ფილმების როლი მედიაწიგნიერების განათლებაში
12 ივნ. 2024
1135 ნახვა

ინტერნეტის პოპულარობის ზრდასთან ერთად, ადამიანები ყოველდღიურად იღებენ გამიზნულად ან გაუაზრებლად არასწორად წარმოდგენილ ინფორმაციას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მოზარდებს ადრეული ასაკიდანვე ვასწავლოთ მედიის ანალიზი და მედიაშეტყობინებების დეკოდირება, რისთვისაც მიზანშეწონილია ფილმების ანალიზის, როგორც სასწავლო ინსტრუმენტის გამოყენება.

იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული ადამიანი მედიის ინტერპრეტირებას საკუთარ გამოცდილებებზე დაყრდნობით ახდენს, მედიაწიგნიერება კრიტიკული შეკითხვების დასმის უნარია და არა აუცილებლად “სწორი” პასუხების ძიება. მედიაწიგნიერების ამერიკელი ექსპერტი, დოქტორი ფეის როგოვი, ფილმების გასაანალიზებლად შემდეგ ჩარჩოს გვთავაზობს:

1. ავტორი და სამიზნე აუდიტორია

ავტორი - ვინ შექმნა ფილმი? რა უნდა ვიცოდეთ ფილმის შემქმნელის შესახებ, რაც ფილმის ანალიზში დაგვეხმარება?

მიზანი - რა კითხვებს სცემს პასუხს ფილმი? რა სურს ფილმის შემქმნელს, რომ ხალხმა დაიმახსოვროს/იცოდეს? ვინ არის სამიზნე აუდიტორია?

ეკონომიკა - ვინ დააფინანსა ფილმი და რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს მას?

გავლენა - ვინ შეიძლება ისარგებლოს ფილმის შინაარსით? ვინ შეიძლება დაზარალდეს ან შეურაცხყოფილი დარჩეს ფილმის შინაარსით? რა ვისწავლე ამ ფილმით? რატომ შეიძლება იყოს ეს ფილმი მნიშვნელოვანი ჩემთვის?

პასუხი - რა შეიძლება მოვიმოქმედო ფილმის საპასუხოდ?

2. შინაარსი და მთავარი სათქმელი

შინაარსი - რა არის ფილმის მთავარი თემა (რატომ ფიქრობთ ასე)? რა იდეები, ფასეულობები და ინფორმაციაა თვალსაჩინო და რა დაფარული? ვისი ხმაა წარმოდგენილი ავტორიტეტულად ფილმში? რომელიმე პერსპექტივა ხომ არ არის ჩრდილში, რომლის წარმოჩენაც აუცილებელი იქნებოდა?

ტექნიკა - რა ტექნიკებს იყენებს ფილმის შემქმნელი ძირითადი იდეების გადმოსაცემად? როგორ ხდება ამ ტექნიკებით სათქმელის გადმოცემა?

ინტერპრეტაცია - როგორ შეიძლება სხვა ადამიანებმა აღიქვან ფილმი? რა რეაქცია მაქვს ფილმზე და რას მასწავლის ფილმთან დაკავშირებული ჩემი რეაქცია/ინტერპრეტაცია ჩემს შესახებ?

3. წარმოდგენა და რეალობა

კონტექსტი - როდის შეიქმნა ფილმი? მას შემდეგ, რამე ხომ არ მოხდა, რაც ფილმში წარმოდგენილ არგუმენტებს ან ფილმის ფოკუსს შეცვლიდა? სად და როგორ არის ხელმისაწვდომი ეს ფილმი (საჯაროა თუ არა)?

სანდოობა - ფილმში წარმოდგენილი არგუმენტებიდან, რომელია ფაქტი და რომელი მოსაზრება? რა წყაროებს ეყრდნობა ფილმი და რამდენად სანდოა იგი? საიდან ვიცი?

მნიშვნელოვანია, რომ ფილმების ანალიზის გამოყენებით მოსწავლეებს გავუღვივოთ სიღრმისეული ანალიზის უნარი, რაც მათ მედიაწიგნიერ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ამისათვის, აღნიშნული ჩარჩო შეგვიძლია გავავრცოთ უფრო სიღრმისეული დამატებითი შეკითხვებით, ფილმის შინაარსიდან და მოსწავლეთა პასუხებიდან გამომდინარე.

წყარო: https://archive.pov.org/docs/POV_medialiteracy.pdf