ბავშვები ყოველდღიურად უფრო აქტიურად იყენებენ ინტერნეტს — სწავლობენ, ურთიერთობენ, თამაშობენ, უყურებენ ვიდეოებს და სარგებლობენ სოციალური მედიით. თუმცა ციფრული გარემო მათ სხვადასხვა საფრთხის წინაშეც აყენებს, მათ შორის კიბერბულინგი, მავნე შინაარსები, უცხო ადამიანებთან არასასურველი კონტაქტი, კონფიდენციალურობის დარღვევა და ეკრანთან ხანგრძლივი დროის გატარება.
ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, ევროკომისიამ 2026 წლის 17 სექტემბერს წარადგინა EU KIDS Act (EU Keeping Internet Digital Spaces Accountable and Trustworthy) — საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიზანია ბავშვებისთვის უფრო უსაფრთხო ონლაინ გარემოს შექმნა ევროკავშირის მასშტაბით.
რატომ არის საჭირო ცვლილებები?
ევროკომისიის მონაცემებით, 9-დან 22 წლამდე ახალგაზრდების 69% სამუშაო დღეებში სოციალურ ქსელებსა და ონლაინ თამაშებს დღეში სამ საათზე მეტს უთმობს. 44% ამბობს, რომ პლატფორმების გამოყენების ხანგრძლივობას ვეღარ აკონტროლებს, ხოლო 26% თავს ონლაინ გარემოს გამო მარტოსულად ან გარიყულად გრძნობს.
EU Kids Online 2020-ის კვლევის მიხედვით, 19 ევროპულ ქვეყანაში გამოკითხული 25 101 ბავშვის თითქმის ყოველი მეათე კიბერბულინგს თვეში ერთხელ მაინც აწყდება.
ამასთან, ინიციატივა არ განიხილავს ინტერნეტს, მხოლოდ როგორც საფრთხეს. ციფრული ტექნოლოგიები ბავშვებს განათლების, შემოქმედების, კომუნიკაციისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელოვან შესაძლებლობებსაც აძლევს. მთავარი მიზანი კი სწორედ ამ შესაძლებლობების შენარჩუნება და ამავდროულად, ბავშვებისთვის უსაფრთხო ციფრული გარემოს უზრუნველყოფაა.
რას ითვალისწინებს KIDS Act?
ინიციატივა სოციალური მედიის გამოყენებისთვის ასაკზე დაფუძნებულ მიდგომას გვთავაზობს:
- 13 წლამდე — სოციალური მედიის გამოყენება იზღუდება; ბავშვებისთვის განკუთვნილ ვიდეოპლატფორმებზე წვდომა მშობლის ან მეურვის მიერ მართული ანგარიშით იქნება შესაძლებელი.
- 13–14 წლის ასაკში — სოციალური ქსელების გამოყენება შესაძლებელი იქნება მშობლის მიერ კონტროლირებადი, შეზღუდული ფუნქციების მქონე ანგარიშებით და დღიური გამოყენების ლიმიტით.
- 15 წლიდან — ახალგაზრდებს შეეძლებათ საკუთარი პროფილების დამოუკიდებლად შექმნა და მართვა.
თუმცა KIDS Act მხოლოდ ასაკობრივ შეზღუდვებს არ ითვალისწინებს. მისი ერთ-ერთი მთავარი პრინციპია „უსაფრთხო დიზაინი“ (safety by design). პლატფორმებს მოეთხოვებათ ისეთი მექანიზმების შეზღუდვა, რომლებიც ეკრანთან ხანგრძლივი დროის გატარებას უწყობს ხელს, მათ შორის, უსასრულო სქროლვა და „ჯილდოს“ მექანიზმები (მაგ., მოწონება, გაზიარება, დაკომენარება). ასევე გათვალისწინებულია ძილის საათებში შეტყობინებების შეზღუდვა, უცხო პირებთან არასათანადო კონტაქტის პრევენცია, ბავშვების ანგარიშების კონფიდენციალურ რეჟიმზე დაყენება და სხვა მომხმარებლების მარტივად დაბლოკვის შესაძლებლობა.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სისტემებს, მათ შორის AI ჩატბოტებსა და „AI კომპანიონებს“. ინიციატივა ითვალისწინებს არასრულწლოვანთათვის ამ სისტემების გამორთვისა და ისეთი მექანიზმების შეზღუდვის შესაძლებლობას, რომლებიც ემოციური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა
ასაკობრივი შეზღუდვების ეფექტიანი განხორციელებისთვის საჭიროა ასაკის გადამოწმებაც. ევროკომისია ავითარებს ევროპულ მექანიზმს, რომელიც ასაკის დადასტურებას მომხმარებლის პირადობის გამჟღავნების გარეშე უნდა უზრუნველყოფდეს და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა თუ ბიომეტრიული მონაცემების შენახვას არ ითვალისწინებდეს. ამ გზით ბავშვთა უსაფრთხოების გაზრდა არ უნდა გადაიქცეს ზედმეტი მეთვალყურეობისა და პერსონალური მონაცემების შეგროვების ახალ წყაროდ.
რას ნიშნავს ეს მშობლებისა და პედაგოგებისთვის?
KIDS Act-ის ერთ-ერთი მთავარი გზავნილია, რომ ბავშვების ონლაინ უსაფრთხოება მხოლოდ მშობლებისა და თავად ბავშვების პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს. მშობლები და პედაგოგები კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, მაგრამ შეუძლებელია რომ მათ აკონტროლონ თითოეული ონლაინ ინტერაქცია, რეკომენდაცია თუ პლატფორმის დიზაინის მექანიზმი. ამიტომ, მიდგომა აერთიანებს ასაკის ვერიფიკაციას, მშობელთა ჩართულობას, პლატფორმების პასუხისმგებლობასა და უსაფრთხო დიზაინს.
ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მედია და ციფრულ წიგნიერებას. ტექნიკური შეზღუდვები გარკვეულ რისკებს ამცირებს, თუმცა ბავშვებს მაინც სჭირდებათ ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რათა ამოიცნონ მანიპულაცია, კრიტიკულად შეაფასონ ინფორმაცია, დაიცვან საკუთარი მონაცემები, გაუმკლავდნენ ონლაინ აგრესიას და მიიღონ გააზრებული გადაწყვეტილებები.
საგულისხმოა, რომ EU KIDS Act, ამ ეტაპზე, მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივის დონეზეა. დოკუმენტზე მსჯელობა და შეთანხმება უნდა მოხდეს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის. შესაბამისად, საკანონმდებლო პროცესის განმავლობაში დოკუმენტის საბოლოო რედაქცია შესაძლოა დაზუსტდეს ან შეიცვალოს.
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-სა და UNICEF-ს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
15 დღის წინ

„გახდი მედიაწიგნიერების ტრენერი“ – ComCom-ი ახალ კონკურსს აცხადებს
25 დღის წინ

მედიაწიგნიერების სწავლების მსურველი მასწავლებლებისთვის ვებინარი „როგორ ვასწავლოთ მედიაწიგნიერება?“ გაიმართა
39 დღის წინ

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ ვანში დაიწყო
51 დღის წინ



