კონკურსი "ნამდვილი თუ მოგონილი"
01 თებ. 2020
1800 ნახვა
ნამდვილი თუ მოგონილი?!

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის  „ნამდვილი თუ მოგონილი?!“-ს რიგით მეორე დაჯილდოების ღონისძიება გამართა და გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსს, რომელიც მოზარდებში  მედიაწიგნიერების - კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად,  სამი გამარჯვებული ჰყავს. კონკურსში მონაწილეობა მე-9, მე-10 და მე-11 კლასის 60-მა მოსწავლემ მიიღო. გამარჯვებულები, რომლებმაც ღონისძიებაზე საკუთარი ნაშრომები თავად წარადგინეს, კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. ნაშრომების წარდგენის შემდეგ, კომუნიკაციების კომისიამ გამარჯვებულებს შთამბეჭდავი პრიზები გადასცა.

კონკურსის პირობების თანახმად, მოსწავლეებს ქართულ მედიასივრცეში  (ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია და სხვა) გავრცელებული ყალბი ინფორმაცია - „Fake News“ უნდა აღმოეჩინათ, რომელიც ეხებოდა საქართველოში მომხდარ ამბავს და აქამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. მოსწავლეებს ამას გარდა, უნდა წარმოედგინათ ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაედგინათ რეალური ფაქტები და ამბავი. კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ყველა მსურველს 27 ნოემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით ჰქონდა.

კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ პირველი ადგილი ლუკა ყოჩიშვილმა დაიკავა, რომელმაც საკონკურსო ნამუშევარში ფეიკ-ნიუსის გავრცელების მეთოდები მიმოიხილა. მან გააანალიზა ის ფაქტორები, რომლებიც მოგონილი ამბის გავრცელებით, მომხმარებლის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. კერძოდ, ლუკა ყოჩიშვილის  ნამუშევარში გადმოცემულია ორი ვებ-გვერდის მიერ სტატიების სახით გავრცელებული ინფორმაცია საბროკერო კომპანიის მეშვეობით გამდიდრებული ადამიანების შესახებ. ყოჩიშვილმა ინფორმაციის გავრცელების წყაროები შეისწავლა და ჩატარებული ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ აღნიშნული ნიუსები ყალბია და ის საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა - ნუ დაიჯერებ, გადაამოწმე - ასე მთავრდება  ლუკა ყოჩიშვილის საკუნკურსო ნაშრომი, რომელსაც კომუნიკაციების კომისიისგან iPhone 11 Pro გადაეცა საჩუქრად.

მეორე ადგილზე მარიამ ყვავაძე გავიდა, რომელმაც საკონკურსო ნაშრომში ქართულ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია აღმოაჩინა. მარიამმა მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული ამბავი გადაამოწმა და დაადგინა, რომ სტატიის ავტორს ყალბი ინფორმაციის გავრცელებასთან ადრეც ჰქონია საქმე. ინფორმაციის ნადვილობის გადასამოწმებლად და განმარტების მისაღებად მან მედია საშუალებას თავად მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია. მარიამმა გავრცელებული ამბავი დეტალურად შეისწავლა, აღმოაჩინა ყალბი ინფორმაცია და დაადგინა რეალური ამბავი. მარიამ ყვავაძეს კომუნიკაციების კომისიამ საჩუქრად უახლესი მოდელის iPad გადასცა.

მესამე ადგილის მფლობელი სალომე ქოიავა გახდა, რომელმაც კონკურსის ფარგლებში, სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია შეისწავლა. ნამუშევრის მიხედვით, პოსტის მიზანს სავარაუდოდ განათლების სისტემაში დასავლური ინსტიტუტების ჩართულობის დისკრედიტაციას წარმოადგენს. ინფორმაციის ანალიზისთვის სალომემ ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილა - რა არის ინფორმაციის გავრცელების მიზანი, არსებობს და რეალურია თუ არა პირველწყარო, სწორად არის თუ არა გადმოცებული პირველწყაროში არსებული ინფორმაცია და ვისთვისაა ინფორმაცია განკუთვნილი, ანუ ვინ არის ე.წ სამიზნე აუდიტორია. მესამე ადგილის მფლობელმა კომუნიკაციების კომისიისგან საჩუქრად Beats Studio 3-ის თანამედროვე უსადენო ყურსასმენი მიიღო.

კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ კომუნიკაციების კომისიამ და  „მედიააკადემიამ“ განათლების, მეცნიერების,  კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით უკვე მეორედ ჩაატარა. კონკურსს, კომუნიკაციების კომისიამ სასწავლო კომპონენტი დაამატა. მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა  ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შესახებ, ათამდე საჯარო სკოლაში ტრენინგები ჩაატარეს. BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ინტერაქტიული სესიების ფარგლებში, ბავშვებმა ისწავლეს, როგორ მოახდინონ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ანალიზი და გადაამოწმონ ფაქტები. აღნიშნული შეხვედრები მოზარდებს საკონკურსო ნაშრომის მომზადებაშიც დაეხმარა.

 

კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ჟიურის წევრები:
ნათია კუკულაძე - კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი;
გიორგი ფუტკარაძე - „მედიააკადემიის“ მედიასკოლის ხელმძღვანელი;
სანდრო ასათიანი - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი,  ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტი;
შორენა შავერდაშვილი - მედიაექსპერტი;
ნათია კუპრაშვილი - მედიაექსპერტი