კომუნიკაციების კომისიამ EPRA-ს მედიაწიგნიერების პირველ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
02 ნოე. 2020
1555 ნახვა
მედიაწიგნიერება საქართველოში

როგორ ვითარდება მედიაწიგნიერება, რა გამოწვევები არსებობს მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების მიმართულებით, რა მნიშვნელობა აქვს ერთიანი ქსელის შექმნას და როგორია მედიაწიგნიერების განვითარების გეგმები საქართველოში - ამ თემებზე კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) წევრი ორგანიზაციების ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრა.

მსოფლიოში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, ყოველწლიური შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში წელს პირველად დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, სადაც მედიაწიგნიერების მიმართულებით, ორგანიზაციებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და საუკეთესო პრაქტიკები განიხილეს. 

ნათია კუკულაძემ პარტნიორებს კომუნიკაციების კომისიის მიერ გაწეული საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა. ასევე, კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია ერთიანი ქსელის განვითარებისთვის სხვადასხვა დაგეგმილი ღონისძიების, მათ შორის,  ეროვნული მნიშვნელობის ონლაინ პლატფორმის შესახებ, სადაც მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები იქნება განთავსებული. ეროვნული მნიშვნელობის ონლაინ პლატფორმა მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, ერთიან სივრცეში ჰქონდეს წვდომა მედიაწიგნიერების ყველა საკითხზე.

შეხვედრაში, რომელსაც მედიაწიგნიერების მიმართულებით ბრიტანელი ექსპერტი მარტინა ჩეპმენი და EPRA-ს თავმჯდომარის მოადგილე მარია დონდე უძღვებოდნენ, მოხსენებით ფლანდრიის ციფრული და მედია წიგნიერების ცენტრის კოორდინატორი ენდი დემეულენარი, შვედეთის მედიის საბჭოს მთავარი მრჩეველი მარტინა ვაგნერი, ბოსნია და ჰერცოგოვინას კომუნიკაციის მარეგულირებელი სააგენტოს მედიაწიგნიერების მიმართულების ხელმძღვანელი ლეა ჩენგიჩი გამოვიდნენ.