კიბერბულინგი: რა არის და როგორ შევაჩეროთ იგი
24 თებ. 2023
6594 ნახვა

კიბერბულინგი არის განმეორებადი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის დაშინებას, გაბრაზებას ან შერცხვენას ციფრული ტექნოლოგიების (სოციალური მედია, ვიდეო თამაშები, შეტყობინებები და ..) გამოყენებითპირდაპირი ბულინგი და კიბერბულინგი შესაძლოა ერთდროულად მიმდინარეობდეს. თუმცა, კიბერბულინგი ტოვებს კვალს - მტკიცებულებას, რომელიც მის შესაჩერებლად გამოგვადგება.

კიბერბულინგი შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ფორმებით:

- ადამიანის შესახებ ტყუილის გავრცელება, ან შეურაცხმყოფელი ფოტოების გასაჯაროება სოციალური მედიის პლატფორმებზე;

-   არასასურველი შეტყობინებების ან მუქარის გაგზავნა;

-   სხვა ადამიანის განსახიერება და მისი სახელით შეტყობინებების გაგზავნა.

UNICEF-მა, სოციალური მედიის პლატფორმებთან (Facebook, Instagram, Snapchat, TikTok და Twitter)  თანამშრომლობით, კიბერბულინგის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში, უპასუხა თინეიჯერებში ყველაზე პოპულარულ შეკითხვებს. რამდენიმე მათგანს ქვემოთ გაეცნობით:

ვარ თუ არა ონლაინ ბულინგის მსხვერპლი? როგორ განვასხვაოთ ხუმრობა და ბულინგი ერთმანეთისგან?

ყველა მეგობარი ხუმრობს ერთმანეთში. თუმცა, ზოგჯერ, რთულიაგაარკვიო უბრალოდ ერთობიან თუ ცდილობენ გული გატკინონ, განსაკუთრებით ონლაინ სივრცეში. შესაძლოა გითხრან - უბრალოდ ვხუმრობანსერიოზულად ნუ მიიღებ“. მიუხედავად ამისა, თუ გწყინთ ან თვლით რომ სხვები დაგცინიან, მაშინ ეს ხუმრობის ფარგლებს სცდება.

დაარქვით, რაც გინდათ, მაგრამ თუ თავს ცუდად გრძნობთ და თქვენი გაღიზიანების გამომწვევი ქცევა არ წყდება მიუხედავად თქვენი გაფრთხილებისა, ითხოვეთ დახმარება. კიბერბულინგის შეჩერება მიზნად მხოლოდ მჩაგვრელების გამოვლენას კი არ ისახავს, არამედ, ეფუძნება იდეას, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს პატივისცემას, ონლაინ და რეალურ სამყაროში.

როგორი გავლენა შეიძლება მოახდინოს კიბერბულინგმა?

ონლაინ ბულინგი ისეთი განცდაა, თითქოს, ყველგან თავს გესხმიან, მათ შორის საკუთარ სახლში და გასაქცევი არსად გაქვს. ამან შესაძლოა მოზარდებს უბიძგოს ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გამოყენებისკენ საკუთარი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტკივილის დასაძლევად. ასეთმა გამოცდილებამ კი, ადამიანზე შეიძლება მრავალი სახის კვალი დატოვოს, მათ შორის:

მენტალურიგაღიზიანება, შერცხვენა, თავის სულელად მიჩნევა, შეშინება ან ბრაზი;

ემოციური - საყვარელი საგნების გამო სირცხვილი ან მათ მიმართ ინტერესის დაკარგვა;

ფიზიკური - დაღლილობა (უძილობა), ან ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ან თავის ტკივილი.

ხშირად, ადამიანები, რომლებიც დაცინვის და შეურაცხყოფის ობიექტები ხდებიან, საკუთარ გამოცდილებაზე ვერ საუბრობენ და არც პრობლემის მოგვარება შეუძლიათ. კიბერბულინგის მხსვერპლი ხშირად თავს იზოლირებულად გრძნობს, აცდენს სკოლას და, უკიდურეს შემთხვევაში, თვითმკვლელობასაც კი მიმართავს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კიბერბულინგის გავლენა მრავალმხრივია, მისი დაძლევა შესაძლებელია, ისევე, როგორც თავდაჯერებულობისა და ჯანმრთელობის აღდგენა.  

ვის მივმართო, თუკი მაბულინგებენ ონლაინ სივრცეში?

პირველ რიგში, მიმართეთ ისეთ ადამიანს, ვისაც ენდობით და პირადად იცნობთ, მაგალითად, მშობელს, ოჯახის წევრს ან სხვა სანდო უფროსს (სკოლის მრჩეველს, მწვრთნელს ან თქვენს საყვარელ მასწავლებელს). ხოლო, თუკი ნაცნობ ადამიანთან ლაპარაკი არაკომფორტულია თქვენთვის, დარეკეთ ცხელ ხაზზე ან მიმართეთ პროფესიონალს.

თუ ბულინგი ხდება სოციალურ პლატფორმაზე, დაბლოკეთ მჩაგვრელი და ფორმალურად დაარეპორტეთ მისი ქცევა. გახსოვდეთ, რომ სოციალური მედიის პლატფორმებს მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება აქვთ. ამისათვის, კარგი იქნება ისეთი მტკიცებულებების შეგროვება, როგორებიცაა ტექსტური შეტყობინებები, სქრინშოთები და .. ხოლო, თუ საფრთხეში ხართ, დაუყოვებლივ დაუკავშირდით პოლიციას ან გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

კიბერბულინგის მსხვერპლი ვარ, მაგრამ მეშინია და მშობლებს ვერ ვეუბნები. როგორ მოვიქცე?

მშობელთან საუბარი ყველასთვის მარტივი არ არის, მაგრამ რამდენიმე რჩევა შესაძლოა დაგეხმაროთ. შეარჩიეთ სასაუბროდ ისეთი დრო, როცა მათი ყურადღება თქვენზეა მოპყრობილი. აუხსენით, რამდენად სერიოზულია ეს პრობლემა თქვენთვის. გახსოვდეთ, რომ თქვენი მშობლები შესაძლოა ტექნოლოგიებში არ იყვნენ თქვენსავით გათვითცნობიერებული და დამატებით ახსნა-განმარტებას საჭიროებდნენ სიტუაციის გასააზრებლად.

შესაძლოა, თქვენს მშობლებს მზა პასუხები არ ჰქონდეთ პრობლემის მოსაგვარებლად. თუმცა, დიდი ალბათობით, ეცდებიან დაგეხმარონ და ერთად იპოვით გამოსავალს. თუ მაინც არ ხართ დარწმუნებული, დაელაპარაკეთ სხვა სანდო ადამიანს. გახსოვდეთ, რომ ხშირად უფრო მეტ ადამიანს უყვარხართ და უნდა თქვენი დახმარება, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ!

როგორ დავეხმარო მეგობარს კიბერბულინგის შემთხვევის დარეპორტებაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას ამის სურვილი არ აქვს?

ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს კიბერბულინგის მსხვერპლი. თუ დაინახავთ რომ ეს თქვენს ნაცნობს დაემართა, გაამხნევეთ იგი და შეახსენეთ, რომ მისი დახმარება გსურთ. მნიშვნელოვანია, მოუსმინოთ თქვენს მეგობარს - რატომ არ სურს კიბერბულინგის დარეპორტება? როგორ გრძნობს თავს?

გახსოვდეთ, რომ თქვენი მეგობარი შეიძლება თავს დაუცველად გრძნობდეს. ამიტომ, გამოიჩინეთ გულისხმიერება მის მიმართ. დაეხმარეთ იმის მოფიქრებაში, თუ ვის დაელაპარაკოს და რა უთხრას. შესთავაზეთ გაყოლა, თუ გადაწყვეტს ამ ფაქტის დარეპორტებას. გაითვალისწინეთ, რომ კიბერბულინგი სიცოცხლისთვის საშიშ პრობლემას წარმოადგენს. უმოქმედობამ კი, შესაძლოა ადამიანს აგრძნობინოს, რომ ყველა მის წინააღმდეგაა და არავის ადარდებს იგი. გახსოვდეთ, რომ თქვენს სიტყვებს დიდი ძალა აქვს!

როგორ ავიცილო თავიდან ჩემი პირადი ინფორმაციით მანიპულაციის ან შეურაცხყოფის საფრთხე ონლაინ სივრცეში?

კარგად დაფიქრდით, სანამ ონლაინ სივრცეში რამეს დაპოსტავთ ან გააზიარებთ. არ გაასაჯაროვოთ ისეთი დეტალები, როგორიცაა მისამართი, ტელეფონის ნომერი ან თქვენი სკოლის სახელი. შეისწავლეთ თქვენი საყვარელი სოციალური აპლიკაციების კონფიდენციალურობის პარამეტრები, მათ შორის:

-  შეგიძლიათ განსაზღვროთ, ვის შეეძლება თქვენი პროფილის ნახვა, შეტყობინების გამოგზავნა ან თქვენს პოსტებზე კომენტარის გაკეთება;

-  შეგიძლიათ დაარეპორტოთ შეურაცხმყოფელი კომენტარები, შეტყობინებები, ფოტოები და ვიდეოები და მოითხოვოთ მათი წაშლა;

-   გარდა მეგობრების სიიდან წაშლისა, შეგიძლიათ დაბლოკოთ ადამიანი და შეუზღუდოთ მას თქვენთან კონტაქტი;

-     შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი პოსტები ან დაუმალოთ ისინი კონკრეტულ ადამიანებს.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი საყვარელი სოციალური მედიის პლატფორმების უმეტესობა არ ატყობინებს ამა თუ იმ ადამიანს, როდესაც ბლოკავთ, უზღუდავთ ინტერაქციას ან არეპორტებთ მას.

წყარო: https://www.unicef.org/end-violence/how-to-stop-cyberbullying