მიკერძოებული ახალი ამბები: მომხმარებლის მხარე
01 აპრ. 2024
595 ნახვა

ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონიმიკერძოებასგანმარტავს, როგორც ტენდენციას, წინასწარ განწყობას, ცრურწმენას ან გადახრას. მედიასამყაროში კი, მიკერძოება გულისხმობს დამოკიდებულებას, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ინფორმაციის მიწოდებისა და გადამუშავების ფორმაზე. მიკერძოება შესაძლოა იყოს განზრახული ან გაუაზრებელი.

თითოულ ჩვენგანს ახასიათებს მრავალი ფსიქოლოგიური ნიშანი, რომლებიც მიკერძოებისაკენ გვიბიძგებენ. იმისათვის, რომ ინფორმაციასთან ინტერაქციისას უფრო თავდაჯერებულები ვიყოთ, აუცილებელია საკუთარი მიკერძოებულობის გაცნობიერება, რაც 20 ძირითადი მიმართულებით შეიძლება გამოვლინდეს:

1. ღუზის ეფექტი - დასკვნების გამოტანა პირველივე შემხვედრ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

2. ხელმისაწვდომობის ევრისტიკა - ხელმისაწვდომი ინფორმაციისათვის ზედმეტად დიდი მნიშვნელობის მინიჭება. მაგალითად, როდესაც ადამიანი ამტკიცებს, რომ მოწევა უსაფრთხოა, ვინაიდან მისმა ნაცნობმა მწეველმა 100 წელი იცხოვრა.

3. მიტმასნების ეფექტი - ჩვენს თვალში ამა თუ იმ ინფორმაციის სანდოობის ხარისხის გაზრდა იმის მიხედვით, თუ რამდენი ადამიანი ენდობა მას.

4. საკუთარი თავისადმი მიკერძოება - სხვა ადამიანებში მიკერძოებულობის ამოცნობა, ხოლო საკუთარი მიდრეკილებების გაუაზრებლობა.

5. დადასტურების მიკერძოება - მხოლოდ ისეთი ინფორმაციის მოსმენა და ნდობა, რომელიც თქვენს რწმენას ამყარებს.

6. კლასტერული ილუზია - შემთხვევით მოვლენებში კანონზომიერების დანახვის ტენდენცია.

7. კონსერვატიზმის მიკერძოება - როდესაც ადამიანებს ძველი/ადრეული მტკიცებულებების უფრო სწამთ, ვიდრე ახალი აღმოჩენების.

8. უახლესი ინფორმაციის მიკერძოება - ძველ ინფორმაციასთან შედარებით, ახალი წყაროებისათვის უპირატესობის მინიჭება.

9. ინფორმაციის მიკერძოება - როდესაც ადამიანებს მათთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია არ აკმაყოფილებთ და მუდამ ახალი წყაროს ძიებაში არიან.

10. სირაქლემას ეფექტი - საშიში ან ნეგატიური ინფორმაციის იგნორი.

11. ნეგატიურობის მიკერძოება - ყურადღების გამახვილება ნეგატიურ მოვლენებზე დადებითი ან ნეიტრალური მოვლენების დაკნინების ხარჯზე.

12. შედეგის მიკერძოება - გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ შედეგის გათვალისწინებით, სხვა გარემოებების იგნორის ხარჯზე.

13. გადაჭარბებული თავდაჯერებულობა - საკუთარი შესაძლებლობებისა და დამოკიდებულებებისთვის ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭება.

14. პლაცებოს ეფექტი - ჩვენი რწმენა მოსალოდნელი შედეგის შესახებ რეალურად აისახება ჩვენზე.

15. ინოვაციის მიკერძოება - როდესაც სიახლეების მხარდამჭერები გადამეტებულ მნიშვნელობას ანიჭებენ მის დადებით მხარეებს და სათანადო ყურადღებას არ აქცევენ მის შეზღუდვებს.

16. გამორჩევის მიკერძოება - ფოკუსირება ადამიანის ან იდეის ყველაზე ადვილად ამოსაცნობ მახასიათებლებზე.

17. შერჩევითი აღქმა - სამყაროს აღქმა ჩვენი გამოცდილებების შესაბამისად.

18. სტერეოტიპული მიდგომა - ადამიანისთვის ან ადამიანთა ჯგუფისთვის გარკვეული მახასიათებლების მიწერა, მიუხედავად მტკიცებულების არარსებობისა.

19. გადარჩენილობის მიკერძოება - გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ დადებითი/წარმატებული მაგალითების გათვალისწინებით.

20. ურისკო მიკერძოება - მხოლოდ 100%-იან სიზუსტეზე კონცენტრირება.

 წყარო: https://westerntc.libguides.com/FakeNews/Bias