ComCom-მა 80 მასწავლებელი ახალი სემესტრიდან მედიაწიგნიერების სწავლებისთვის გადაამზადა
20 აგვ. 2024
119 ნახვა
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით, მედიაწიგნიერების სწავლებისთვის შექმნილი სასწავლო მოდულის გამოყენებით 80 მასწავლებელი გადაამზადა, რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან საგნის არჩევას შეძლებენ. შეხვედრებს მედიაწიგნიერების მკვლევარი და მედიაწიგნიერების სახელმძღვანელოს ავტორი, ნატალია ინგოროყვა გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტისა და სახელმძღვანელო „მედიაწიგნიერების გაკვეთილების“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გადამზადებული მასწავლებლები მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს მედიაწიგნიერების არჩევით საგანს შეასწავლიან, რომლის ფარგლებშიც უფროსკლასელები მედიისა და ინფორმაციის ენას, ინფორმაციის დამუშავებას, დეზინფორმაციის სახეებს, ასევე, სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ყალბი ინფორმაციის აღმოჩენასა და სიმართლის დადგენის ტექნიკებს ერთი სემესტრის მანძილზე შეისწავლიან.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, კვლავ აქტიურად აგრძელებს მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობის პროცესს. პროექტის ფარგლებში X, XI, და XII კლასის მოსწავლეები საქართველოს 6 სკოლაში მედიაწიგნიერების საგანს უკვე სწავლობენ. საგულისხმოა, რომ დღეს მედიაწიგნიერება ეროვნული სასწავლო გეგმის არჩევითი საგნების ნუსხაშია და მედიაწიგნიერების საგანს მასწავლებლები სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფებში ასწავლიან.
ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების პროექტი ComCom-მა 2022 წლიდან დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ჩატარდა მედიაწიგნიერების საჭიროებების შესახებ კვლევა, შემუშავდა საგანმანათლებლო სტანდარტი, სასწავლო მოდული და სახელმძღვანელო, რომელთა გამოყენებითაც, მედიაწიგნიერების სწავლებაში საქართველოს მასშტაბით 1750 მასწავლებელი გადამზადდა. 2023-2024 სასწავლო წლიდან მედიაწიგნიერება, როგორც ცალკე, არჩევითი საგანი, X-XII კლასებში ისწავლება.
კომუნიკაციების კომისიისთვის მნიშვნელოვანია სულ უფრო მეტი სკოლა ჩაერთოს საგნის ინტეგრირებისა და გავრცელების პროცესში, რათა მოსწავლეებმა თანამედროვე სამყაროს გამოწვევებთან გამკლავება სკოლის ასაკიდანვე ისწავლონ. აქედან გამომდინარე, კომისია აგრძელებს მასწავლებელთა გადამზადებას, რომლის შედეგად პედაგოგები მედიაწიგნიერების, მედია და ინფორმაციული ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ საგაკვეთილო პროცესის წარმართვას ეფექტიანად და ნაყოფიერად შეძლებენ.
მეტი ამ კატეგორიიდან
ComCom უნივერსიტეტების ლექტორები მედიაწიგნიერების სწავლებისთვის სპეციალურად შემუშავებული პროგრამით გადაამზადა
26 დღის წინ
ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებით დაინტერესებული 85 მასწავლებელი გადაამზადა
37 დღის წინ
ComCom-მა მედიაწიგნიერების არჩევითი საგნის სწავლებაში 70 პედაგოგი გადაამზადა
46 დღის წინ
ComCom-ი მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით, გორში სკოლის დირექტორებს შეხვდა
94 დღის წინ