კომუნიკაციების კომისიამ, ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმის ფარგლებში, რიგით მესამე შეხვედრას უმასპინძლა და სესიები, ინკლუზიური ციფრული ტრანსფორმაციის, ტელეკომის და ციფრული წიგნიერების განვითარებას მიუძღვნა. ფორუმი საქართველოს ICT კლასტერის ორგანიზებით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და სხვა დონორი ორგანიზაციებისა თუ პარტნიორების მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ქვეყნის ციფრული შესაძლებლობების ათვისებასა და განვითარებას ისახავს.
ციფრული წიგნიერების საკითხის ჭრილში, გაიმართა დისკუსია თემაზე - “მედიაწიგნიერების ინტეგრირება ფორმალურ განათლებაში”, რომელსაც მოდერაცია ComCom-ის წევრმა, ნათია კუკულაძემ გაუწია და გახსნით სიტყვაში, მედიაწიგნიერების მიმართულებით კომუნიკაციების კომისიის როლზე ისაუბრა: “მსოფლიოში ტექნოლოგიურ განვითარებას თან ახლავს ისეთი საფრთხეები, როგორიცაა დეზინფორმაცია და პროპაგანდა. სწორედ მარეგულირებელი ორგანოები არიან პასუხისმგებლები იმაზე, რომ ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას და პროგრესს, მედიაწიგნიერებისა და ციფრული წიგნიერების განვითარებით უპასუხონ. ამიტომაც, ჩვენ, კომუნიკაციების კომისიას, ევროპის ქვეყნების მსგავსად, კანონით დაგვევალა ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარება. მოხარული ვარ, რომ ამ დროის განმავლობაში, მედიაწიგნიერების მიმართულებით, უმნიშვნელოვანესი პროექტები განვახორციელეთ, რომელსაც შთამბეჭდავი შედეგები ჰქონდა.”
დისკუსიაში მონაწილეობა ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ დახუნდარიძემ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ ჩიქობავამ, TPDC-ის ციფრული ტექნოლოგიების დანერგვისა და ხელშეწყობის პროექტის მენეჯერმა, ხათუნა ციხელაშვილმა, UNICEF-ის კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელმა, მაია ქურციკიძემ, ასევე, მედიაწიგნიერების ექსპერტმა, მარიკა სიხარულიძემ და ტრენერმა მანანა ჯინჭარაძემ მიიღეს.
სესიის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მნიშვნელობა, ამ კუთხით არსებული მიღწევები, ძირითადი გამოწვევები და სკოლებში მედიაწიგნიერების სწავლების ხელშეწყობის შესაძლებლობები. ასევე, იმსჯელეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა საჭიროებები არსებობს და როგორია საერთაშორისო გამოცდილება ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვის მიმართულებით. პანელური დისკუსია, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, თანამშრომლობის ინიციატივასა და ერთობლივი სამომავლო ნაბიჯების განხილვასაც დაეთმო.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, ComCom-მა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით და UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერით, “მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების” პროექტი დაიწყო. პროექტი საშუალო საფეხურის სკოლის მოსწავლეებისთვის მედიაწიგნიერების არჩევითი საგნის დანერგვას ემსახურება. სწორედ ამ მიზნით, კომისიამ შექმნა საგანმანათლებლო რესურსები, რომლის გამოყენებითაც, 600-მდე პედაგოგი მედიაწიგნიერების სწავლებაში გადაამზადა. მასწავლებლების შემდგომი გადამზადების მიზნით კი, კომუნიკაციების კომისიამ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან (TPDC) და UNICEF-თან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რაც ერთობლივი ძალისხმევით, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობას გულისხმობს.
მეტი ამ კატეგორიიდან
ComCom-მა ლენტეხსა და ცაგერში 760 ადგილობრივი ინტერნეტის გამოყენებაში გადაამზადა
23 დღის წინ
ევროპის ციფრული მედიის ობსერვატორიის მედიაწიგნიერების გზამკვლევს 70-მდე ორგანიზაციასთან ერთად მხარს ComCom-იც უჭერს
25 დღის წინ
მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა
28 დღის წინ
ComCom-ის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში“ 500-ზე მეტი საკონკურსო ნაშრომი შემოვიდა
35 დღის წინ