XXI საუკუნეში 14-18 წლის ახალგაზრდები ინფორმაციას იმ მოცულობითა და სიხშირით იღებენ, რაც წლების წინ წარმოუდგენელიც კი იყო. სწორედ ეს ინფორმაცია აყალიბებს მათ რწმენებს, მოსაზრებებს, ცოდნას და განსაზღვრავს ქცევას საზოგადოებაში. მნიშვნელოვანია, მოზარდებს შეეძლოთ მიღებული ინფორმაციის შეფასება და კრიტიკული გააზრება.
საზოგადოება ახალი გამოწვევის წინაშე დგას - მოახერხოს ორიენტირება და სანდო ინფორმაციის ამორჩევა. განსაკუთრებით საქართველოში, სადაც როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანში, წლების მანძილზე აუდიტორია მხოლოდ ერთი ან რამდენიმე არხიდან იღებდა ინფორმაციას. ინტერნეტის განვითარებასთან ერთად კი ინფორმაცია მრავალი წყაროდან თავად მიდის მომხმარებლამდე, რაც ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს მას - განივითაროს ინფორმაციის სელექციის უნარ- ჩვევა. ქვეყანაში სულ უფრო აქტუალური ხდება მედიაწიგნიერების საკითხი, რადგან სწორედ მედიაწიგნიერი და კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოება ვერ გახდება დეზინფორმაციის მსხვერპლი.
მედიაწიგნიერება აუცილებელია არა მხოლოდ ადამიანთა კეთილდღეობისთვის (მაგ. განასხვავოს საჭირო და საზიანო რჩევები ჯანმრთელობისთვის), არამედ მშვიდობის მშენებლობისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, დემოკრატიისთვის. მედიაწიგნიერება აძლიერებს შეიტანონ პოზიტიური წვლილი, უპასუხონ ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა ინდოქტრინაცია, ანტისოციალური გზავნილები და ხელი შეუწყონ საზოგადოებრივ ცვლილებებს.
პროგრამის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს გახდნენ მედიაწიგნიერები, კრიტიკულად მოაზროვნენი, რათა შეძლონ იმის ინტერპრეტაცია და გააზრება, რასაც ხედავენ, კითხულობენ და ისმენენ. წინამდებარე მედიაწიგნიერების სახელმძღვანელო არაფორმალური განათლების გზით დაეხმარება ახალგაზრდებს აიმაღლონ ცოდნის დონე მასობრივი კომუნიკაციის და ახალი ტექნოლოგიების შესახებ, გააძლიერებს მათ უნარს კრიტიკულად გაანალიზონ, თუ რა კავშირი არსებობს მედიას, აუდიტორიასა და ინფორმაციას შორის. მედიის პრობლემა ისაა, რომ მას შეუძლია წაახალისოს სექსიზმი, რადიკალიზმი, ეთნოცენტრიზმი, ჰომოფობია და სხვა ტიპის ცრურწმენები, ხელი შეუწყოს დეზინფორმაციას, პრობლემურ იდეოლოგიებს და საკამათო ღირებულებებს.
მედიაზე ბრმად დამოკიდებულება კლავს ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას და სამოქალაქო ვალდებულებას, რომ დასვან კითხვები, იკამათონ. ამიტომაც უკიდურესად მნიშვნელოვანია, მოზარდებმა კრიტიკულად გაიაზრონ მიღებული ინფორმაცია, იმსჯელონ მის ნამდვილობაზე, ამოიცნონ და გაანალიზონ მიკერძოებული გაშუქება.
იხილეთ მედიაწიგნიერების სახელმძღვანელო