ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ოზურგეთისა და ჩოხატაურის მერიის თანამშრომლებთან შეხვედრები გამართა
26 ივნ. 2024
327 ნახვა
ციფრული მხარდაჭერის პროგრამა

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერიის თანამშრომლებისთვის, საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა. ოზურგეთში გამართულ შეხვედრას ComCom-ის წევრი, ნათია კუკულაძე, ხოლო ჩოხატაურში ჩატარებულ შეხვედრას ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ გუგულაშვილი გაუძღვნენ.

შეხვედრების ფარგლებში, კომისიის წარმომადგენლებმა მონაწილეებს მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და ისაუბრეს თუ რა არის დეზინფორმაცია, როგორ უნდა გავარჩიოთ ყალბი ამბავი ნამდვილისგან, როგორ გადავამოწმოთ წყარო და დავადგინოთ რეალური ფაქტები. შეხვედრები დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეებთან ერთად, ComCom-ის წარმომადგენლებმა კონკრეტული მაგალითები მიმოიხილეს.

შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ 2022 წლიდან ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, ციფრული წიგნიერების, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებისა და სახელმწიფო ელექტრონული სერვისებით სარგებლობის საკითხებში სულ 151 სოფლის 4200-ზე მეტი მაცხოვრებელი გადამზადდა. შეხვედრები ამ ეტაპისთვის დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, კერძოდ კი სამეგრელოში, აჭარასა და რაჭაში გაგრძელდება.

ციფრული მხარდაჭერის პროგრამა პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.

შეხვედრები „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ოზურგეთისა და ჩოხატაურის მერიის თანამშრომლებთან