მედიისადმი ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბება: მედიაწიგნიერების სახელმძღვანელო მშობლებისთვის
27 მარ. 2023
1396 ნახვა

ჩვენი ფასეულობებისა და რწმენების უმეტესობა იმ ადამიანებისგან შევითვისეთ, რომელთა გარშემოც გავიზარდეთ, მათ შორის მშობლების, ბებია-ბაბუისა და მასწავლებლებისგან. თუმცა, დღესდღეობით, ბავშვები ინფორმაციის დიდ ნაწილს მედიაწყაროებიდან იღებენ და, შესაბამისად, მათი ფასეულობებისა და რწმენების ფორმირებაშიც დიდი როლი აქვს მედიას. იქნება ეს მეგობრებთან ინტერაქცია სოციალური მედიის საშუალებით, ონლაინ რეკლამები, YouTube-ზე ვიდეოების ყურება თუ წიგნის კითხვა, მედია განსაზღვრავს ჩვენი შვილების დამოკიდებულებებსა და ცხოვრების წესს.

იმისათვის, რომ შვილებს მედიისადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში დაეხმაროთ, ასწავლეთ მათ კითხვების დასმა. კრიტიკული აზროვნების განვითარებით, ისინი ადვილად შეძლებენ ციფრულ გარემოში ნავიგაციას. ამ გზით ისწავლიან, როგორ გააანალიზონ და შეაფასონ მედიაწყაროები და გახდებიან მედიასივრცეში მიმდინარე პროცესების აქტიური მონაწილეები, ნაცვლად მედიაპროდუქტის პასიური მომხმარებლებისა. ამ მიდგომის საფუძველია რწმენა, რომ მედიაწიგნიერება თანამედროვე ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარია, რაც გულისხმობს კომუნიკაციის ყველა ფორმაზე წვდომის, მისი ანალიზის, შეფასების, შექმნისა და გავრცელების შესაძლებლობას.

მედიაპროდუქტის ანალიზისას, დასვით შემდეგი კითხვები:

-  რა მიზნით შეიქმნა?

-  ვინ შექმნა?

-  რა აკლია?

- როგორ შეიძლება აღქმული და ინტერპრეტირებული იყოს სხვადასხვა ადამიანების მიერ?

-  რა ტექნიკებია გამოყენებული და რატომ?

-  ვინ შეიძლება სარგებლობდეს ამ ინფორმაციის გავრცელებით?

-  ვინ შეიძლება დააზიანოს ამ ინფორმაციის გავრცელებამ?

მოდით, განვიხილოთ რამდენიმე ცხოვრებისეული მაგალითი:

ყალბი ინფორმაცია

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს 12 წლის შვილს სკოლაში დაავალეს აქტუალურ საკითხზე ინფორმაციის მოძიება. ინტერნეტში ინფორმაციის ძებნისას, მან იპოვა სტატია ახალი ტიპის რობოტის შესახებ, რომელიც მალე ადამიანს ჩაანაცვლებს. ამ ინფორმაციამ თქვენი შვილი გაანერვიულა და ამის შესახებ ვახშმობისას გიამბოთ.

ასეთ დროს, დაუსვით მას შემდეგი კითხვები: სად ნახე ეს ინფორმაცია? გადაამოწმე მისი სანდოობა? სხვა წყაროებიც მოიძიე? გინდა, ერთად გადავამოწმოთ ვახშმის შემდეგ? 

რეკლამები

წარმოიდგინეთ, თქვენი 7 წლის შვილი უყურებს მულტფილმს და ხედავს რეკლამას ახალი სათამაშოს შესახებ. ის აპაუზებს ჩვენებას და მოდის თქვენთან, რომ რეკლამის სანახავად დაგიძახოთ.

ასეთ დროს, შეგიძლიათ შემდეგი კითხვების დასმა: ფიქრობ, რომ რეალურ ცხოვრებაშიც ისეთივე კარგი იქნება ეს სათამაშო, როგორიც ტელევიზორში ჩანს? ნათქვამია თუ არა რეკლამაში სათამაშოს ფასი? გინდა, წავიკითხოთ ონლაინ, რას ფიქრობენ მომხმარებლები, ვინც ეს სათამაშო შეიძინა?

საავტორო ნამუშევარი

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი თინეიჯერი შვილი და მისი მეგობრები მუშაობენ მოკლე ფილმზე, რომელიც YouTube-ზე უნდა გამოაქვეყნონ. მეგობრების წასვლის შემდეგ, თქვენს შვილს სთხოვეთ, გაჩვენოთ რაზე მუშაობს და ისიც დაგთანხმდათ.

ასეთ დროს, შეგიძლიათ შემდეგი კითხვების დასმა: სად გადაიღეთ და ვინ მონაწილეობს ამ ფილმში? რა სიმღერა ადევს ფონად? ითხოვეთ ნებართვა სიმღერის ავტორისგან მის გამოყენებაზე? იცით, რომ სიმღერაზე წვდომა არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენება შეგიძლიათ?

ონლაინ თაღლითობა

წარმოიდგინეთ, რომ ყური მოჰკარით თქვენი 8 წლისა და 12 წლის შვილების კამათს მისაღებ ოთახში. შედიხართ, რომ გაარკვიოთ რა ხდება და ხედავთ მათ კომპიუტერის ეკრანთან. თქვენი 11 წლის შვილი ამბობს, რომ მისმა ძმამ უფასო აიფონის შესახებ ნახა რეკლამა, გახსნა ლინკი და ახლა საცხოვრებელი მისამართი შეჰყავს საინფორმაციო ველში.

ასეთ დროს, შეგიძლიათ იკითხოთ: იცით, რომ ასეთი შეთავაზებები თითქმის ყოველთვის თაღლითობაა? საიდან იცით, რომ მართალია? მართლა მოგცემენ ძვირადღირებულ აიფონს, მხოლოდ მისამართის მითითების სანაცვლოდ? დაუჯერებლად კარგი შეთავაზება ჩანს, არა?! ვინ არის შემთავაზებელი? რაში სჭირდებათ მათ ჩვენი ინფორმაცია? იქნებ, ინფორმაციას სხვა რეკლამების გამოსაგზავნად იყენებენ?  იქნებ, ჩვენს კომპიუტერში შემოღწევას და ჩვენი ინფორმაციის მოპარვას ცდილობენ?

ეს სიტუაციები მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ შემთხვევებისა, როდესაც კითხვების დასმით ჩვენს შვილებს მედიისადმი კრიტიკული დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში შეგვიძლია დავეხმაროთ. ამ მხრივ, უმნიშვნელოვანესია, მშობლებმა თავად მისცენ შვილებს ცნობისმოყვარეობისა და სკეპტიციზმის მაგალითი, რადგან კრიტიკული უნარების განვითარება ახალ თაობას ბევრად გაუმარტივებს ციფრულ სამყაროსთან ინტერაქციას.

წყარო: მედიაწიგნიერების სახელმძღვანელო მშობლებისთვის“. მედიაწიგნიერების სწავლების ეროვნული ასოციაცია (NAMLE).  220348-NAMLE-Parent-Guide-202200619-2A3.pdf