კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ, ევროკავშირის ციფრული და მედია წიგნიერების კონფერენციის - „მედიაწიგნიერება მნიშვნელოვანია“-ს ფარგლებში, პრეზენტაცია გამართა, რომელიც, საქართველოში მედიაწიგნიერებისა და ციფრული ინკლუზიის მიმართულებით, ComCom-ის პოლიტიკასა და განხორციელებულ პროექტებს ეხებოდა. სიტყვით გამოსვლისას, ნათია კუკულაძემ მონაწილეებს ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირებისა და სხვა განხორციელებული პროექტების შესახებ, საქართველოში არსებული წარმატებული გამოცდილება გაუზიარა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ციფრული უნარ-ჩვევების გაძლიერებაზე, ასევე, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებზე ისაუბრა.
„კომისიის პოლიტიკაა, მოხდეს მედიაწიგნიერების სისტემური ინტეგრირება ფორმალურ განათლებაში, განათლების ყველა საფეხურზე. ეს არის მიდგომა, რომელიც მდგრად განვითარებაზეა ორიენტირებული და უზრუნველყოფს ჩვენი მოზარდებისა და ახალგაზრდების კომპეტენციებისა თუ უნარების მეტად განვითარებას ტექნოლოგიური პროგრესის თანმხლებ გამოწვევებთან გასამკლავებლად. ეს კვირეული, თითოეული კონფერენცია და კოლეგების გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია და მოხარული ვარ, რომ საქართველო, მედიაწიგნიერების განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევით, ხედვითა და პოლიტიკით, ერთ-ერთი მოწინავეა.” - განაცხადა ნათია კუკულაძემ.
პანელურ სესიაზე, რომლის ძირითად თემას მედიაწიგნიერების სტრატეგიის შემუშავება წარმოადგენდა, ComCom-ის წევრთან ერთად, მონაწილეობა მედიაწიგნიერების საერთაშორისო ექსპერტებმა - რენე ჰობსმა და იონტი ფრისემმაც მიიღეს, რომლებიც ამერიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, ქვეყანაში მედიაწიგნიერების სტრატეგიის შემუშავებაზე მსჯელობდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ დახუნდარიძემ მიიღო.
სესიის დასრულების შემდგომ, კოლეგებმა ხაზი გაუსვეს, თუ რამხელა პროგრესი აქვს კომუნიკაციების კომისიას და აღნიშნეს, რომ განსაკუთრებით მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების კუთხით, მნიშვნელოვანი შედეგები უმოკლეს დროშია მიღწეული.
შეგახსენებთ, რომ კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას სფეროს ექსპერტები, პედაგოგები, პოლიტიკის შემქმენელები და სხვა დაინტერესებული მხარეები იღებდნენ, მიზნად ციფრული და მედიაწიგნიერების ინიციატივების, დეზინფორმაციასთან გამკლავების, მოზარდებში ციფრული უნარ-ჩვევების განვითარებისა და ასევე, მედიაწიგნიერების მიმართულებით, მომავლის ტექნოლოგიების გამოწვევების შესახებ საუკეთესო პრაქტიკისა თუ ინფორმაციის გაზიარებას ისახავდა.
მეტი ამ კატეგორიიდან
ComCom-მა ლენტეხსა და ცაგერში 760 ადგილობრივი ინტერნეტის გამოყენებაში გადაამზადა
26 დღის წინ
ევროპის ციფრული მედიის ობსერვატორიის მედიაწიგნიერების გზამკვლევს 70-მდე ორგანიზაციასთან ერთად მხარს ComCom-იც უჭერს
28 დღის წინ
მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა
31 დღის წინ
ComCom-ის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში“ 500-ზე მეტი საკონკურსო ნაშრომი შემოვიდა
38 დღის წინ