კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა და მოზარდებში კრიტიკული აზროვნების განვითარების მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა.
მედიაწიგნიერებისადმი მიძღვნილი დღის ფარგლებში, მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად იმსჯელეს ყალბი ინფორმაციისა და მისი მავნე ზეგავლენის შესახებ. ამასთან ერთად, ComCom-ის მიერ მიწოდებული საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით და მოზარდების ჩართულობით, ჩატარდა ისეთი შემეცნებითი აქტივობები, როგორიც საინფორმაციო ბანერებისა და ვიდეოების მომზადება, ჯგუფური დავალებები, კინოჩვენებები, დისკუსია და სიმულაციური თამაშები იყო.
ზოგიერთ სკოლაში, მოსწავლეებმა გუნდურად მოამზადეს პრეზენტაცია და პოდკასტები მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. ამასთან ერთად, მოაწყვეს პოსტერების გამოფენა ყალბი ინფორმაციის გავლენისა და მისი აღმოჩენის ხერხების შესახებ. ცალკეულ სკოლებში, მედიაწიგნიერების თემატიკაზე მოიხატა სკოლის ეზოები.
2023 წლის მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული 24 ოქტომბერს, ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების მიზნით, მასწავლებლებთან შეხვედრით დაიწყო, რის შემდეგაც, სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა. გარდა ამისა, კვირეულის მანძილზე, დაგეგმილია “გამარჯობა რუბის” ავტორის და ევროკომისიის მიერ ციფრულ ელჩად აღიარებული ლინდა ლიუკასის შეხვედრები პედაგოგებთან და მშობლებთან, ასევე, მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი ახალგაზრდებისთვის და მედიაწიგნიერების საერთაშორისო ექსპერტისა და პროფესორის, რენე ჰობსის საჯარო ლექცია სტუდენტებისთვის. კვირეული 31 ოქტობერს, შემაჯამებელი კონფერენციით დაიხურება, რომლის ფარგლებშიც, კომუნიკაციების კომისია საერთაშორისო ექსპერტებს ჩამოიყვანს და მათი მონაწილეობით, პანელურ დისკუსიებს გამართავს.
შეგახსენებთ, მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული 2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება და მასწავლებლებში, მოსწავლეებში, მშობლებსა და სტუდენტებში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
მეტი ამ კატეგორიიდან
მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა
27 დღის წინ
ComCom-ის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში“ 500-ზე მეტი საკონკურსო ნაშრომი შემოვიდა
34 დღის წინ
ComCom-ი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის “მედიაწიგნიერების ოლიმპიადას” აცხადებს
66 დღის წინ
რენე ჰობსი: „საქართველომ წინ წაიწია მედიაწიგნიერების კუთხით“
353 დღის წინ