ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) სრულიად გარდაქმნა ჩვენი ცხოვრებისა და მუშაობის წესი და, ამ მხრივ, არც განათლების სფეროა გამონაკლისი. ბოლო წლების განმავლობაში, ხელოვნური ინტელექტი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად, ისევე, როგორც ინკლუზიური სწავლების ხელშესაწყობად, მძლავრ ინსტრუმენტად იქცა. აღნიშნული სტატია ეფუძნება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) სახელმძღვანელოს განათლებასა და კვლევით საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ და მიმოიხილავს მის ძლიერ და სუსტ მხარეებს.
AI-ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული გამოყენება განათლებაში არის პერსონალიზებული სწავლება. მოსწავლეთა მუშაობისა და ქცევის შესახებ მონაცემების ანალიზით, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები ინდივიდუალურ სასწავლო საჭიროებებს განსაზღვრავენ და კონკრეტულ მოსწავლეზე მორგებულ რეკომენდაციებს ავითარებენ. მაგალითად, AI-ზე მომუშავე სასწავლო სისტემები თითოული ადამიანის სწავლის ტემპსა და სტილს ერგებიან და შესაბამის უკუკავშირსა და მხარდაჭერას რეალურ დროში უზრუნველყოფენ. შედეგად, სასწავლო პროცესი ხდება უფრო ეფექტური, მოსწავლეები კი - მოტივირებულნი.
კიდევ ერთი სფერო, სადაც AI დიდ გავლენას ახდენს, არის ახალი საგანმანათლებლო რესურსებისა და ინსტრუმენტების განვითარება. მაგალითად, AI-ზე მომუშავე ჩეთბოტებს შეუძლიათ, მოსწავლეების კითხვებს მყისიერად უპასუხონ და, შესაბამისად, მათ რთულ საკითხებში ნავიგაციაში ეხმარებიან. ასევე, AI-ს გამოყენებით, მასწავლებლებს უფრო სწრაფად და ეფექტურად შეუძლიათ საგანმანათლებლო მასალების შექმნა, ისეთი ამოცანების ავტომატიზაციის გზით, როგორებიცაა სამაგიდო კვლევა, წერა და რედაქტირება. დაზოგილი დროისა და ძალისხმევის ხარჯზე კი, მეტი ყურადღება ეთმობა სწავლების შემოქმედებით და ინოვაციურ მხარეებს.
ასევე, AI გამოიყენება ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის მთარგმნელობითი ინსტრუმენტები გვეხმარება ენობრივი ბარიერების მოხსნაში და საგანმანათლებლო მასალებს სხვადასხვა ენობრივი ჯგუფების მოსწავლეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის. ანალოგიურად, ხელოვნური ინტელექტი ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს, გაეცნონ საგანმანათლებლო მასალას და ჩაერთონ საკლასო აქტივობებში. შესაბამისად, მაღალი ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობით, AI ყველა მოსწავლეს აძლევს წარმატების მიღწევის შესაძლებლობას.
AI-ს გამოყენება განათლებაში გარკვეულ გამოწვევებსა და ეთიკურ დილემებთანაც არის დაკავშირებული. ერთ-ერთი ასეთი რისკია, ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით მომუშავე სისტემების მიერ მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფების მიმართ სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციის გამყარება, რაც არსებულ უთანასწორობას კიდევ უფრო გაზრდის. მაგალითად, თუ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი სწავლის სხვადასხვა სტილსა ან კულტურულ თავისებურებაზე არ არის მორგებული, შესაძლოა, ზოგიერთი მოსწავლე არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდეს.
კრიტიკის კიდევ ერთი საფუძველია შიში იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი მასწავლებლებს ჩაანაცვლებს და განათლების ადამიანურ ელემენტს გააქრობს. ამის პასუხად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად AI-ს მრავალმხრივი განვითარებისა, ის ვერ ჩაანაცვლებს შემოქმედებითობის, თანაგრძნობისა და კრიტიკული აზროვნების უნარებს, რომლებიც მასწავლებლებს შემოაქვთ სასწავლო პროცესში.
ასევე, საკამათო თემაა მოსწავლეთა მონაცემების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების საკითხი. ხელოვნური ინტელექტის მქონე სისტემები აგროვებენ და აანალიზებენ დიდი რაოდენობით მონაცემებს სტუდენტის მუშაობისა და ქცევის შესახებ, რაც დაცული უნდა იყოს არაავტორიზებული წვდომისგან ან ბოროტად გამოყენებისგან. უფრო მეტიც, სტუდენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება მათი მონაცემები. ხელოვნური ინტელექტის ზოგიერთი კრიტიკოსი იმასაც ამტკიცებს, რომ AI სისტემები სტუდენტების კონტროლისთვის ან გარკვეული ღირებულებებისა და იდეოლოგიების პოპულარიზაციისთვის შეიძლება გამოიყენონ.
ამ გამოწვევების გადასაჭრელად, მნიშვნელოვანია, AI-ს გამოყენების სახელმძღვანელო პრინციპებისა და პრაქტიკის შემუშავება. ეს პრინციპები უნდა ეხებოდეს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მიკერძოება, კონფიდენციალურობა, უსაფრთხოება და გამჭვირვალობა და უნდა შემუშავდეს მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციით. შედეგად კი, AI-ს განათლებაში ინტეგრირებამ ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობისა და თანაგრძნობის განვითარებას, საბოლოოდ კი, საზოგადოების წინსვლას.
წყარო: გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია. (2023). განათლებასა და კვლევაში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სახელმძღვანელო.