ComCom-მა გორსა და თბილისში სტუდენტები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა
20 ნოე. 2023
767 ნახვა
ნამდვილი თუ მოგონილი?!

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსისნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტები BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებასა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენაში გადაამზადა. შეხვედრებს მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები, თამარ კარბაია და ნინო მაჭავარიანი უძღვებოდნენ, რომლებმაც მონაწილეებს კონკურსის პირობები და საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებული საკითხები გააცნეს. სემინარის ფარგლებში, სტუდენტებმა შეისწავლეს ისეთი საკითხებიც, როგორიცაა ყალბი ინფორმაციის სახეები, ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა, ფოტო-ვიდეო მასალის ფაბრიკაცია და ამბის გადამოწმების მეთოდები.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსინამდვილი თუ მოგონილი?!”, რომელიც ახალგაზრდებში ფაქტების გადამოწმებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ემსახურება, უკვე მეათედ გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა დაინტერესებულ სტუდენტებს 10 დეკემბრამდე შეეძლებათ. წესების თანახმად, მონაწილეებმა უნდა აღმოაჩინონ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. შემდგომ კი, მათთვის სასურველი ფორმატით, წარმოადგინონ დეზინფორმაციის აღმოჩენის გზები, შესაბამისი წყარო და რეალური ფაქტები. გამარჯვებულ ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს და ავტორებს MacBook Air 15.3”-, iPhone 15 Pro-სა და iPad 10.9- გადასცემს.

გარდა მაღალტექნოლოგიური პრიზებისა, კონკურსის გამარჯვებულებს და სხვა წარმატებულ მონაწილეებს კომუნიკაციების კომისია კარიერულ განვითარებაშიც დაეხმარება და სერტიფიცირებული ტრენინგებით გადაამზადებს. კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ტრენერის სტატუსი მიენიჭებათ და ComCom-ის მედიაწიგნიერების პროექტებში აქტიურად ჩართვას შეძლებენ, რომლის ფარგლებშიც, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს გაუზიარებენ.