5 ცნება ციფრული მედიის შესახებ
14 ნოე. 2023
946 ნახვა

სოციალური მედიის წყალობით, ჩვენ აღარ ვართ მხოლოდ პასიური მედიამომხმარებლები. არამედ, თითოული ჩვენგანი მედიაშინაარსის შემქმნელად და გამავრცელებლად ვიქეცით. ამდენად, იმისათვის, რომ კრიტიკულად შევაფასოთ ჩვენ მიერ შექმნილი და მოხმარებული მედიაშეტყობინებები, საჭიროა კრიტიკული დამოკიდებულების ჩამოყალიბება ციფრული მედიის მიმართ, რომელიც შემდეგ 5 ცნებას ეფუძნება:

ცნება 1. ყველა მედიაშეტყობინებაკონსტრუირებულია

მიუხედავად ჩვენი რწმენისა, რომ მედიაპროდუქტი რეალურ სამყაროს ზუსტად, ობიექტურად და მიუკერძოებლად ასახავს, მის უკან მედიის წარმომადგენელთა გადაწყვეტილებები და პირადი მოსაზრებები დგას. შედეგად, მედიაპროდუქტი არასოდეს არის რეალობის ზუსტი წარმოდგენა - ყველაზე ობიექტურმა ჟურნალისტმა ან ოპერატორმაც კი უნდა გადაწყვიტოს რა კადრები გამოიყენოს, რა რაკურსით გადაიღოს, ვის სთხოვოს კომენტარის გაკეთება და .. სწორედ ამიტომაც, მნიშვნელოვანია კრიტიკული კითხვების დასმა და სხვადასხვა წყაროს გადამოწმება იმ რეალობის შესახებ, რომელსაც მედია გვიჩვენებს.

ცნება 2. მედიაშეტყობინებები ახდენენ ჩვენი შეხედულებების ფორმირებას

მედია პასუხისმგებელია იმ დაკვირვებებისა და გამოცდილებების უმეტესობაზე, რომელთა მიხედვითაც შევიმეცნებთ სამყაროს. რეალობის შესახებ ჩვენი შეხედულებების დიდი ნაწილი ეფუძნება მედიის მიერ წარმოდგენილ შეტყობინებებს, დამოკიდებულებებს, ინტერპრეტაციებსა და დასკვნებს. შედეგად, ჩვენ მიერ გაზიარებული მოსაზრებები, სტატიები, ფოტო თუ ვიდეო, ხშირად, სწორედ პოპულარულ ტენდენციებსა და მიღებულ ნორმებს ასახავს და არა ჩვენს რეალურ განწყობასა და ცხოვრების წესს.

ცნება 3. სხვადასხვა აუდიტორია განსხვავებულად აღიქვამს ერთსა და იმავე შეტყობინებას

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი აუდიტორიის მრავალფეროვნების გაცნობიერება. ხშირად, გვავიწყდება, რომ ონლაინ შინაარსს ადვილად შეუძლია გასცდეს ჩვენს მიზნობრივ აუდიტორიას, მაშინაც კი, თუ მხოლოდ პირადი კომუნიკაციით შემოვიფარგლებით. ასევე, გვავიწყდება, რომ ის, რაც საზოგადოების ერთი ნაწილისთვის სასაცილო ან მისაღებია, მეორესთვის, შესაძლოა, მტკივნეული და გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვათ საკამათო ან არაპოპულარული მოსაზრებების გასაჯაროებაზე. თუმცა, უნდა გავითვალისწიოთ მრავალფეროვანი აუდიტორიის ფაქტორი და დავფიქრდეთ იმ შესაძლო ინტერპრეტაციებსა და შედეგებზე, რომლებიც ჩვენ მიერ გაზიარებულ ინფორმაციას შეიძლება მოჰყვეს.

ცნება 4. მედიაშეტყობინებებს აქვთ კომერციული, სოციალური ან პოლიტიკური მიზნები

მედიაწიგნიერების მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა იმის შესახებ, თუ რა კომერციული, სოციალური და პოლიტიკური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მედიაშეტყობინებებს და როგორ აისახება მედიაშემქმნელის ინტერესი გავრცელებულ შინაარსზე. მედიაც ბიზნესია და, ამიტომ, მოგებაზეა ორიენტირებული. დღესდღეობით, სოციალური ქსელების წყალობით, მნიშვნელოვნად გაფართოვდა მედიაშემქმნელთა არეალი და თითოული ჩვენგანი ინფორმაციის გამავრცელებლად იქცა. შესაბამისად, გართულდა ამა თუ იმ მედიაშეტყობინების განზრახვისა და ავთენტურობის გაფილტვრა. ამდენად, გაიზარდა ჩვენი პასუხისმგებლობა, შევქმნათ და გავავრცელოთ სანდო და მიუკერძოებელი ინფორმაცია.

ცნება 5. ციფრული მედია გავლენას ახდენს რეალურ ცხოვრებაზე

ციფრული მედია ინტერაქტიულია - ჩვენ არ ვართ მხოლოდ პასიური მაყურებლები, არამედ, ყოველთვის შეგვიძლია მონაწილეობის მიღება ჩვენ ირგვლივ მიმდინარე პროცესებში. შესაბამისად, ჩვენი ქმედება რეალურ გავლენას ახდენს სხვა ადამიანებზე. ციფრული ინტერაქციისათვის დამახასიათებელმა ანონიმურობის განცდამ და ჩვენი სამიზნე აუდიტორიის გამომეტყველებისა თუ ხმის ტემბრის აღქმის შესაძლებლობის ნაკლებობამ, შესაძლოა, ემპათიურობის უნარი დაგვაკარგვინოს.  ამიტომ, მნიშვნელოვანია, მუდმივად ვიფიქროთ, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენს თითოულ სიტყვას სხვა ადამიანთა ემოციებსა და გრძნობებზე.

მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში მედიაგარემო რადიკალურად შეიცვალა, ინფორმაციის შეფასების კრიტერიუმები არ შეცვლილა. კრიტიკულობის ობიექტივი, რომელიც მედიის შემქმნელებსა და გამავრცელებლებს პასუხისმგებლობას აკისრებს, ნებისმიერი წყაროს მიმართ უნდა გამოვიყენოთ.

წყარო: https://mediasmarts.ca/digital-media-literacy/general-information/digital-media-literacy-fundamentals/key-concepts-digital-media%C2%A0literacy