ავტორიზაცია
ComCom-მა მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული კონფერენციით შეაჯამა
28 ოქტ. 2022
1264 ნახვა
მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული

მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული, რომელიც საქართველოში კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით უკვე მეორედ 24-28 ოქტომბერს გაიმართა, შემაჯამებელი კონფერენციით დაიხურა. კონფერენცია კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მაცხარაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ასუნსიონ სანჩეს რუიზმა,  გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლიმ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალიმა და დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოს (Ofcom) წარმომადგენელმა მარია დონდემ გახსნეს.

შეხვედრის ფარგლებში მედიაწიგნიერების მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროექტები შეფასდა. კომუნიკაციების კომისიამ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.   მედიაწიგნიერების პროექტების ფარგლებში კომუნიკაციების კომისიამ  2018 წლიდან გადაამზადა 6000 მოსწავლე, კვალიფიკაცია აუმაღლა 1400-ზე მეტ პედაგოგს, დეზინფორმაციასთან ბრძოლაში გადამზადდა 1000 სტუდენტი, ჩატარდა 300-ზე მეტი საგანმანათლებლო სემინარი, მედიაწიგნიერების პროექტების ფარგლებში კომისია 300 სკოლასთან და 12 უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ორი  პანელური დისკუსია, რომლებშიც მონაწილეობა საქართველოში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით დაინტერესებულმა მხარეებმა, მათ შორის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, უნივერსიტეტების, სამოქალაქო განათლების სექტორისა და მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს. პირველი პანელი  მედიაწიგნიერების განვითარებაში ფორმალური და არაფორმალური  განათლების როლსა და მნიშვნელობას მიეძღვნა. თემატური სესია ისეთ მნიშვნელოვან თემებს მოიცავდა,  როგორებიცაა  არაფორმალური განათლება, ციფრული წიგნიერება და სამოქალქო განათლებამონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს  მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე სასკოლო და უმაღლეს განათლებაში

მეორე პანელური დისკუსია  დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მედია სტანდარტებს დაეთმო. აღნიშნული სესიის ფარგლებში დეზინფორმაციასთან ბრძოლაში მედიაკრიტიკის პლატფორმის როლზე ისაუბრეს. მედიაკადემიის დირექტორმა შორენა შავერდაშვილმა, მედიაკრიტიკის პლატფორმის შესახებ პრზენტაცია წარადგინა. პანელურ დისკუსიაზე განიხილეს, რა შესაძლებლობებს იძლევა არსებული კანონმდებლობა დეზინფორმაციასთან გამკლავებისთვის და როგორია  ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილება. კომუნკაციების კომისიის წევრმა ივანე მახარაძემ საზოგადოებას  ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო პრაქტიკა და ევროპული კანონდებლობა გააცნო.  პანელზე ასევე პოლარიზებულ მედიაგარემოში საზოგადოებრივი მაუწყებლის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ  ისაუბრა,  როგორ ებრძვის და რას უპირისპირებს საზოგადოებრივი მაუწყებელი დეზინფორმაციას. სესიის მონაწილეებმა  საერთაშორისო მედია ორგანიზაციების გამოცდილება და პრაქტიკა მიმოიხილეს.  

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, 24-28 ოქტომბერს საქართველოში უკვე მეორედ მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული ჩატარდა. მედიაწიგნიერების კვირეული 2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში  ტარდება, რომლის მიზანიც საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. კვირეული 24 ოქტომბერს სტუდენტებთან შეხვედრით გაიხსნა, 25 ოქტომბერს კი მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა. 26 ოქტომბერს ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან ბავშვების დაცვისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა, 27 ოქტომბერს კი მედიააკადემიაში სტარტაპერებისთვის კიბერუსაფრთხოების თემაზე მედიალაბისა და სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება ჩატარდა

მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული შემაჯამებელი კონფერენციით დაიხურა