ComCom-ის ორგანიზებით, 24-31 ოქტომბერს მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული გაიმართება
23 ოქტ. 2023
813 ნახვა
მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული

კომუნიკაციების კომისია, გაეროს წევრ ქვეყნებთან ერთად, 24-31 ოქტომბერს საქართველოში რიგით მესამე, მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულს გამართავს. კვირეულის მანძილზე, დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში, რომლებიც განკუთვნილია როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე, პედაგოგებისთვის, მშობლებისთვის, სტუდენტებისა და სტარტაპეკოსისტემით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის. სპეციალურად კვირეულისთვის კომუნიკაციების კომისია საქართველოში მედიაწიგნიერების საერთაშორისო ექსპერტებს ჩამოიყვანს, მათ შორის: მედიაწიგნიერების ექსპერტსა და ამერიკელ პროფესორ რენე ჰობსს, ასევე, ევროკომისიის მიერ ციფრულ ელჩად აღიარებულ ლინდა ლიუკასს, რომლებიც კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაზე ქართველ აუდიტორიას საერთაშორისო გამოცდილებას გაუზიარებენ და სემინარებს ჩაატარებენ. ComCom-ის ორგანიზებით, კვირეულის ფარგლებში საქართველოში ასევე ჩამოვა ბრიტანეთის მარეგულირებელი კომისიის (Ofcom) მედიაწიგნიერების პოლიტიკისა და პროექტების ხელმძღვანელი, ფეი ლანტი. მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნება.

კვირეული მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მასწავლებლებთან დაგეგმილი შეხვედრით გაიხსნება, რომლის ფარგლებშიც, პედაგოგებისთვის მედიაწიგნიერების გაკვეთილების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციის შემდგომ, მონაწილეებისთვის სახელმძღვანელოს პრაქტიკული გამოყენების შესახებ სემინარი ჩატარდება.  აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ჰიბრიდული იქნება და ნებისმიერ მსურველს, დისტანციურად დასწრების შესაძლებლობა ექნება.

მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული, მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში მედიაწიგნიერების დღის აღნიშვნით გაგრძელდება. მედიაწიგნიერებისადმი მიძღვნილი დღის ფარგლებში, მასწავლებლები მოსწავლეებთან ერთად იმსჯელებენ ყალბი ინფორმაციისა და მისი მავნე ზეგავლენის შესახებ. ComCom-ის მიერ მიწოდებული საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით კი, მოსწავლეების ჩართულობით მრავალფეროვანი შემეცნებითი აქტივობები ჩატარდება, მათ შორის: მომზადდება საინფორმაციო ბანერები და ვიდეოები, მოეწყობა ესეების კონკურსი, ასევე, ჩატარდება სიმულაციური თამაშები და გაიმართება კინოჩვენებები კრიტიკული აზროვნების განვითარების მიზნით.

26 ოქტომბერს,  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA) პედაგოგებისთვის ComCom-ის მიერ თარგმნილი და ქართულ ენაზე გამოცემული გამარჯობა რუბის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც წიგნის ავტორი და ევროკომისიის მიერ ციფრულ ელჩად აღიარებული ლინდა ლიუკასი გაუძღვება. გამარჯობა რუბი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი პროგრამირებისა და კომპიუტერული მეცნიერების საწყისების წიგნია, რომელიც 25 ენაზეა თარგმნილი და ნიუ-იორკის სკოლების სასწავლო პროგრამაშია შეტანილი. შეხვედრის ფარგლებში, ლინდა ლიუკასი მასწავლებლებს წიგნის სასწავლო პროცესში გამოყენების შესახებ გადაამზადებს, რის შემდეგაც, მონაწილეებს ახალი წიგნები დაურიგდებათ. კვირეულის დასრულების შემდეგ კი, გამარჯობა რუბი, როგორც  დამატებითი საგანმანათლებლო რესურსი, საქართველოს სკოლებსაც გადაეცემა.

მასწავლებლების გადამზადების შემდგომ, ლინდა ლიუკასი შეხვედრას ასევე გამართავს მშობლებთან, სადაც მათთან ერთად, მოზარდების კიბერუსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებს. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოება, ეკრანთან გატარებული დროის კონტროლის მეთოდები, ბავშვებისთვის შეუსაბამო შინაარსის მქონე კონტენტის შეზღუდვის მექანიზმები, ასევე, კომპიუტერისა და ინტერნეტის სასარგებლოდ გამოყენების შესაძლებლობები და კომპიუტერული კოდირების საკითხები.

26 ოქტომბერს, ComCom-ის მედიალაბის ორგანიზებით, ახალგაზრდებისთვის მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი დაიწყება და 29 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ჰაკათონი მიზნად მედიაწიგნიერების გარშემო არსებული გამოწვევების გადაჭრის ინოვაციური გზების აღმოჩენას ისახავს. ჰაკათონის ფარგლებში, მონაწილე გუნდები სამი დღის განმავლობაში შეეცდებიან ბიზნესპროექტებისა და ინოვაციური პროდუქტის პროტოტიპების შემუშავებას, რომელშიც მათ პროფესიონალი მენტორები დაეხმარებიან. ჰაკათონის დასასრულს, კომპეტენტური ჟიური გამარჯვებულ გუნდებს გამოავლენს და მათ 1000, 2000 და 5000 ლარის ოდენობის ჯილდოს გადასცემს. 

მომდევნო ღონისძიების ფარგლებში, ციფრული და მედიაწიგნიერების განათლების სფეროს წამყვანი საერთაშორისო ექსპერტი, მედიაგანათლების ლაბის დამფუძნებელი და მედიის კვლევებისა და განათლების დარგში 12 წიგნის ავტორი, პროფესორი რენე ჰობსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს და ყურადღებას დემოკრატიული საზოგადოებისთვის მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე, მსოფლიო ტენდენციებსა და იმ გამოწვევებზე გაამახვილებს, რომელიც მედიაწიგნიერების სწავლების კუთხით, მთელს მსოფლიოში არსებობს. შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება და დაინტერესებულ ადამიანებს, ონლაინ ვებინარზე დასწრება შეეძლებათ. 

ComCom-ის ორგანიზებით, მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული 31 ოქტომბერს შემაჯამებელი კონფერენციით დაიხურება, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე, გაეროს, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები გახსნიან. პირველი სესიის თემას მედიაწიგნიერების მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილება, ტენდენციები და გამოწვევები წარმოადგენს, რომელსაც მოწვეული სპიკერები - მედიაწიგნიერების ექსპერტი რენე ჰობსი, Ofcom-ის მედიაწიგნიერების პოლიტიკისა და პროექტების ხელმძღვანელი ფეი ლანტი და პროფესორი გია მურღულია გაუძღვებიან. მომდევნო პანელურ სესიაში კი, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქის მედიას შეეხება, ComCom-ის წევრი, ივანე მახარაძე, ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი და პროდიუსერი ირაკლი კაკაბაძე მიიღებენ მონაწილეობას. 

მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული 2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება და საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის,  მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების პროცესში მეტი დაინტერესებული მხარის ჩართვა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

2023 Global Media & Information Literacy Week