კომუნიკაციების კომისიამ მასწავლებლებს „მედიის ეკონომიკის“ სწავლების მეთოდი გააცნო
01 დეკ. 2019
1863 ნახვა
მედიის ეკონომიკა

კომუნიკაციების კომისიამ დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგზე 10-მდე საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლები „მედიის ეკონომიკის“ სწავლების მეთოდს გაეცნენ. კომისიის მედიაწიგნიერების ხელშეწყობისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა პედაგოგებს პროექტის სილაბუსი გააცნო. საგაკვეთილო სქემა კურსის ავტორთან, „ზაფირიას მედიაგანათლების ცენტრის“ დირექტორ ალესანდრა ფალკონთან ერთადაა შემუშავებული და სპეციალურად ქართულ სკოლებზეა მორგებულია.  

პროექტი „მედიის ეკონომიკა“, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებისა და ორგანიზაცია „Evens Foundation“-ის მიერ წარმატებულ და ეფექტიან მედიაწიგნიერების პროექტადაა აღიარებული, მოზარდებში მედიაწიგნიერების განვითარებას ემსახურება და ის ციფრული მედიის ეკონომიკის პრინციპების სწავლებაზეა ორიენტირებული.

„მედია ეკონომიკის“ კურსის სამიზნე აუდიტორიას 10-დან 15 წლამდე მოზარდები წარმოადგენენ, რომელთა სწავლებაც მულტიმედიური პლატფორმებისა და ინტერნეტის გამოყენებით, პრაქტიკული და ინტერაქტიული სამუშაოების გზით მოხდება. 

„მედიის ეკონომიკის“ პროექტი აღიარებულია, როგორც უნიკალური მიდგომა მედიასაფრთხეების შესახებ ბავშვების ცნობიერების დონის ასამაღლებლად. პროექტი ფოკუსირებულია სოციალურ მედიაზე, რომელიც მოზარდებს ყურადღებას ამახვილებინებს პირადი ინფორმაციის დაცვის ასპექტებზე, კიბერბულინგსა და ინტერნეტში არსებულ სხვა საფრთხეებზე.

აღნიშნული პროექტი მოზარდებს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ფინანსდება სოციალური მედია, ამ პროცესში რა როლი აქვს და როგორ შეაქვს თითოეულ მომხმარებელს საკუთარი წვლილი, თუნდაც ერთი მოწონებითა (Like) და აქტივობით.  

„მედიის ეკონომიკის“ პროექტი ბავშვებს წარმოდგენას უქმის სოციალური მედიის ფუნდამენტურ ეკონომიკურ პრინციპებზე. ამასთან, პროექტის მიზანია, მოზარდები სწორად ინფორმირებულნი იყვნენ საკუთარი ონლაინ პიროვნების შესახებ.   

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები იმსჯელებენ, გაანალიზებენ და შეისწავლიან, თუ როგორ აგენერირებს შემოსავლებს ისეთი უფასო ვებ-საიტები, როგორიც არის: Facebook, Youtube, Wikipedia... როგორ იზრდება კომპანიების შემოსავალი მომხმარებლისთვის უფასო მომსახურებების გაწევის პროცესში, როგორ ხდება  ვებ-გვერდებისთვის მომუშავე პერსონალის სამუშაოს ანაზღაურება, რა არის ციფრული იდენტობა და ა.შ.

პირველ ეტაპზე „მედიის ეკონომიკის“ კურსს 10-მდე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები გაივლიან.

კომუნიკაციების კომისია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, 2019 წელს მოზარდებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლების ჩართულობით, მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, 5 პროექტს ახორციელებს.

პროექტები ევროკავშირის ქვეყნების წარმატებული პრაქტიკების შესწავლის, მათი ეფექტიანობის შეფასებისა და საქართველოში განხორციელების შესაძლებლობების ანალიზის შედეგად შეირჩა.