მდგრადობის უზრუნველყოფას; შედეგებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებას; ეთიკური პრინციპების დაცვას;  საჭიროებასთან შესაბამისობას; ციფრული მედიაეკოსისტემის გააზრების ხელშეწყობას; ინიციატივის სათანადოდ მომზადებას; პოტენციური გაუმჯობესების შესაძლებლობის განსაზღვრასა და შედეგების შეფასებას მოიცავს.

გზამკვლევი შემუშავებულია EDMO-ს მედიაწიგნიერების სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის სამუშაო ჯგუფის წევრების, კერძოდ, ისეთი საერთაშორისო ექსპერტების მიერ, როგორებიც არიან: მარტინა ჩეპმანი, მაია კაპელო, სონია ლივინგსტონი, ვიტორ ტომე და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ციფრული მედიის ობსერვატორიამ მედიაწიგნიერების ინიციატივების გზამკვლევი 21 ოქტომბერს გამოაქვეყნა და მას მხარი 28 ქვეყნის 70-მდე ორგანიზაციამ, მათ შორის, ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა (Ofcom) და სლოვაკეთის მედიამომსახურებების საბჭომ (CMS) დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, კოლეგა მარეგულირებლებთან და სექტორის წარმომადგენელ სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ინფორმაციის გაზიარება, ერთ-ერთი პრიორიტეტია.