ყალბი ინფორმაციის ამოცნობის მიზნით კომუნიკაციების კომისია 1000-ზე მეტ მოსწავლეს გადაამზადებს
01 ივნ. 2021
1443 ნახვა
ნამდვილი თუ მოგონილი?!

კომუნიკაციების კომისია თბილისისა და რეგიონებში  50 სკოლის 1000-ზე მეტ უფროსკლასელს  მედიაწიგნიერების ტრენინგებს უტარებს. ტრენინგები მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?! ფარგლებში ტარდება და BBC აკადემიის სასწავლო მასალებით შექმნილ პროგრამას მოიცავს. კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგინერების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს საკუთარ გამოცდილებას კონკურსში გამარჯვებული და წარმატებული სტუდენტები უზიარებენ. მიღებული ცოდნა მოსწავლეებს კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების კონკურსში  მონაწილეობაში დაეხმარება.

რაც შეეხება სტუდენტებს, „ნამდვილი თუ მოგონილი“ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის 2020 წელს პირველად ჩატარდა. საუკეთესო სტუდენტებს კი კომუნიკაციების კომისიამ სერტიფიცირებული ტრენინგები ჩაუტარა და მათ კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარა. 

ტრენინგების ფარგლებში მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლები მოსწავლეებს  ყალბი ინფორმაციის  აღმოჩენისთვის  საჭირო უნარ ჩვევების განვითარებაში ეხმარებიან.  ეს უნარები მოსწავლეებს ნამდვილი და მოგონილი ამბის  ერთმანეთისგან გარჩევასა და  ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციაში ეხმარება.  ტრენინგის ფარგლებში მიღებული ცოდნა, მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებს დაეხმარებათ მონაწილეობა მიიღონ კონკურში „ნამდვილი თუ მოგონილი“?!, რომელიც 30 ივნისამდე გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ და „მედიააკადემიამ“ მოზარდებში, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარების მიზნით, მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე ოთხჯერ წარმატებით ჩაატარა. კონკურსებში 500-მდე სკოლის მოსწავლემ და სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. მედიაწიგნიერების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის მეოთხედ გამოცხადდა და მონაწილეობის მსურველ მოსწავლეებს ნამუშევრების გამოგზავნა 30 ივნისამდე შეუძლიათ.

ტრენინგების დიდი ნაწილი უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით ონლაინ რეჟიმში ტარდება. ხოლო იმ სკოლებში სადაც შესაძლებელია უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვა მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლები სკოლებში ადგილზე ატარებენ ტრენინგებს.