მედიაწიგნიერების როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში
03 მაი. 2023
2481 ნახვა

მედიაწიგნიერება გადამწყვეტია ჩვენს საზოგადოებაში თანასწორობის, კეთილდღეობისა და დემოკრატიის ხელშეწყობისთვის. მედიაწიგნიერება ადამიანებს ეხმარებათ  განივითარონ კრიტიკული აზროვნების უნარები და გახდნენ მედიის ინფორმირებული მომხმარებლები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ეპოქაში. მედიაწიგნიერების როლი ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის ხელშეწყობისთვის და აუცილებელია ჯანსაღი და ძლიერი დემოკრატიის ჩამოსაყალიბებლად.

ქვეყანა სადაც მოსახლეობაში მედიაწიგნიერების დონე მაღალია და მოქალაქეებს შეუძლიათ კრიტიკულად შეაფასონ მედიაწყაროები, აღმოაჩინონ მიკერძოება და გაფილტრონ ინფორმაცია, აქვთ შესაძლებლობა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ, არჩევანის უფლება კი დემოკრატიის საფუძველია.

დღევანდელ ციფრულ ეპოქაში მედიაწიგნიერება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. იქიდან გამომდინარე, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქეებს უფლება აქვთ ჰქონდეთ წვდომა მრავალფეროვან ინფორმაციასა და სხვადასხვა წყაროებთან, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მოსახლეობაში განვითარებული იყოს მედიაწიგნიერების უნარები. თითოეული საკითხისადმი კრიტიკული მიდგომა მათ დაეხმარებათ გაარკვიონ ამ წყაროების სანდოობა, ავთენტურობა, წარმომავლობა და ინფორმაციის შექმნის მიზანი.  ასევე, მედიაწიგნიერება ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას იყვნენ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები და მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია გაავრცელონ, რამაც შესაძლებელია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს საზოგადოების საერთო დამოკიდებულებასა და აზრზე, რაც. ფაქტებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა.

გარდა ამისა, მედიაწიგნიერების მაღალი დონის მქონე საზოგადოებაში თითქმის შეუძლებელია დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელება, ეს ორი მიმართულება კი ძირს უთხრის მთავარ დემოკრატიულ ღირებულებებს.  ინფორმაციისა და მედია მესიჯების კრიტიკული შეფასების უნარ-ჩვევების განვითარებით, ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ  თავი და სხვები ცრუ ან მიკერძოებული ინფორმაციის გამო მცდარი გადაწვეტილებების მიღებისგან.

პედაგოგები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების უნარების  ჩამოყალიბებაში, თუმცა მხოლოდ მათი ძალისხმევა არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია მშობლებმა და აღმზრდელებმაც იზრუნონ ახალი თაობების კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარებისთვის, რათა მათ შეძლონ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება და მარტივად განასხვავონ პროპაგანდისტული, თუ კომერციული მიზნებისთვის შექმნილი ყალბი ამბავი რომელის დაჯერებაც ხელს შეუშლის ინფორმირებული და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას.

შეჯამებისთვის, მედიაწიგნიერება სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს ასრულებს დემოკრატიული საზოგადოების შექმნასა და შენარჩუნებაში, რაც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს იყვნენ ინფორმირებულნი, კრიტიკულად მოაზროვნენი, რომელთაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღონ სამოქალაქო ცხოვრებაში.

წყარო: https://www.ace-ed.org/erin-mcneill-media-literacy-is-essential-to-equity-well-being-and-democracy/

https://www.opolisci.com/wp-content/uploads/pdf-front/Social_Media_and_Democracy.pdf