გზამკვლევი მასწავლებლებისთვის - როგორ ჩავრთოთ ფილმები საგაკვეთილო პროცესში
10 ოქტ. 2022
2614 ნახვა

მედიატექსტის კითხვასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარები შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც მედიაწიგნიერების პრეამბულა. ერთ-ერთი გავრცელებული ვიზუალური მედიის სახეობა კი ზუსტად ფილმებია. ფილმების ანალიზის მეთოდი (MAIA) უკვე წლებია გამოიყენება დასავლეთის ქვეყნების საზოგადოებაში სწავლების პროცესში. ეს მეთოდი საკმაოდ მარტივია.

ფილმი არის მოძრავი სურათებისგან შემდგარი აუდიო-ვიზუალური სტიმული. მოძრავი სურათები არის მნიშვნელოვანი გამაშუალებელი იდეების კომუნიკაციისთვის. ფილმებს შეუძლიათ სხვადასხვა გზით მოახდინონ გავლენა საზოგადოების დამოკიდებულებებსა და აზროვნებაზე. ეს გავლენა შესაძლებელია იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითიც. დღეს უკვე მრავლად შევხვდებით ფილმების მეშვეობით სხვადასხვა იმპლიციტური (ქვეცნობიერი) გზავნილების გავრცელებას. შესაბამისად, ფილმის სწორი გააზრება, შერჩევა და სასწავლო პროცესში მისი ადეკვატურად გამოყენება, დღითიდღე უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

ფილმი ეხმარება მოზარდს:

-  განივითაროს კრიტიკული, ლოგიკური და შემოქმედებითი აზროვნება

- შეიძინოს ცოდნა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით

-   გაიღრმაოს ინტერესები სხვადასხვა მიმართულებით

- იდენტიფიკაცია გააკეთოს სწორ როლურ მოდელებთან

-    განივითაროს ემოციური ინტელექტი

აქვე ისმის კითხვა -  რა გზით შეიძლება ფილმის გამოყენება საგანმანათლებლო მიზნებისთვის? ძირითად შემთხვევაში, ფილმი ასოცირებულია გართობისა და განტვირთვის ინსტრუმენტთან. ბავშვები, განსაკუთრებით კი მოზარდები,  საათებს ატარებენ ფილმებისა და ანიმაციური ფილმების ყურებაში, რადგან მოზარდებს ფილმი აძლევთ სხვადასხვა პერსონაჟთან თვითიდენტიფიცირების საშუალებას.

მედიის გასაღები

საკლასო ოთახში ფილმის შემოტანა ცვლის სასწავლო გარემოს და ეს შესაძლებელია, უფრო ეფექტურიც აღმოჩნდეს, ვიდრე ტრადიციული მეთოდებით სწავლება.

საკმაოდ ბევრი მშობელი და მასწავლებელი გამოთქვამს უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვები დიდ დროს ატარებენ ეკრანთან, თუმცა ეკრანთან გატარებული დროის პროდუქტიულად გამოყენებაც შეიძლება.  იმისთვის, რომ ეს დრო პროდუქტიულად იყოს გამოყენებული, მნიშვნელოვანიამოზარდისთვის სწორად შევარჩიოთ ფილმი.

ფილმის სწორად შერჩევა მოიცავს როგორც შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის ფილმის შერჩევას, ასევე ფილმის დადებითი შინაარსისა და სადისკუსიო საკითხების შესახებ ინფორმაციის მოძიებას.

ზუსტად ამას გვთავაზობს კომუნიკაციების კომისიის მიერ ინიცირებული ახალი პროექტი - მედიის გასაღები. მედიის გასაღები ფინური ონლაინ სერვისის -  MEDIA AVAIN მაგალითზე შექმნილი სარეიტინგო პლატფორმაა მშობლებისთვის, მასწავლებლებისა და მოზარდებისთვის, რომელიც ეხმარება ახალგაზრდა მაყურებლებსა და ზრდასრულებს, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შეარჩიონ შესაბამისი მხატვრული ფილმი ან ანიმაცია და გაეცნონ ფილმის შესახებ ინფორმაციასა და საინტერესო ფაქტებს.

პროექტის მთავარი მიზანია, ხაზი გაუსვას ფილმის დადებით შინაარსს, მომხმარებლებს დაეხმაროს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში და ხელი შეუწყოს მოზარდებში მედიაწიგნიერების უნარების, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარებას. პლატფორმა ეხმარება მასწავლებლებს ფილმებისა და აუდიო-ვიზუალური წიგნიერების სასწავლო პროცესში ინტეგრირებაში.

მედიის გასაღები მოზარდებს  ფილმის უარყოფითი ზეგავლენისგან იცავს - ერთი მხრივ, თავად მშობელს, ან მასწავლებელს ექმნება შესაძლებლობა შეარჩიოს  შესაფერისი ფილმი ახალგაზრდა მაყურებლებისათვის, მეორე მხრივ კი, თავად მოზარდებიც შეძლებენ აირჩიონ მათთვის საინტერესო პროდუქტი.

პლატფორმაზე მოცემულია ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ არის ფილმების რეკლამებსა და ასაკობრივ შეზღუდვებში ასახული. დაინტერესებული მომხმარებელი შესაძლებელია გაეცნოს ფილმის შესახებ მოკლე ინფორმაციას, საინტერესო ფაქტებს, ფილმის დადებით შინაარსსა და სადისკუსიო კითხვებს.

ვებ-გვერდზე განთავსებულია როგორც ქართული, ისე უცხოური ფილმების ჩამონათვალი და მათი შეფასებები, რომელიც საინტერესოა არა მხოლოდ ახალგაზრდა მაყურებლისთვის, არამედ ყველა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლისათვის. ფილმის შეფასებასა და სადისკუსიო კითხვების მომზადებაში ჩართულნი იყვნენ პროფესიონალი ფსიქოლოგები, კინომცოდნე და რეჟისორი. ასაკობრივი შეზღუდვები მოცემულია ფილმების კლასიფიკაციის ბრიტანული საბჭოს (BBFC) შეფასების სისტემაზე დაყრდნობით.

ფილმებით სწავლების პროცესი

სწავლების პროცესი შესაძლებელია კონცენტრირდეს მედიაწიგნიერების განვითარების სხვადასხვა მიმართულებაზე.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეებთან ერთად უყურებთ შესაბამის ფილმს, ჩამოთვალეთ ფილმის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც შესაძლოა დამაბნეველი იყოს ახალგაზრდა მაყურებლისთვის.

ფილმის ყურების შემდეგ ისაუბრეთ ამ თემებზე. თქვენ შეგიძლიათ დასვათ კითხვები, ან დაიხმაროთ სტატიები და კვლევითი ნაშრომები.  

მედიაწიგნიერება დაკავშირებულია ყველა ტექნიკურ, კოგნიტურ, სამოქალაქო და შემოქმედებით შესაძლებლობასთან, რომელიც უზრუნველყოფს მედიის ხელმისაწვდომობას, მის კრიტიკულ გააზრებასა და მასთან ინტერაქციას. ეს შესაძლებლობები  გვაძლევს   კრიტიკული   აზროვნების   და   პარალელურად, საზოგადოების    ეკონომიკურ,    სოციალურ    და     კულტურულ    ასპექტებში მონაწილეობის,  დემოკრატიულ  პროცესებში  აქტიური  როლის  შესრულების საშუალებას. იმისთვის, რომ აღნიშნული უნარი და კომპეტენციები განვითარდეს, მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიმართულებაზე კონცენტრირება, რის შესანიშნავ საშუალებასაც გვაძლევს ზუსტად ფილმების გამოყენება. აღნიშნული გზამკვლევი შეეცდება მიმოიხილოს რამდენიმე მათგანი.

სწავლება მედიაზე:

ფილმის გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარების მიზნით, ან ისტორიის სწავლების პროცესში, არამედ მისი გამოყენება არის შესაძლებელი მედიაწიგნიერების კომპეტენციების სხვადასხვა მიმართულებით განვითარებისთვის.

მედიაწიგნიერების მიმართულების სწავლების კონტექსტში ძირითადი კონცენტრაცია კეთდება მედიით სწავლების ფენომენზე, თუმცა კომპეტენციების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვიზუალური სტიმულების გამოყენება სწავლების პროცესში, არამედ აუდიო-ვიზუალური სტიმულების შექმნის სწავლებაც. მედიაწიგნიერების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მედიის შესახებ სწავლებაც.

მედიის შესახებ სწავლებისთვის ფილმის გამოყენება, არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა, რადგან მოსწავლეებისთვის სახალისო და სასიამოვნოა მათთვის საყვარელი ფილმების მაგალითზე დამატებითი ინფორმაციის მოძიება და სწავლა.

საკლასო ოთახში ფილმის ყურების დასრულების შემდგომ,  შეგვიძლია მოსწავლეს დავუსვათ სხვადასხვა კითხვა:

მარკეტინგი:

ფილმი  ბევრი მარკეტინგული კომპანიის მიერ, კომერციული მიზნებისთვის გამოიყენება. ფილმში ფარულად მოცემული მარკეტინგული და სარეკლამო გზავნილები გავლენას ახდენს მაყურებელზე ქვეცნობიერად, კონკრეტული პროდუქტის არჩევისას. აუხსენით მოსწავლეებს, როგორ ხდება რეკლამის გამოყენება ფილმებში და სთხოვეთ გაიხსენონ კონკრეტული მაგალითები.

კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარება:

გაკვეთილის ფარგლებში, ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა კრიტიკული და დამაფიქრებელი კითხვები, რათა მოსწავლეები დაფიქრდნენ ფილმის მნიშვნელობაზე უშუალოდ მათ და საზოგადოების ცხოვრებაში. მაგალითად:

-  რატომ არის ფილმი პოპულარული მთელს მსოფლიოში?

- როგორ არის შესაძლებელი ფილმის გამოყენება სხვადასხვა მიზნისთვის: მარკეტინგი, პროპაგანდა, ზეგავლენის მოხდენა და სხვა?

- რომელია თქვენი საყვარელი ფილმი? თქვენი აზრით, რატომ არის ეს ფილმი თქვენი საყვარელი? რომელი მთავარი გზავნილები არის მოცემული თქვენს საყვარელ ფილმში?

ხელი შეუწყვეთ დისკუსიას და კლასის სხვა მოსწავლეებსაც ჰკითხეთ, ეთანხმებიან თუ არა გაჟღერებულ მოსაზრებებს და რატომ.

ფილმების გამოყენება სხვადასხვა საგანში:

გავრცელებულია მოსაზრება, რომ ფილმის გამოყენება სწავლების პროცესში შეუძლია მხოლოდ კონკრეტული საგნების მასწავლებლებს, თუმცა ეს არ არის რეალობა. ფილმის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დისციპლინის მასწავლებლის მიერ.