ComCom-მა პარტნიორი უნივერსიტეტების ლექტორები მედიაწიგნიერების სწავლებაში გადაამზადა
30 ივლ. 2025
14 ნახვა

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, პარტნიორი უნივერსიტეტების ლექტორები მედიაწიგნიერების სწავლებაში გადაამზადა. მონაწილე უნივერსიტეტები მომდევნო სასწავლო წლიდან მედიაწიგნიერების კურსს სასწავლო პროგრამაში დაამატებენ, ხოლო სპეციალურად შემუშავებული პროგრამის მიხედვით გადამზადებული ლექტორები აღნიშნულ კურსებს გაუძღვებიან. მონაწილეებმა მედიაწიგნიერებისა და ინფორმაციული წიგნიერების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, რის შემდეგაც, კურსის სილაბუსის შემუშავების, სალექციო პროცესის წარმართვისა და არსებულ აკადემიურ კურსებში მედიაწიგნიერების კომპონენტების ინტეგრირების მეთოდოლოგიას და შესაძლებლობებს გაეცნენ.

შეხვედრას ციფრული წიგნიერებისა და მედიაწიგნიერების მკვლევარი, პროფესორი მარიკა სიხარულიძე უძღვებოდა. ღონისძიების ფარგლებში განიხილებოდა მედიაწიგნიერებისა და ინფორმაციული წიგნიერების ერთიანი აკადემიური კონცეფციები, ჩარჩო პროგრამის დოკუმენტი და სწავლებისთვის საჭირო რელევანტური ლიტერატურა. ამასთან, ჩატარდა პრეზენტაცია ინფორმაციული დისფუნქციების სახეობებისა და მათთან გამკლავების გზების შესახებ. შეხვედრაზე დისკუსიის ფორმატში განხილული იყო ციფრული პლატფორმების თავისებურებები, მათი უსაფრთხო გამოყენების, ასევე, წყაროების ანალიზისა თუ მედიის გავლენის ანალიზის საკითხები.  გარდა ამისა, ღონისძიება მოიცავდა პრაქტიკულ სამუშაოს, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეებმა  კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციული მანიპულაციების, მედიის გამოხმაურების, ასევე, კულტურული და ღირებულებითი ჭრილის ანალიზი განახორციელეს. დამატებით,  გადამზადების ნაწილი მოიცავდა პრაქტიკულ კომპონენტს, რაც ითვალისწინებდა ლექტორების მიერ დამოუკიდებლად შემუშავებული მედიაწიგნიერების სასწავლო კურსებსა და არსებულ კურსებში ინტეგრაციის მოდელების წარდგენასა და განხილვას.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ 2022 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების პოპულარიზაციისა და საგნის დანერგვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული. კერძოდ, მედიაწიგნიერება, როგორც ცალკე არჩევითი საგანი, უკვე საქართველოს 227 სკოლაში ისწავლება. ამასთან, მედიაწიგნიერების სწავლებაში საქართველოს მასშტაბით უკვე 4,960 მასწავლებელია გადამზადებული.

კომუნიკაციების კომისია აქტიურად აგრძელებს მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობის პროცესს როგორც საშუალო, ისე უმაღლესი განათლების ყველა საფეხურზე, რათა მედიაწიგნიერებას, როგორც თანამედროვე სამყაროს აუცილებელ კომპეტენციას, კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა დაეუფლოს.